კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ექიმების პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით, მისი მამა – ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ პერმანენტულ აქციებს იწყებს.
დღეს დილიდან გაიოზ ჩარკვიანი პროკურატურასთან მივიდა და როგორც ის ამბობს ერთადერთი მოთხოვნა აქვს – დაისაჯოს ყველა დამნაშავე. მან პროკურატურასთან შიმშილობა გამოაცხადა და მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოითოვს.
აქციას შეუერთდნენ მისი კოლეგა ადვოკატები, რომლებიც ითხოვენ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე პასუხისმგებელი ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ საქმეზე სათანადო და ეფექტური რეაგირება არ განხორციელდება.
20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. კლინიკაში ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან შეიყვანა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებიდან მალევე, მამამ – გაიოზ ჩარკვიანმა, გენერალურ პროკურატურას მიმართა და მისი შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. პარალელურად, საქმის მოკვლევის განცხადებით მიმართა მან ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც.
ჩარკვიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სამ ექიმს წარედგინა ბრალი.
2025 წლის თებერვალში საქართველოს პროკურატურამ პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა.
2023 წლის ნომებერში საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს წარუდგინა ბრალდება.
იქამდე კი 2023 წლის 23 იანვარს კორონავირუსით გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ უფროს ექთანს წარუდგინა ბრალი.