გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას შეუერთდა. მათ შორისაა საქართველოც.
დოკუმენტი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, რომელიც განაგრძობს რუსეთის დამპყრობლური ომის წინააღმდეგ ბრძოლას […] უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ მშვიდობა გვსურს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესია, დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და არსებითად ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რათა მიღწეულ იქნას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ-იორკში მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში, სადაც მან უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა:
„საქართველოსთვის უკრაინის თემა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი რიგითი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ადამიანებისთვის, ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებსაც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამავე გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას მშვიდობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გამოსვლის დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ჩვენ მივესალმებით ყველა გულწრფელ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ – მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიითა და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს ეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – განაცხადა მან სამინისტროს ცნობით.