პარლამენტში უფასო სასკოლო კვების კანონპროექტის განხილვა დაიწყება – 2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებაზე.
მოძრაობა „ხმის” მიერ მომზადებული პროექტი, პარლამენტში როგორც საკანონმდებლო ინიციატივა, ისე დარეგისტრირდა – ამ უფლების მოსაპოვებლად მათ ჯამში 37 000-ზე ხელმოწერა შეაგროვეს.
37 304 ხელმოწერიდან 1 376 ხელმოწერა ბათილად იქნა ცნობილი. ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობამ 35 928 შეადგინა, რამაც საჭირო ოდენობას – 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერას გადააჭარდა.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი?
„ხმის” ავტორობით მომზადებული პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. მასში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფასო სასკოლო კვება საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისთვის.
კანონპროექტის მიხედვით, უფასო სასკოლო კვების პროგრამა საყოველთაო უნდა იყოს და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე უნდა მოიცვას, განურჩევლად ეკონომიკური მდგომარეობისა.
სასკოლო კვების მიზანი, კანონპროექტის მიხედვით, არის ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა და მოსწავლეთა შორის ჯანსაღი კვებითი ჩვევების დამკვიდრება.
კანონპროექტი ღიად ტოვებს საკითხს იმის შესახებ, სკოლაში საკვები გამზადებული უნდა მივიდეს ე.წ. საკვების ყუთის სახით თუ საკვები სკოლაში, ადგილზე უნდა დამზადდეს, როგორც ეს საქართველოს საბავშვო ბაღების შემთხვევაში ხდება.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას ენიჭება დისკრეცია, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მზაობისა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, სხვადასხვა სკოლაში სასკოლო კვების სხვადასხვა მოდელი აამუშაოს. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლებში, სადაც არსებობს შესაბამისი სანიტარული პირობები და ფუნქციური სამზარეულო, შესაძლებელია, საკვები ადგილზე დამზადდეს; სადაც ეს შეუძლებელია – საკვები გამზადებული, საკვების ყუთის ფორმით მივიდეს.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა შემთხვევაში, საკვები უნდა იყოს ჯანსაღი და დაბალანსებული და ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების მოთხოვნების შესაბამისი.
ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში:
პროექტის მიხედვით, კანონს უნდა დაემატოს უფასო სასკოლო კვების მუხლი, შემდეგი შინაარსით:

პროექტში აღნიშნულია ისიც, რომ 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს სასკოლო კვების პროგრამის დიზაინის, კვების მოდელის, საკვები რაციონის, პროგრამის მართვისა და საკვების ხარისხის კონტროლის, ბიუჯეტის, პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების წესის განმსაზღვრელი დადგენილება.
სასკოლო კვების საჭიროება – როგორ ასაბუთებენ ავტორები საკითხს
სასკოლო კვების საჭიროებას ავტორები კვლევის შედეგების მოხმობით ასაბუთებენ. განმარტებით ბარათში მოყვანილია PIRL-ის კვლევის შედეგები, რომელიც მიხედვითაც, საქართველოში სკოლის მოსწავლეების 63% ამბობს, რომ სკოლაში ყოველდღე, კვირაში რამდენჯერმე ან ზოგჯერ განიცდის შიმშილის გრძნობას (PIRLS, 2021).
ავტორების თქმით, შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფენ, რომ არათუ სკოლაში, ბავშვის სახლში გამოკვებაც დაუძლეველი ამოცანაა ასიათასობით ოჯახისთვის საქართველოში.
„2025 წლის მოწაცემებით, საქართველოში 16 წლამდე ასაკის 250 772 ბავშვი იღებს საარსებო შემწეობას (სოციალური მომსახურების სააგენტო, 2025). ეს მონაცემი წლიდან წლამდე მზარდია. მაგალითად, 2023 წელს ასეთ დახმარეზას 230 865 ბავშვი იღებდა (პუბლიკა, 2023)”, – წერია განმარტებით ბარათში.
მოძრაობა „ხმა” წერს, რომ სამეცნიერო წრეებში არ დავობენ, რომ კვების უკმარისობა ბავშვებში აქვეითებს გონებრივ უნარებს, მეხსიერებას და გრძელვადიან განვითარებას, რაც ამცირებს აკადემიურ მოსწრებას და მოსწავლეებს შორის უთანასწორობას იწვევს; მშიერ ან ცუდად გამოკვებილ ბავშვს უჭირს მოსმენა, კონცენტრირება და სწავლა – შიმშილი ნეგატიურად ზემოქმედებს ყურადღებასა და შეცნობის უნარზე; ბავშვების შიმშილმა შეიძლება მთლიანად სასწავლო პროცესი და სასწავლო გარემო დააზიანოს. ამას გარდა, საკვების დეფიციტი ბავშვებში ხშირად იწვევს კვებით აშლილობებსა და ჭარბწონიანობას.
მოძრაობას მათ მიერვე, 2022 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებიც მოჰყავს და ამბობს, რომ საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა შიმშილი ზოგადი და საყოველთაო პრობლემაა.
„კვლევის მონაწილე თითქმის ყველა (27) მასწავლებელი იხსენებს ან საკუთარ, ან კოლეგის გამოცდილებას, როდესაც სკოლაში მოსწავლე შიმშილისგან ცუდად გახდა. მასწავლებელთა თქმით, მოსწავლეთა საკვების დეფიციტი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთლიანი სასწავლო პროცესისთვის და მოსწავლეებში კონცენტრაციის ნაკლებობის, დაჩაგვრის და უხერხულობის საფუძველია. მასწავლებელთა ხედვით, მოსწავლეთა შიმშილი და მისი თანმდევი შედეგები მკაფიოდ ხილვადი და რთული პრობლემაა, რაც სისტემურ გადაწყვეტას საჭიროებს”, – წერს „ხმა”.
„უფასო სასკოლო კვების პროგრამა იყოს უნივერსალური და არა – მიზნობრივი” – რატომ?
მოძრაობას მიაჩნია, რომ ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რომ უფასო სასკოლო კვების პროგრამა იყოს უნივერსალური და არა – მიზნობრივი. მათივე თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ლიმიტები
„ხმა” ციტირებს 2025 წლის ევროკომისიის შეფასებას, რის მიხედვითაც, მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაგინდ ფართო მოცვა ქონდეს, ვერასდროს ფარავს ყველას, ვისაც დახმარება ჭირდება (European Commission, 2025: 16).
ამასთან, ბავშვების თითქმის 38%-ს 16 საჭიროებიდან აქვს 3-ის ან მეტის დანაკლისი. Unicef-ის კვლევით, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან, რადგან, სავარაუდოდ, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ზემოთ იმყოფებიან.
ამ და სხვა მონაცემებიდან გამომდინარე „ხმა” ამბობს, რომ უფასო სასკოლო კვების სოციალური დახმარების პროგრამის მონაწილე ბავშვებზე მიბმამ შესაძლოა, სკოლაში საკვების გარეშე დატოვოს ათიათასობით მოსწავლე.
არაფორმალური დასაქმება და პრეკარულობა
„ხმას” მიაჩნია, რომ უფასო სასკოლო კვების ოჯახების კონკრეტულ შემოსავალზე მიბმა ვერ დააკმაყოფილებს თანასწორობისა და სამართლიანობის საბაზისო პრინციპსაც კი. ვინაიდან, მათივე თქმით, საქართველოში მნიშვნელოვნად მაღალია ჩრდილოვანი ეკონომიკისა და არაფორმალური დასაქმების წილი და სახელმწიფო ვერ აგროვებს ზუსტ მონაცემებს ოჯახების შემოსავლების შესახებ.
„მეორე მხრივ, საქართველოს შრომითი ბაზარი შემოსავლების არასტაბილურობით ხასიათდება. ჩვენთან არ მოქმედებს უმუშევრობის დაზღვევის ან უმუშევრობის დახმარების სისტემა, რომელიც, სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში, ხელფასს ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლებდა. ამდენად, ბავშვი, რომელიც, მიზნობრივი პროგრამის ლოგიკით, გუშიწ არ „საჭიროებდა” უფასო კვებას სკოლაში, შეიძლება ასეთს „საჭიროებდეს″ ხვალ, როცა მისი მშობელი ან მეურვე სამსახურს დაკარგავს და შემოსავლის გარეშე დარჩება. ამის ცხადი მაგალითია 2025 წელს ჭიათურაში განვითარებული მოვლენები, როცა უმუშევრად დარჩენილი 3620 მაღაროელის ოჯახი საკვების და წამლის გარეშე დარჩა. ორი თვის წინ ჭიათურელ მოსწავლეებს „არ ჭირდებოდათ“ უფასო სასკოლო კვება, დღეს – მძაფრად ჭირდებათ”, – წერს „ხმა” განმარტებით ბარათში.
კერძო და საჯარო სკოლები
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 2086 საჯარო და 216 კერძო სკოლა. კერძო სკოლის საშუალო წლიური ფასი 6500 ლარია. საჯარო სკოლებთან შედარებით, მოთხოვნა კერძო სკოლებზე მზარდია. 2021-2022 სასწავლო წელთან შედარებით, 2023 წელს კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა წლიურად 6%-ით გაიზარდა და თითქმის 64 ათასს მიაღწია. ამის მიზეზად ასახელებენ კერძო სკოლებში უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას.
„შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოში ოჯახები საჯაროს კერძო სკოლას არჩევენ ამისთვის საჭირო მინიმალური ფინანსური შესაძლებლობის არსებობის დროსაც კი. ამდენად, არგუმენტი, რომ საჯარო სკოლებში საყოველთაო უფასო კვების დანერგვის შემთხვევაში, სახელმწიფოს ისეთ ბავშვებსაც დაეხმარება, ვისაც ამის საჭიროება არ აქვს, ადვილად ბათილდება”, – წერს „ხმა”.
გადანაწილების პარადოქსი
„ხმა” აღნიშნავს ე.წ. გადანაწილების პარადოქსზე და ამბობს, რომ მიზნობრივი სოციალური პოლიტიკა, რომელიც იდეოლოგიური მოსაზრებებით თითქოსდა უფრო ეფექტური უნდა იყოს, სინამდვილეში ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე უნივერსალური პროგრამები.
„გადანაწილების პარადოქსი ამბობს, რომ რაც უფრო მიზნობრივია ღარიბების დახმარება, მით ნაკლებია სიღარიბის და უთანასწორობის შემცირების შანსი. ამას თავისი მიზეზები აქვს: ადმინისტრაციული ხარჯები – მიზნობრივი პროგრამები (მასვე მიეკუთვნება, მაგალითად, ვაუჩერები მხოლოდ დაბალშემოსავლიანებზე), საჭიროებენ საყოველთაოზე ბევრად მეტ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დანახარჯს. სხვა სიტყვებით, მიზნობრივი პროგრამის შემთხვევაში, საჭიროა, იმ ოჯახების იდენტიფიცირება, გამორჩევა და აღნუსხვა, რომლებიც აკმაყოფილებენ მიზნობრივ პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს; რასაც, როგორც წესი, თან სდევს მონიტორინგი და პერიოდული შემოწმება, რომლითაც დგინდება, ისევ აკმაყოფილებს თუ არა პროგრამით მოსარგებლე მონაწილეობის კრიტერიუმებს;
ხშირია პირველადი გადაწყვეტილებების გასაჩივება და მათი განხილვა ზემდგომი უწყებების ან სასამართლოების მიერ. ეს პროცესი მოითხოვს სხვადასხვა ტიპის გაზრდილ ფინანსურ დანახარჯს, რაც პროგრამის საერთო დანახარჯზე მსჯელობისას მხედველობიდან გამოტოვებულია. ამის საწინააღმდეგოდ, უნივერსალური პროგრამის უპირატესობა ის არის, რომ მთელი რესურსი დაიხარჯება ბავშვების გამოკვებაზე და არა შერჩევის, აღნუსხვის და გადამოწმების პროცესზე. ნაკლებ ადმინისტრაციულ ხარჯთან ერთად, უნივერსალური უფასო სასკოლო კვების პროგრამა გააძლიერებს სოციალურ სილიდარობას და ხელს შეუწყობს თანასწორი გარემოს ორგანიზებას სკოლაში – უფასო სასკოლო კვებას ბავშვები და მთელი საზოგადოება აღიქვამს საზიარო სიკეთედ და არა სახელდობრ ღარიბების დახმარებად”, – წერს „ხმა”.
სტიგმა
მოძრაობა წერს, რომ უფასო სასკოლო კვების მიზნობრივი პროგრამებს თან ახლავთ სტიგმა, რაც ხშირად იწვევს იმას, რომ ზოგიერთი ბავშვი უარს ამბობს საკვებზე.
„მოძრაობა „ხმის” ჩატარებული მასწავლებელთა კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ სკოლებში არსებული კვებითი გამოცდილებები განსხვავდება რეგიონების, სკოლების და მათი ინფრასტრუქტურის მიხედვით.
კვლევის მიხედვით, რომ გავრცელებული პრაქტიკაა სკოლაში ფულის ან საკვების ტარება; პედაგოგთა თქმით, ორივე შემთხვევაში ძალიან თვალხილულია, რომ ბევრ მოსწავლეს ვერც ერთი მოაქვს და ვერც – მეორე; ან მოაქვს ისეთი საკვები, რომლის ჭამაც რცხვენია. უხერხულობა იქმნება იმ შემთხვევებში, როდესაც მოსწავლეებს არაერთგვაროვანი საკვები მოაქვთ (მოძრაობა ხმა, 2022a)”, – წერს „ხმა” განმარტებით ბარათში.
საბაბები სასკოლო კვების არდაწყებისთვის
„ხმა” ამბობს, რომ არსებობს მოსაზრება, რომ უფასო სასკოლო კვება არ უნდა დაიწყოს მანამ, სანამ საჯარო სკოლებს საკვების ადგილზე დამზადების ინფრასტრუქტურა არ ექნებათ – ეს მოსაზრება სასკოლო კვების არდაწყების საბაბია, რადგან ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას წლები, შესაძლოა, ათწლეული დასჭირდეს;
კვლევის მიხედვით, საჯარო სკოლების სრულ განახლებას მილიარდ 600 მლნ ლარი ჭირდება (Svanidze, 2021). საბაბია, მათ შორის, იმიტომ, რომ შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა მოდელით დაიწყოს მოსწავლეების გამოკვება.
- სკოლებში, სადაც არსებობს ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საკვები უნდა დამზადდეს ადგილზე;
- სკოლებში, სადაც არ არის ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, უნდა მივიდეს გამზადებული საკვები ე.წ. სადილის ყუთის სახით.
მოსალოდნელი შედეგები
ავტორები ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, საჯარო სკოლებში დაიწყოს საყოველთაო უფასო სასკოლო კვების პროგრამა, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს პოტენციალი მოიტანოს მრავალი საჯარო სიკეთე, მათ შორის, მოსწავლეთა ჯანმრთელობის და სოციალური უსაფრთხოების დაცვა, მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, მოსწავლეთა შორის უთანასწორობის შემცირება, ოჯახებისთვის ეკონომიკური ტვირთის შემსუბუქება, მოსწავლეთა შორის კვებითი ჩვევების გაუმჯობესება (European Commission, 2025; GCNF, 2024).
ასევე, გამოცდილება აჩვენებს, რომ უფასო სასკოლო კვება ზრდის მოსწავლეთა სკოლაში დასწრების მაჩვენებელს და ამცირებს სკოლის მიტოვების შემთხვევებს (Verguet at al., 2020). საქართველოში, განათლების სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2022- 2023 სასწავლო წელს სკოლის მიღმა 4362 ბავშვი იყო დარჩენილი, რის მიზეზებზეც სახელმწიფო ორგანოები ინფორმაციას არ ფლობდნენ (IPN, 2022). უფასო სასკოლო კვებას შეუძლია, ასეთი ბავშვები სკოლაში მოიყვანოს (European Commission, 2025).