ნასვამობის გამო მართვის უფლების შეჩერების გასაჩივრებისას, მძღოლს ავტომობილის ტარების უფლება განხილვის დასრულებამდე არ ექნება

პუბლიკა

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის დაკისრებული სანქციის გასაჩივრება განხილვის პერიოდში მის აღსრულებას აღარ შეაჩერებს. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს ეხება და ძალაში 31 აგვისტოს შევიდა.

თუ მძღოლს ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის გამო მართვის უფლება შეუჩერდა, გადაწყვეტილების გასაჩივრება აღარ შეაჩერებს ამ სანქციის მოქმედებას. შესაბამისად, საჩივრის განხილვის პერიოდში მძღოლი ავტომობილს ვეღარ მართავს. იგივე წესი ვრცელდება 116-ე მუხლით გათვალისწინებულ ჯარიმებზეც. მათი გასაჩივრება სანქციის აღსრულებას ავტომატურად აღარ შეაჩერებს.

116-ე მუხლი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს. თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება, მას მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოერთმევა. 0,7 პრომილეზე მეტი მაჩვენებლის ან ალკოჰოლზე შემოწმებისთვის თავის არიდების შემთხვევაში კი მართვის მოწმობის ჩამორთმევის ვადა ერთი წელია.

კანონი უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევებშიც, როდესაც დარღვევა განმეორებით ხდება, მძღოლს მართვის მოწმობა არ აქვს ან სხვა სამართალდარღვევის გამო ჩამორთმეული აქვს. ნასვამ მდგომარეობაში მართვას თუ მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, სანქცია ასევე მკაცრდება და, კონკრეტული გარემოებების მიხედვით, ითვალისწინებს ჯარიმას, მართვის მოწმობის ჩამორთმევას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

ცვლილება ასევე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლს – „საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა“. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილების ან საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება ავტომატურად აღარ შეაჩერებს მის აღსრულებას. მუხლი, მათ შორის, საქართველოში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის კანონიერად ყოფნის ვადის გადაცილებისთვის ჯარიმებსა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვას, ასევე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევას არეგულირებს.