ავტორი: ასლან ბაირამოვი
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ნაღმების აფეთქების შედეგად 73 აზერბაიჯანელი დაიღუპა, 363 კი დაშავდა.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ გამოძიება ნაღმებთან დაკავშირებულ თითოეულ ინციდენტზე ტარდება და ყველა გარემოება დგინდება, მათ შორის აფეთქებების მიზეზები და პირობები.
14 აგვისტოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზედიზედ ორ დღეში ნაღმის ორ აფეთქებას სამი მშვიდობიანი მოქალაქის დაშავება მოჰყვა.
ნაღმებით გამოწვეული დაზიანებების შესახებ ინფორმაციის ხელახლა გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 აგვისტოს ნაღმის აფეთქების შედეგად 73 წლის კაცი მძიმედ დაშავდა – კაცმა, რომელიც ქალბაჯარში დაშავდა, აფეთქებისას ტერფი დაკარგა.
განაღმვითი საქმიანობის საერთაშორისო მონიტორინგის ორგანიზაციის, Mine Action Review-ს თანახმად, აზერბაიჯანის განაღმვითი საქმიანობის სააგენტომ (ANAMA) განაცხადა, რომ 2024 წელს 5.3 კვადრატული კილომეტრის ფართობზე 4 286 ნაღმი გააუვნებელყო.
თუმცა, Mine Action Review-მა აღნიშნა, რომ იმ 134.9 კვადრატული კილომეტრიდან, რომლის გასუფთავების შესახებაც ANAMA იუწყება, „ტანკსაწინააღმდეგო პერსონალური ნაღმებით (AP) დაბინძურებული ტერიტორია რეალურად 65 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა“.
Mine Action Review-ის ცნობით, აზერბაიჯანმა 2025 წლის თებერვალში ჰუმანიტარული განაღმვის შესახებ კანონი მიიღო, თუმცა „ჯერ არ მიუღია განახლებული ეროვნული სტანდარტები (ANMAR) და ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეროვნული სტრატეგია“.
ანგარიშში ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ტანკსაწინააღმდეგო პერსონალური ნაღმებით დაბინძურებული ტერიტორიის ზუსტი მასშტაბი უცნობია, თუმცა ის ნამდვილად უზარმაზარია – ნაღმებით დაბინძურებული ტერიტორია დაახლოებით 254 კილომეტრის სიგრძისა და 5 კილომეტრის სიგანის ზოლზეა გადაჭიმული, რომელიც ადრე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკონტაქტო ხაზს წარმოადგენდა.
„აზერბაიჯანში დაბინძურების სრული მასშტაბი უკეთესად მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც იმ ტერიტორიაზე იქნება ფოკუსირებული, რომელზეც კონტროლი ქვეყანამ 2020 წლის შემდეგ აღადგინა“, – ნათქვამია ანგარიშში.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.