რა აჩვენა კვლევამ 2024 წლის აქციებზე გამოყენებული სპეციალური საშუალებების შესახებ

პუბლიკა

ვარშავაში, ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციაზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით კვლევა წარადგინეს.

კვლევა ეფუძნება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილე 523 ადამიანის გამოკითხვას.

რესპონდენტები მოხერხებულობისა და ჯაჭვური შერჩევის პრინციპით შეირჩნენ. მონაცემები 2026 წლის თებერვალსა და მარტში შეგროვდა.

გამოკითხვა ღია და დახურულ შეკითხვებს აერთიანებდა.

კვლევის ავტორებმა მონაწილეებს სთხოვეს, გაეხსენებინათ აქციებზე ქიმიური გამაღიზიანებლების, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის ზემოქმედება და მათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სიმპტომები.

მხოლოდ რესპონდენტების ნაწილს ჰქონდა ლაბორატორიული პასუხები ან ოფიციალური სამედიცინო დოკუმენტაცია.

ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ კვლევა ვერ ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს კონკრეტულ ნივთიერებასა და ჯანმრთელობის კონკრეტულ შედეგს შორის, რადგან არ არსებობდა საკონტროლო ჯგუფი, არ ჩატარებულა გამოყენებული ნივთიერებების დამოუკიდებელი ქიმიური ანალიზი და ვერ განისაზღვრა ზემოქმედების ზუსტი დოზა.

კვლევის ავტორები არიან: გიორგი კამკამიძე, ბაია პატარაია, ჯეიმს ლინი, ჯოსინა ბოთე და ლელა ცისკარიშვილი.

რა აჩვენა კვლევამ

გამოკითხულთა 65.2% (341 ადამიანი) აცხადებდა, რომ აქციებს ყოველდღე ესწრებოდა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 29-30 ნოემბრის ღამეს.

მონაწილეებმა კვლევის ფარგლებში დეტალურად აღწერეს სპეციალური საშუალებები, რომლებიც მათ წინააღმდეგ გამოიყენეს:

  • ცრემლსადენი აირის გამოყენებაზე მიუთითა რესპონდენტების 61.4%-მა (321 ადამიანმა).
  • წყლის ჭავლთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა 33.5%-ს (175 ადამიანს), ხოლო წყლის სპრეისთან/ნამთან — 44.7%-ს (234 ადამიანს).
  • წიწაკის სპრეისთან კონტაქტზე (პირდაპირი, ნაწილობრივი ან ახლომდებარე ნისლი) მიუთითა მონაწილეთა 53.3%-მა (279 ადამიანმა).

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 85.6%-მა (448 ადამიანმა) განაცხადა, რომ ზემოქმედების შემდეგ  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მინიმუმ ერთი სიმპტომი მაინც განუვითარდა.

რესპონდენტები ხაზს უსვამდნენ მავნე ნივთიერებების ნარჩენ ეფექტს ტანსაცმელსა და გარემოზე: მაგალითად, ნოტიო ტანსაცმლის სახლში მიტანისას ოჯახის წევრები და შინაური ცხოველებიც გრძობდნენ მომწამვლელ ეფექტს. გარდა ამისა, აქციების მონაწილეებმა შენიშნეს ქუჩებში დარჩენილი მომწვანო-მოყვითალო ნალექი, რომელიც ჰაერში იფანტებოდა და ქუჩაზე გავლისას ადამიანებს სასუნთქი სისტემის წვის შეგრძნებას უახლებდა.

გამოკითხულთა 33.7%-მა (176 ადამიანმა) განაცხადა, რომ მინიმუმ ერთი სიმპტომი 12 თვეზე მეტი ხნის შემდეგაც აღენიშნებათ.

233-ზე მეტმა რესპონდენტმა დეტალურად აღწერა, როგორ შეიცვალა მათი ყოველდღიურობა.

მათი მონათხრობის მიხედვით, ადამიანები კარგავდნენ პროდუქტიულობას, უჭირდათ კონცენტრაცია.

ზოგმა მათგანმა დაკარგა სამსახური ან ვერ მოახერხა სწავლის გაგრძელება. გამოკითხულთა შორის იყვნენ ისინი, ვის კარიერასაც ზიანი მიადგა: მაგალითად, სომელიემ დაკარგა ყნოსვის უნარი, მთარგმნელებმა და იურისტებმა ვერ შეძლეს მუშაობის ძველი ტემპის შენარჩუნება, ხოლო პედაგოგებს ხმის პრობლემები შეექმნათ.

დაფიქსირდა პოსტტრავმული სტრესული სინდრომის, მძიმე დეპრესიისა და პანიკური შეტევების შემთხვევები. რესპონდენტების ნაწილი აღნიშნავდა, რომ გაზის სუნი, ხალხმრავლობა ან მეტროში ჩასვლა მათში მწვავე შფოთვას იწვევდა.

კვლევის მიხედვით, სიმპტომების მქონე 448 ადამიანიდან მხოლოდ 149-მა (33.2%) მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.

ლაბორატორიული კვლევის შედეგი ჰქონდა მხოლოდ 63 ადამიანს (14.0%).

ოფიციალური სამედიცინო ცნობა (ფორმა 100) აიღო მხოლოდ 53-მა ადამიანმა (11.8%).

კვლევაში საუბარია სამართალდამცველების მხრიდან ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაზეც.

მონაცემების მიხედვით:

  • ფიზიკური ძალადობა/არასათანადო მოპყრობა: დააფიქსირა გამოკითხულთა 39.4%-მა (206 ადამიანმა).
  • გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა: შეეხო 56.2%-ს (294 ადამიანს).
  • ადმინისტრაციული ჯარიმები: დაეკისრა 26.2%-ს (137 ადამიანს).
  • დაკავება: შეეხო 9.9%-ს (52 ადამიანს).

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ შერჩევა არ ყოფილა შემთხვევითი და შესაძლოა, კვლევაში უფრო მეტად მოხვედრილიყვნენ ადამიანები, რომლებიც ზემოქმედებისგან მეტად დაზარალდნენ ან საკუთარი გამოცდილების გაზიარების მეტი მოტივაცია ჰქონდათ, ამიტომ მიღებული მაჩვენებლები ყველა აქციის მონაწილეზე ვერ განზოგადდება.

ასევე, აღნიშნულია, რომ მონაცემები 2026 წელს შეგროვდა, რესპონდენტებს მოუწიათ სიმპტომების და ზემოქმედების გარემოებების გახსენება ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ცდომილების პოტენციურ რისკს ქმნის.

კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ კვლევა ვერ ადგენს პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს კონკრეტულ ნივთიერებასა და ჯანმრთელობის შედეგს შორის, რადგან არ არსებობდა საკონტროლო ჯგუფი, არ ჩატარებულა გამოყენებული ნივთიერებების დამოუკიდებელი ქიმიური ანალიზი და ვერ განისაზღვრა ექსპოზიციის ზუსტი დოზა.

კვლევის დასკვნით, აქციებზე გამოყენებული სპეციალური საშუალებების ეფექტი არ არის „ხანმოკლე ან დროებითი“.

ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია დამოუკიდებელი კლინიკური, ფორენსიკული და ტოქსიკოლოგიური გამოძიების ჩატარება იმის დასადგენად, თუ რეალურად რა ნივთიერებები გამოიყენეს მოქალაქეების წინააღმდეგ და რამდენად შეესაბამებოდა ეს ქმედებები პროპორციულობისა და კანონიერების საერთაშორისო სტანდარტებს.


2025 წლის 1-ელ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი და სტატია, რომლებშიც გამოითქვა ვარაუდი, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრაციების დაშლის დროს ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, გამოიყენა ქიმიური ნაერთი ბრომობენზილ ციანიდი („კამიტი“), რომელიც შერეული იყო წყლის ჭავლში.

2025 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამსახურმა დაადასტურა წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ ეს ქიმიური ნივთიერება იყო არა კამიტი, არამედ „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“. სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბრომობენზილ ციანიდი“ იგივე ,,კამიტი’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.

2025 წლის 10 დეკემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა წერილით, რომელშიც აღნიშნა, რომ წყლის ჭავლში ქიმიური გამღიზიანებლების შერევა მნიშვნელოვან კითხვებს წარმოშობს კანონიერების, აუცილებლობის და პროპორციულობის შესახებ და აღნიშნული საკითხი უნდა იყოს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპოლიციო ძალის გამოყენების გამოძიების ნაწილი.

2026 წლის 16 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაზარალებული მოქალაქეების სახელით  სტრატეგიული სამართალწარმოება დაიწყო.