ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
2026 წლის დასაწყისიდან დღემდე, სულ მცირე, 44 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა არასაბრძოლო ვითარებაში – გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა დაავადებებს, ავტოსაგზაო შემთხვევებსა და სხვა ინციდენტებს უკავშირდება. ამის შესახებ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „კასპიის თავდაცვის კვლევების ინსტიტუტის“ (CDSI) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.
5 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიში 1 იანვრიდან 4 ოქტომბრამდე დაფიქსირებულ შემთხვევებს მოიცავს. ამ დროისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში არასაბრძოლო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა გასული წლის დადასტურებულ მაჩვენებელს – 43-ს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები სამხედრო მოსამსახურეების არასაბრძოლო ვითარებაში გარდაცვალების შესახებ სრულ ოფიციალურ სტატისტიკას არ აქვეყნებენ.
ინსტიტუტის მონიტორინგის მიხედვით, 13 სამხედრო მოსამსახურე დაავადების შედეგად დაიღუპა, ცხრა – ავტოსაგზაო შემთხვევებში, შვიდი – სხვა სახის უბედური შემთხვევის შედეგად, ხუთმა თავი მოიკლა, ერთი კი დაუდევრობის შედეგად დაიღუპა. კიდევ ცხრა სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მიზეზი არ გასაჯაროებულა.
უბედურ შემთხვევებს შორის იყო დახრჩობის, ნახშირჟანგით მოწამვლის, მთიან ტერიტორიებზე და სიმაღლიდან ჩამოვარდნის, ასევე პარაშუტის გაუმართაობის შემთხვევები.
გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ივლისში დაფიქსირდა – დაიღუპა 11 სამხედრო მოსამსახურე.
დაღუპულთაგან 30 თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა, 10 – სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში. დანარჩენი ოთხი სამხედრო მოსამსახურე მსახურობდა შინაგან ჯარებში, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურში, საგანგებო სიტუაციების სამინისტროში და მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურის სახელმწიფო სამსახურში.
CDSI-ის განცხადებით, სულ მცირე რვა სამხედრო მოსამსახურე ასევე დაშავდა. მათგან ხუთი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავდა, ორი – ნაღმებთან დაკავშირებული ინციდენტების დროს, ერთს კი მთიან ტერიტორიაზე ფეხი აუსრიალდა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.