რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩენი საველე მეთაური ლვივში, სავარაუდოდ, მოკლეს

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვივში მოკლეს ხავაჟი ამაევი, ცნობილი საბრძოლო მეტსახელებით: „ზუმსო“, „ზუმსო შიშანი“, „აბუ-დაუდი“ და „აბუ-ტაური“. 46 წლის ამაევი ჩეჩნეთის იტუმ-კალის რაიონში დაიბადა და ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ჩეჩნური შეიარაღებული იატაკქვეშეთის საველე მეთაური იყო. ბოლო პერიოდში ის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა ამაევის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 14 სექტემბერს გაავრცელეს უსაფრთხოების სამსახურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. სამთავრობო გამოცემა TASS-ის ცნობით, მას ჰქონდა „ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის პოლკოვნიკის“ წოდება და უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (HUR) ერთ-ერთ დანაყოფში მსახურობდა.

იყო თუ არა ამაევი უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოსა თანამშრომელი ან სამხედრო მოსამსახურე იყო თუ არა, ოფიციალურად დადასტურებული არ არის. თუმცა, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 2024 წელს ის იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკე სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო. ეს დანაყოფი უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში იბრძვის. 2022 წელს მიცემულ ინტერვიუში ამაევმა დაადასტურა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისთვის მებრძოლების მომზადებაში მონაწილეობდა.

დამოუკიდებელი რუსული მედია RTVI-ის ინფორმაციით, ამაევის ცხედარი ლვოვში, ერთ-ერთ ბინაში იპოვეს. მას მუცლის არეში დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა. RTVI-ის ცნობით, გარემოებების მიხედვით, თავდასხმა მოულოდნელი უნდა ყოფილიყო – ამაევს ხელში თამბაქოს ჩიბუხი ეჭირა.

RTVI-ის ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. წინასწარი ცნობებით, ის ამაევთან ერთად ცხოვრობდა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

ამავდროულად, TASS-მა წყაროზე დარყდნობით, რომელიც რუსულ სამართალდამცავ ორგანოს წარმოადგენს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამაევი შესაძლოა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს „HUR-თან კონფლიქტის ფარგლებში“. კიდევ ერთმა სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-მ მსგავსი ვერსია მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე გაავრცელა. ამ ვერსიას უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს ოფიციალურად არ ადასტურებენ.

მკვლელობა მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და HUR-ის თანამშრომლებს შორის სროლა იყო. რუსული მედიის ცნობით, 2 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად HUR-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

TASS-ის მიერ ინფორმაციის გავრცელების წინა დღეს პროსამთავრობო რუსულმა გამოცემამ „არგუმენტი და ფაქტები“ რუს სამხედრო კორესპონდენტ იური კოტენოკზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „რუსულმა ძალებმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაქირავებული მებრძოლი, პოლკოვნიკი ხავაჟ ამაევი, მეტსახელად „ზუსმო“ გაანადგურეს“. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინია.

ვინ იყო ხავაჟი ამაევი?

ამაევი დაიბადა ჩეჩნეთის იტუმ-კალეს რაიონში და ეკუთვნოდა ზუმსოის ტეიპს (ტრადიციული ჩეჩნური კლანი, რომლის წევრებიც თავიანთ წარმოშობას საერთო წინაპრიდან ითვლიან). მან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მეშვიდე პირველი ჩეჩნეთის ომის დროს დაიწყო.

ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ამაევი ჩეჩნეთის შეიარაღებული იატაკქვეშეთის მხარეს, დასავლეთის ფრონტის შემადგენლობაში დოკუ უმაროვის ხელმძღვანელობით იბრძოდა. მოგვიანებით ამაევი თვითგამოცხადებული იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის მეთაური გახდა.

2006 წლიდან ამაევი რუსეთის ფედერალურ ძებნაში იმყოფებოდა.

მეორე ჩეჩნეთის ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ ამაევი იატაკქვეშეთში დარჩა. მისი დანაყოფი ჩეჩნეთში 2012 წლამდე განაგრძობდა მოქმედებას. ამის შემდეგ ის ჯერ საქართველოში გადავიდა, მოგვიანებით კი, თურქეთის გავლით – სირიაში.

სირიაში ამაევი შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდა ყოფილი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის ძალების წინააღმდეგ. ასადის ძალებს რუსეთი უჭერდა მხარს.

2014 წელს ამაევმა ჩაწერა მიმართვა და ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს მიმართა. მან თქვა, რომ ჩეჩნეთში დაბრუნებას და შეიარაღებული ბრძოლის გაგრძელებას გეგმავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამაევმა სირია ზღვით დატოვა, ის საბერძნეთის მესაზღვრეებმა დააკავეს. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაახლოებით ორი წელი საბერძნეთის ციხეში გაატარა. პატიმრობის პერიოდში ამაევმა შიმშილობა გამოაცხადა და რუსეთში მისი შესაძლო ექსტრადირება გააპროტესტა. ექსტრადირება არ განხორციელდა, ვინაიდან საქმეში ევროპული სამართალდამცავი ორგანიზაციები ჩაერივნენ.

2016 წელს ამაევი ვარშავის მოთხოვნით პოლონეთში გადაიყვანეს, სადაც მისი ოჯახის რამდენიმე წევრი, მათ შორის ცოლი იმყოფებოდა. მოგვიანებით ამაევმა პოლონეთში ლტოლვილის სტატუსი მიიღო და განაცხადა, რომ მისი ნათესავები გერმანიაში გადავიდნენ.

ამ პერიოდში ის კვლავ რჩებოდა ძებნილთა სიაში, მათ შორის ინტერპოლის ბაზაში. 2022 წლის სექტემბერში ევროპული ჩეჩნური უფლებადამცველი ასოციაცია Vayfond-ის იურისტებმა მისი მონაცემების ძებნილთა ბაზიდან ამოღება შეძლეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ ამაევი უკრაინაში გაემგზავრა. 2022 წელს ის შეუერთდა შეიხ მანსურის ბატალიონს, მოგვიანებით კი OBON-ის მეთაურის მოადგილე გახდა. 2024 წელს „რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ ამაევი სადაზვერვო და დივერსიული ოპერაციებისთვის ახალი ჯგუფის დაკომპლექტებას ცდილობდა. მისი დანაყოფი კვლავ ექვემდებარებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის თავდაცვის სამინისტროს და უკრაინაში ინტერნაციონალური ლეგიონის ნაწილი იყო.

ამაევის დანაყოფს ასევე უკავშირებდნენ უკრაინის მიერ რუსეთის კურსკის ოლქში განხორციელებული შეჭრის დროს საზღვარზე ჩატარებულ ოპერაციებს, თუმცა ამის ოფიციალური დასტური არ არსებობს.

2022 წელს კადიროვმა Telegram-ის არხზე თქვა, რომ მზად იყო, 1 მილიონი დოლარი გადაეხადა იმ ინფორმაციისთვის, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბატალიონებში მყოფი ჩეჩენი მეთაურების ადგილსამყოფელის დადგენას შეუწყობდა ხელს.

კადიროვი ასევე ირწმუნებოდა, რომ მარიუპოლის ალყის დროს „ახმატის“ მებრძოლები ჩეჩნური ფორმირებების ერთ-ერთი საველე მეთაურის დაკავებას ცდილობდნენ, თუმცა ის, მისი თქმით, „ქათამივით გაიქცა“ და, როგორც კადიროვი ამბობდა, „ლურჯი კაბა ეცვა“.

კადიროვს ამაევის სახელი არ უხსენებია, თუმცა ამაევი მარიუპოლისთვის ბრძოლაში მონაწილეობდა. მან ქალაქი იქამდე დატოვა, ვიდრე უკრაინის ძირითადი ფორმირებები ილიჩის სახელობის მეტალურგიულ ქარხანასა და „აზოვსტალში“ ალყაში მოექცეოდნენ.

ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ამაევის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას აგრძელებდა. 2022 წლის ოქტომბერში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერორისტული საქმიანობისთვის მომზადების ბრალდებით. 2026 წლის ივნისში კი ჩეჩნეთში მის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის საქმეც აღიძრა.

რუსეთის სახელმწიფო მედია ამაევსიჩქერიან ტერორისტად“ მოიხსენიებდა. რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკა ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული და რუსეთში ის და მასთან დაკავშირებული დანაყოფები აკრძალულია.

ახმედ ზაკაევს ამაევის დაღუპვასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, შეიხ მანსურის ბატალიონის ოფიციალურ გვერდზე ზუსმოს ხსოვნისადმი მიძღვნილი პოსტი გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ ამაევს კიევში დაკრძალავენ. შეიხ მანსურის ბატალიონს OС Media-ს კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

თუ ამაევის დაღუპვა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს მორიგი დადგმული ოპერაცია არ აღმოჩნდა, როგორც რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მეთაურის, დენის კაპუსტინის შემთხვევაში, როდესაც უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ რეალური მკვლელობის მცდელობის აღსაკვეთად მისი სიკვდილის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, ამაევი გახდება სულ მცირე მეშვიდე ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურებისას დაიღუპა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.