პაატა სალია: გიორგი დავითაძის კადრები ძალადობის და დანაშაულის კვალს არ ადასტურებს

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას მტკიცებით, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის გასაჯაროებული კადრები „ძალადობის და დანაშაულის კვალს არ ადასტურებს“.

მან თქვა:

„ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არც ერთი საბოლოო ჯამში, არ დადასტურდა. ყოველ შემთხვევაში, უკვე წარმოჩენილი და გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა და რამე ძალადობის კვალი, მით უმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურდა.

ძალადობაზე საუბარი, სანამ არ დადგინდება გამოძიების მიერ, იყო თუ არა პროპორციული ძალა გამოყენებული…

როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, პენიტენციურ სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები“.

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გიორგი დავითაძემ რუსთავის N6 ციხის ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა. კერძოდ, „ტვ პირველმა“ სააპელაციო სასამართლოდან გაავრცელა პატიმარ გიორგი დავითაძის აუდიოჩანაწერი, რომელშიც მან თქვა, რომ ის „ბადრაგმა გააუპატიურა“ მას შემდეგ, რაც დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. დავითაძემ ასევე თქვა, რომ ბადრაგები ამ დროს აყენებდნენ მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები ხმის გარეშე. ვიდეო 4.5-წუთიანია.

პენიტენციური ირწმუნება, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, რაზეც „მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“. სწორედ ამიტომ, „დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა დავითაძის განცხადებას და მის მიერ გაუპატიურების აღწერისას ნათქვამს, ხოლო პენიტენციური სამსახურის დირექტორმა გიორგი პატარიძემ მადლობაც გადაუხადა „მე-6 პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს, ვინაიდან გიორგი დავითაძის შესახლების ვიდეოში არათუ ღირსების შემლახავ ფაქტებს – ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი”.

მსჯავრდადებულის დედამ თქვა, პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მომხდარს სრულად არ ასახავს და მასალა, რომელიც პროკურორმა აჩვენა, 20 წუთამდეა.

გიორგი დავითაძეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა 2025 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველიც იყო ინფორმირებული.

ომბუდსმენის აპარატის მიერ 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ბრალდების, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდების შესახებ აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა პროკურატურას და რომ უწყებამ მათი მიმართვის საფუძველზე გამოძიებაც დაიწყო.

თავად მოქმედმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ კადრებში „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რამე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა“.

ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დაწერა, რომ „პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს იმას, რასაც გიორგი დავითაძე ყვება, ვიდრე გამორიცხავს“.