ქურმუხის ტაძარზე საპატრიარქოს განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო გამოეხმაურა

პუბლიკა

აზერბაიჯანის საგარეო სამინისტრო საქართველოს საპატარიარქოს განცხადებას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საპატრიარქოს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით გაკეთებული ბოლო განცხადებები „ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას.“

განცხადებაში ასევე ნათვქმია, რომ „დაუშვებელია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება.“

„აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავდროულად, საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი იმავე პატივისცემის გამოხატვა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

სწორედ ამ თვალსაზრისით არის გაუგებარი საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზიების შემცველია. მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ კავშირებს.

ამასთან დაკავშირებით, არ არის მიზანშეწონილი სომხური ეკლესიისთვის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის მიყოლა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“,- ნათქვამია განცხადებაში.[სამირა ბაირამოვას თარგმანი]

 გუშინ, 24 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქომ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა „ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.“

როგორც საპატრიარქო აცხადებდა, მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა „ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.“

„ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე. დავძენთ იმასაც, რომ ამ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია“,- წერია განცხადებაში. 

საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ  ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, „როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.“

საპატრიაქროში მიიჩნევენ, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება, მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში.

ასევე საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და „ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას.“