გიორგი დავითაძის ოჯახი პენიტენციური სამსახურის დირექტორისა და N6 ციხის უფროსის გადადგომას მოითხოვს

პუბლიკა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

ოჯახი მოითხოვს, თანამდებობიდან გათავისუფლდეს როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, ისე რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე.

გარდა ამისა, ოჯახის მოთხოვნაა პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის ადამიანი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

„ვინაიდან საგამოძიებო ორგანოებზე ზეწოლას ახდენს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი პატარიძე მოვითხოვთ, რომ ის დაუყოვნებლივ გადაყენებული იქნას დაკავებული თანამდებობიდან.

ასევე, დაუყოვნებლივ გადაყენებული იქნას და ამდენ ხანს უნდა გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან ნომერ მეექვსე დაწესებულების უფროსი, შოთა ტრაპაიძე და ის ჯალათები, რომლებიც პირადად იღებდნენ მონაწილეობას ჩემი შვილის ღირსების შელახვაში.

მოვითხოვთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ ეთერს, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ სრული სიმართლე, თუ რა ხდება ციხეებში“, – ამბობს გიორგი დავითაძის მამა, ავთანდილ დავითაძე „პუბლიკასთან“ საუბარში.


2 ოქტომბერს რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ეს დეესკალაციის ოთახში მოხდა. დავითაძისვე განცხადებით, ამ დროს ბადრაგები მას ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი 4.5-წუთიანი ვიდეოკადრები, თუმცა ვიდეოს ხმა არ ახლავს.
უწყების განცხადებით, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებულს შემოწმება-დათვალიერება უტარდება, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების ვერსიით, ამის შემდეგ „დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს“, რაც სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით განხორციელდა.

პენიტენციურმა სამსახურმა დავითაძის განცხადებებს სიცრუე უწოდა, ხოლო პენიტენციური სამსახურის დირექტორმა, გიორგი პატარიძემ მე-6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, დავითაძის დაწესებულებაში შესახლების ვიდეოში „არათუ ღირსების შემლახავ ფაქტებს – ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი“.

დავითაძის დედის განცხადებით კი, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მომხდარს სრულად არ ასახავს. მისი თქმით, მასალა, რომელიც პროკურორმა ოჯახს აჩვენა, დაახლოებით 20 წუთის ხანგრძლივობისაა.

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობა 2025 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც იყო ინფორმირებული.

სახალხო დამცველის აპარატმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა პროკურატურას, რომელმაც აპარატის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

მოქმედმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, გავრცელებული ვიდეოკადრების შეფასებისას განაცხადა, რომ მასში „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რამე ტიპის ამსახველი მტკიცებულება“ ვერ ნახა.