შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მემარცხენე ოპოზიციურმა ბლოკმა, რომელსაც მაგდალენა ანდერსონის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია ხელმძღვანელობს. ხმების დათვლა დღეს, 17 სექტემბერს დასრულდა.
დასავლური მედია წერს, რომ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ბლოკს რთული ბრძოლა ელის.
მემარცხენე ბლოკი 4 პარტიას აერთიანებს: „სოციალ-დემოკრატებს“, „მემარცხენე პარტიას“, „მწვანეთა პარტიასა“ და „ცენტრისტული პარტიას“. ბლოკს 349-ადგილიან პარლამენტში სამი მანდატით მეტი აქვს, ვიდრე უკვე გადამდგარი პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის „მემარჯვენე ალიანსს“, რომელშიც იმიგრაციის მოწინააღმდეგე „შვედეთის დემოკრატებიც“ (SD) შედიან. 10.6-მილიონიან ქვეყანაში არჩევნებში გამარჯვებულ და მეორე ადგილზე გასულ ძალებს შორის სხვაობა დაახლოებით 50 000 ხმა იყო.
„შვედი დემოკრატებმა“, რომელთა ისტორიული ფესვები ნეონაცისტურ და თეთრი რასის უპირატესობის მხარდამჭერ მოძრაობებთან არის დაკავშირებული, რამდენიმე საპარლამენტო მანდატი დაკარგეს – ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში ამ პარტიის მიერ მიღებული ხმების წილი შემცირდა.
Le Monde წერს, რომ ოპოზიციურ ბლოკში არსებული მნიშვნელოვანი იდეოლოგიური განსხვავებების ფონზე, ანდერსონის მოლაპარაკების უნარები გადამწყვეტი იქნება ოთხი პარტიის გაერთიანებისთვის. მოლაპარაკებები შეიძლება რამდენიმე კვირა გაიწელოს. 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებას 37 დღე დასჭირდა, თუმცა 2018 წელს პარტიებმა ამას 134 დღე მოანდომეს.
მაგდალენა ანდერსონს განსაკუთრებით რთული მოლაპარაკებები ელის სოციალისტურ „მემარცხენე პარტიასა“ და ლიბერალურ „ცენტრისტულ პარტიას“ შორის არსებული განსხვავებების გამო. „ცენტრისტულმა პარტიამ“ განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს მთავრობას, რომელშიც „მემარცხენე პარტიის“ წარმომადგენლები მინისტრის თანამდებობებს დაიკავებენ. თავის მხრივ, „მემარცხენე პარტია“ მთავრობაში მინისტრის პოსტის მიღებას ითხოვს.
მაგდალენა ანდერსონმა წარსულში გამორიცხა მთავრობის შექმნა „მემარცხენე პარტიის“ მონაწილეობით, თუმცა მას პარლამენტში ამ პარტიის მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება.