ავტორი: ნეიტ ოსტილერი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 15 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე მწვავედ გააკრიტიკა ევროპარლამენტი და მას „კორუმპირებული პირების ბუდე“ უწოდა. მისი თქმით, ევროპარლამენტი „ისლამოფობებისგან შედგება“ და „ყოველთვის სომხეთს უჭერდა მხარს“.
ალიევმა ეს განცხადებები ისლამისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, თურქული სამყაროს სხვადასხვა რელიგიურ ლიდერთან შეხვედრისას გააკეთა. ეს იყო ბაქოს მხრიდან დასავლეთის სულ უფრო მწვავე კრიტიკის მორიგი ეპიზოდი – ასე ალიევი დასავლეთის მხრიდან კრიტიკას პასუხობს.
2026 წლის დასაწყისში აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა გაწყვიტა – ევროპარლამენტმა სომხეთის შესახებ მრავალპუნქტიანი რეზოლუცია მიიღო, რომელიც მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ დებულებებსაც მოიცავდა.
ბაქოს გამკაცრებული რიტორიკა ემთხვევა პერიოდს, როცა, ერთი მხრივ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი პერიოდი დადგა, ხოლო მეორე მხრივ, აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობები გაღრმავდა.
გამოსვლისას ალიევმა სომხეთიც გააკრიტიკა და განსაკუთრებული ყურადღება მთიანი ყარაბაღის პირველი ომის პერიოდზე გაამახვილა. მისი თქმით, კონფლიქტის დროს სომხური ძალების მიერ ისლამური მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება „არა მხოლოდ ჩვენი და ჩვენი ხალხის, არამედ მთელი ისლამური სამყაროს შეურაცხყოფა იყო“.
„ეს არის სომხეთის სახელმწიფოს ნამდვილი სახე. ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და არც დავივიწყებთ. დიახ, დღეს მშვიდობაა და ომი დასრულებულია. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ხანგრძლივი იქნება. თუმცა, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჩვენსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს“, – თქვა ილჰამ ალიევმა.
მისივე თქმით, „სომხეთისგან განსხვავებით“, აზერბაიჯანს „არასდროს უწარმოებია ომი უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“. თუმცა, კონფლიქტის თითქმის 30 წლის განმავლობაში არსებობს ორივე მხარის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმების მრავალი მტკიცებულება.
ალიევმა ასევე ისაუბრა სომეხ პატიმრებზე, რომლებიც აზერბაიჯანში არიან დაპატიმრებული. „სეპარატისტი ლიდერები, ომის დამნაშავეები და ისინი, ვინც ბავშვების მკვლელობაზე არიან პასუხისმგებელი, დღეს სასჯელს აზერბაიჯანის ციხეებში იხდიან. ესეც სამართლიანობის გამარჯვებაა“, – თქვა მან.
კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილის მიერ მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის შესახებ გაკეთებულ კომენტარზე ხანგრძლივი პასუხისას ალიევმა ევროპარლამენტიც გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროპარლამენტი „ყოველთვის სომხეთს უჭერდა მხარს“. შემდეგ მან გააკრიტიკა ევროსაბჭო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) და ზოგადად დასავლური მედია.
ევროპარლამენტის ალიევმა „კორუმპირებული პირების ბუდე“ უწოდა და „ქატარგეითის“ (Qatargate) კორუფციული სკანდალი გაიხსენა, რომელშიც ბერძენი ევროპარლამენტარი ევა კაილი და სხვა პირები ფიგურირებდნენ.
მან მიანიშნა, სკანდალი იმ „გამოუცხადებელი ომის“ ნაწილია, რომელიც, მისი თქმით, მათი „რელიგიისა და ისლამური სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარეობს, ხოლო ისლამოფობია ამის მხოლოდ მცირე ნაწილია“.
სკანდალი, რომელიც ევროკავშირში კატარისა და მაროკოს მხრიდან გავლენის ყიდვის მცდელობების გამოძიებას მოჰყვა, მალევე გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც თვითონ აზერბაიჯანი გახდა მსგავსი, „აზერბაიჯანული სამრეცხაოს“ სახელით ცნობილი სკანდალის მონაწილე. საქმე, რომელიც 2017 წელს გახმაურდა, ეხებოდა მილიარდობით დოლარს, რომელიც ბაქომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მაღალჩინოსნების მოსყიდვაზე დახარჯა, რათა გავლენა მოეპოვებინა და აზერბაიჯანის იმიჯი გაეუმჯობესებინა. თანხის მიმღებებს შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს წევრებიც იყვნენ.
ალიევმა დასავლეთის წინააღმდეგ სხვა ბრალდებებიც წამოაყენა და განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის წინააღმდეგ „ბინძურ დასავლურ მედიაკამპანიას“ აწარმოებს. მისი განცხადებები ეხმიანებოდა აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტოს მიერ სექტემბრის დასაწყისში გაკეთებულ ბრალდებებსაც. სააგენტომ მაშინ „დასავლური მედია“ აზერბაიჯანის წინააღმდეგ „ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანიის“ წარმოებაში დაადანაშაულა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.