შვედეთის არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიცია ლიდერობს - ულტრამემარჯვენე ძალების გავლენა მცირდება

პუბლიკა

შვედეთის მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით, ძალაუფლებას მოიპოვებს. წინასწარი შედეგებით, ოპოზიციური ბლოკი მმართველ მემარჯვენე-ცენტრისტულ ძალებს მცირე უპირატესობით უსწრებს.

შვედეთის არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ სოციალ-დემოკრატების ლიდერ მაგდალენა ანდერსონის გარშემო გაერთიანებულმა მემარცხენე-ცენტრისტულმა ძალებმა 349-ადგილიან პარლამენტში შეიძლება 176 მანდატი მოიპოვონ. პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის მმართველ ბლოკს კი 173 ადგილი ერგება.

ოპოზიციის უპირატესობა, ძირითადად, ულტრამემარჯვენე „შვედი დემოკრატების“ მხარდაჭერის შემცირებამ განაპირობა. ეს პარტია ბოლო წლებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შვედეთის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაში და ქვეყანას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მიგრაციული რეჟიმისკენ უბიძგებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის მოსვლის შემთხვევაში საიმიგრაციო პოლიტიკა შესაძლოა გარკვეულწილად შერბილდეს, ანალიტიკოსები ნაკლებად ელიან, რომ შვედეთი ლიბერალური „ღია კარის“ პოლიტიკას დაუბრუნდება.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამომრჩევ ლებში იმიგრაციისა და დანაშაულის მასშტაბების გამო შეშფოთებაა.

„ვფიქრობ, შვედეთის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფართო ტენდენცია ძალაში დარჩება“, – ამბობს ცენტრალური შვედეთის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ნიკლას ბოულინი.

ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციას 176, ხოლო მმართველ კოალიციასა და მის მოკავშირე „შვედ დემოკრატებს“ 173 მანდატი აქვთ.

„თუ ეს შედეგი ძალაში დარჩება, შვედეთს ახალი მთავრობა ეყოლება“, – განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა კვირა საღამოს, მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

მოსალოდნელია, რომ მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის ფორმირების შემთხვევაში შვედეთი შეინარჩუნებს მკაფიოდ პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას და უკრაინის მხარდაჭერის კურსს.

საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხზე თავად სოციალ-დემოკრატებიც დღეს გაცილებით მკაცრ პოზიციას იკავებენ, ვიდრე 2010-იან წლებში, ლტოლვილთა კრიზისის დროს.

შვედეთის მოქმედმა ხელისუფლებამ ლტოლვილებისთვის მუდმივი ბინადრობის უფლების მიღების შესაძლებლობები შეზღუდა, გაამკაცრა სოციალური დახმარებების მიღების პირობები და გააძლიერა ქვეყნიდან გაძევების პოლიტიკა.

შედეგად, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდა დაქსაქსული მემარცხენე-ცენტრისტული ბანაკი და გაერთიანებული მემარჯვენე-ცენტრისტული ძალები. ამ უკანასკნელთა გეგმა ულტრამემარჯვენე „შვედი დემოკრატების“ მთავრობის კოალიციაში შეყვანასაც ითვალისწინებდა, რასაც ამომრჩეველთა ნაწილი ზედმეტ დათმობად მიიჩნევდა.

„შვედი დემოკრატები“, რომელთა ისტორიული ფესვები ნეონაცისტურ და თეთრი რასის უპირატესობის მხარდამჭერ მოძრაობებთან არის დაკავშირებული, წინასწარი პროგნოზებით, დაახლოებით 11 საპარლამენტო მანდატს კარგავენ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში ამ პარტიის მიერ მიღებული ხმების წილი შემცირდა.

ევროპის მასშტაბით ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერების ფონზე, რომელიც ტრადიციული პოლიტიკური პარტიების მიმართ იმედგაცრუებას, ცხოვრების გაძვირებასა და გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდება, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „შვედი დემოკრატების“ შედეგზე გავლენა ტაქტიკურმა ხმის მიცემამ განაპირობა და არა იმან, რომ მათი მხარდაჭერა მცირდება.

თავად „შვედი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა არჩევნებში მიღებული შედეგი ნაწილობრივ დაუკავშირეს უკმაყოფილებას, რომელიც ამომრჩევლებში პარტიის წარსულთან დაკავშირებით არსებობს.

„არსებობს ამომრჩეველთა ჯგუფი, რომელსაც შესაძლოა ჩვენი ბევრი პოლიტიკა მოსწონდეს, მაგრამ ემოციურად უჭირდეს ჩვენი მიღება“, – განაცხადა „შვედი დემოკრატების“ დეპუტატმა რიჩარდ იომშოფმა.

პარტია აცხადებს, რომ საკუთარი რიგებიდან ექსტრემისტები გარიცხა და წარსულში არსებულ შეხედულებებთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა.

თუმცა, საბოლოო შედეგები ჯერ უცნობია. პარტიების ლიდერები ჯერჯერობით ფრთხილობენ და არც გამარჯვებას აცხადებენ და არც დამარცხებას აღიარებენ.

დასათვლელია კიდევ 353 საარჩევნო უბნის შედეგები, ხოლო საზღვარგარეთ მიცემული ხმების დათვლა, სავარაუდოდ, 16 სექტემბრისთვის დასრულდება.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგაც რთული იქნება მთავრობის ფორმირება.

მაგდალენა ანდერსონი ამომრჩეველს სოციალურ უზრუნველყოფაზე დანახარჯების გაზრდას, უფრო სამართლიან საგადასახადო სისტემასა და სოციალურ ერთიანობაზე ორიენტირებას დაჰპირდა. „მწვანეებსა“ და „მემარცხენე პარტიას“ სურთ, მდიდრებმა მეტი გადასახადი გადაიხადონ, „ცენტრისტული პარტია“ კი მილიარდერების დაბეგვრის წინააღმდეგია. ამასთან, „ცენტრისტული პარტია“ უარს ამბობს „მემარცხენე პარტიასთან“ ერთად მთავრობაში ყოფნაზე, ანდერსონს კი ორივე მათგანის მხარდაჭერა სჭირდება.