ავტორი: ანი ღუნილიანი
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის გეღარქუნიქის პროვინციაში სატვირთო ავტომობილი სამხედროებს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი – დაშავდა. შემთხვევა არმიაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების ფონზე მოხდა, რომლებიც არასაბრძოლო სიკვდილიანობის ზრდას მოჰყვა.
ავარია, რომლის შედეგადაც სომეხი სამხედრო სურენ ვარდანიანი დაიღუპა, 19 აგვისტოს, სოფელ ვაჰანის მახლობლად მოხდა. ვაჰანის გამგებელმა არშაკ მკრტჩიანმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ ის შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მივიდა.
მკრტჩიანის თქმით, მძღოლი ნასვამი არ ყოფილა და შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია – მან სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მისი თქმით, სატვირთო მანქანა სამხედროებს დაახლოებით 21:00 საათზე შეეჯახა – იმ დროს ჯარისკაცები „სადღაც გარბოდნენ“.
დაშავებული სამხედროები, რომელთა ზუსტი რაოდენობაც თავდაცვის სამინისტროს არ დაუსახელებია, ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, ხოლო მძღოლი დააკავეს.
შემთხვევა სომხეთის არმიაში არასაბრძოლო ვითარებაში სიკვდილიანობის საკითხზე მზარდი ყურადღების ფონზე მოხდა.
ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არმიაში ორი საკადრო ცვლილება განახორციელა. ამას წინ უძღოდა ერთი პირის დაკავება სამხედრო მოსამსახურის თვითმკვლელობისკენ სავარაუდო წაქეზების ბრალდებით.
აგვისტოს დასაწყისში ფაშინიანმა შექმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც არმიაში თვითმკვლელობებისა და „არაფორმალურ ურთიერთობებთან“ დაკავშირებული პრობლემების სისტემური გადაწყვეტის გზები უნდა შეემუშავებინა. სამუშაო ჯგუფს სამი თვე აქვს, რათა მოამზადოს და წარადგინოს წინადადებები არმიაში მსგავსი სიკვდილიანობის შესამცირებლად.
ამასთან, არმიაში სიკვდილიანობის ოფიციალური, თავდაცვის სამინისტროს მონაცემები და მათი დათვლის მეთოდოლოგია განსხვავდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაცემებისგან.
თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, არამ თოროსიანმა განაცხადა, რომ სტატისტიკა ხშირად აჩვენებს საერთო რაოდენობას და არ მიუთითებს, არის თუ არა სიკვდილიანობა დაკავშირებული სამხედრო სამსახურთან. თოროსიანმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Armenpress-ს განუცხადა, რომ 2026 წლის 14 აგვისტოს მონაცემებით დაფიქსირებული 11 გარდაცვალებიდან მხოლოდ ორი იყო დაკავშირებული სამსახურებრივ გარემოებებთან.
თუმცა, „ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის“ ვანაძორის ოფისმა თავდაცვის სამინისტროს მოუწოდა, უარი თქვას სიკვდილიანობის „სამსახურთან დაკავშირებულ“ და „სამსახურთან დაუკავშირებელ“ კატეგორიებად დაყოფის პრაქტიკაზე.
ორგანიზაციის განცხადებით, თითოეული სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი შეიარაღებული ძალებისთვის დანაკარგად უნდა ჩაითვალოს და შეფასდეს სახელმწიფოს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების კონტექსტში, იმის მიუხედავად, მოხდა თუ არა ეს სამხედრო სამსახურის შესრულებისას.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.