საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს, მოდით რა, ნუ შევეხებით ასე – გამყრელიძე ცერცვაძეზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღევანდელ ბრიფინგზე პრეპარატ „პლაქვენილის“გარშემო ბოლო დღეებში არსებულ დისკუსიას გამოეხმაურა. გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ამ ტიპის დისკუსიები უნდა გაიმართოს პროფესიულ წრეებში და არა ტელევიზიებში ან სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პრეპარატი 40-50 წელია უკვე არსებობს და ბევრი დაავადების დროსაა გამოცდილი.

„საქრთველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს, მოდით რა, ნუ შევეხებით ასე… ეს მარტო ახალგაზრდა ექიმების საყურადღებოდ არ ვამბობ, სხვების საყურადღებოდ ვამბობ, ნუ შევეხებით ასე… არ მინდა, სხვა სიტყვა გამოვიყენო… არ მინდა, ადამიანი, ვისაც უზარმაზარი დამსახურება აქვს, დარგები შექმნა ქვეყანაში, ორ უზარმაზარ დარგს ჩაუდგა საფუძველი და დღეს შუა ცეცხლშია ამ დიდი ბრძოლის, COVID-თან დაკავშირებით, მას იმიტომ, რომ თურმე ქვეყანა „პლაქვენილს“ იყენებს… თანაც, პროტოკოლი კიდევ ერთხელ გადავიკითხე და იქ წერია, რომ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით (გამოიყენება „პლაქვენილი“), მხოლოდ იმ შემთხვევებში, როგორც პროტოკოლით არის გათვალისწინებული….

„პლაქვენილი“ 40-50 წელია, გამოიყენება. მეც ბევრჯერ გამომიყენებია დაავადებების დროს. მაშინ არ იყო არც გაიდლაინები იმ დროს, როცა ჩვენ ამას ვიყენებდით და არც იყო შინაგანი მედიცინის სახელმძღვანელოები, რევმატოლოგიაში ვიყენებდით ხშირად და ავტოიმუნური დაავადებების დროს. იმ კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობდი, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კოვიდინფექციის დროს ის შეიძლება გამოყენებულიყო , ამის ბევრი პრეცენდენტი არსებობს“, – აცხადებს გამყრელიძე.

**********************

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი (იგივე ინფექციური საავადმყოფო) ამერიკაში მომუშავე ქართველ ექიმს პასუხობს, რომელმაც თავის ფეისბუქპოსტში საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი გააკრიტიკა.

„თბილისელო კოლეგებო, არ ვიცი, რომელმა თქვენგანმა შეიმუშავეთ პროტოკოლი, მაგრამ უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისათვის (ძველგაზრდებისათვისაც), რომელთა CT ნორმალურია და დაავადება პრაქტიკულად უჩინრად მიმდინარეობს, პლაქვენილის დანიშვნა არის აბსოლუტურად მიუღებელი…

…აქვს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპროფილაქტიკო…

არ ავნო!!!…” – დაწერა ზურაბ გურულმა ფეიბუქზე.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საპასუხო წერილი გამოაქცეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის რასაც გურული წერდა „არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელიც ამასთან არაერთ ფაქტობრივ ტყუილსაც შეიცავს.“