ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკე-ლუსო“ ქსკ „ლანჩხუთის“ პროტესტსა და განცხადებას საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა.
კლუბის განცხადებაში წერია, რომ კლუბის ყოფილ პრეზიდენტს გაუვრცელეს ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია და მისი „მოძალადედ“ მოხსენიება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა.
კლუბი აღნიშნავს, რომ მათ არ აქვთ უფლება, საზოგადოებას გაუზიარონ მტკიცებულებები, რომლებიც ყველას დაარწმუნებს თურქი ბიზნესმენის უდანაშაულობაში.
„სამწუხაროდ, გვიწევს შეხსენება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თანასწორია, როგორც ქართველი ეროვნების ფეხბურთელი ქალი, ასევე თურქი ეროვნების მამაკაცი.
ჩვენი საფეხბურთო კლუბის ყოფილ პრეზიდენტს პროტესტში მონაწილე და მხარდამჭერი პირები დღემდე მოიხსენიებენ „მოძალადედ“ და არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმციას იმ პირის მიმართ, რომელიც სასამართლომ მიიჩნია უდანაშაულოდ და გაანთავისუფლა სხდომათა დარბაზიდან.
კანონმდებლობიდან გამომდინარე არ გვაქვს შესაძლებლობა საზოგადოებას მივაწოდოთ და გავასაჯაროვოთ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები. მტკიცებულებები, რომელთა გაცნობაც თითოეულ თქვენგანს დაარწმუნებს, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება მსხვერპლის სტატუსის მქონე და პროტესტში მონაწილე ფეხბურთელების მიერ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელების პროტესტი პირადი წყენით იყო გამოწვეული.
„აღსანიშნავია, რომ გუშინდელ პროტესტში მონაწილე ფეხბურთელთა ნაწილს ჩვენი კლუბის მიმართ გააჩნიათ პირადი ინტერესი და წყენა, რომელიც წარმოიშვა მათთან სამუშაო ხელშეკრულების არ გაგრძელებით, რის გამოც მოუწიათ ,,ნიკე-ლუსოს’’ შემადგენლობის დატოვება.
პროტესტში მონაწილე ,,ნიკე-ლუსოს’’ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით მსხვერპლის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელს და მის უახლოეს ქალ ფეხბურთელ მეგობარს, რომელიც ჩვენი რწმენითა და სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური ბრალდების მთავარი ორგანიზატორია, საფეხბურთო კლუბი არ დაუტოვებიათ საკუთარი ნებით. უფრო მეტიც, ისინი ითხოვდნენ ახსნა განმარტებას, თუ რატომ მოხდა მათი წაშლა კლუბის კუთვნილ საკომუნიკაციო ,,ჩატებიდან’’ და რატომ არ ვუხანგძლივებდით კონტრაქტს.
იმედია საზოგადოებას გაუჩნდება კითხვა – თუ 2026 წლის 29 სექტემბერს, საფეხბურთო მატჩის ჩაშლით გამოწვეული პროტესტი განპირობებული იყო ფეხბურთელი ქალის მხარდაჭერის სულისკვეთებით, პროტესტში მონაწილე ფეხბურთელებმა რატომ მათივე ნებით არ დატოვეს ,,ნიკე-ლუსოს’’ რიგები? რატომ სურდათ ,,ნიკე-ლუსოს’’ რიგებში დარჩენა?“, – წერს კლუბი.
მათივე მტკიცებით, სიცრუეა, თითქოს კლუბი გასახდელში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის გამო დააჯარიმეს.
„ნიკე-ლუსოსს’’ ფეხბურთელები ვარჯიშობენ და თამაშობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილ ბაზაზე, შესაბამისად ჩვენს კლუბს არ აქვს რაიმე სახის წვდომა ბაზაზე განთავსებულ ვიდეო კამერების ჩანაწერებთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთ გასახდელში არასდროს არ განხორციელებულა ვიდეო მონიტორინგი. უფრო მეტიც, ,,ნიკე-ლუსოს’’ სამუშაო ოფისში საერთოდ არ არის განთავსებული გასახდელი სივრცე.
ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის’’ სოციალური გვერდით საზოგადოებას მიეწოდა არასწორი ინფორმაცია, რომ აუდიტის სამსახურმა ,,ნიკე-ლუსო’’ დააჯარიმა გასახდელში ვიდეო მონიტორინგის განხორციელების ფაქტზე. 2026 წლის 27 აპრილის, N გ-1/028-1/2026 სახელმწიფო აუდიტის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვიდეო მონიტორინგი მიმდინარეობს სივრცეში, რომელიც არ წარმოადგენს გასახდელ ოთახს. დაჯარიმება ტექნიკურ შინაარს შეიცავდა“, – წერია განცხადებაში.
„ნიკე-ლუსო“ წერს, რომ მოხარული იქნებოდნენ, საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ ყველა მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ცრუ ჩვენებას გამოავლენდა.
„მოხარული ვიქნებოდით, რომ გვქონდეს შესაძლებლობა გაგიზიაროთ დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელსა და კლუბის ყოფილ პრეზიდენტს შორის არსებული მიმოწერები; მათი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-კამერის ჩანაწერები; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელსა და პროტესტში მონაწილე ქალ ფეხბურთელთა შორის საგულდაგულოდ წაშლილი ესემესები, რომელიც აღდგენილ იქნა ექსპერტის მიერ; დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალი ფეხბურთელის ფოტო სურათები და სხვა ათეულობით არსებული წინააღმდეგობა, რომელიც დადგინდა დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ცრუ ჩვენებასა და უტყუარ მტკიცებულებეს შორის.
ჩაშლილი საფეხბურთო მატჩით და მოედანზე დადგმული პერფომანსით არ დაზარალდება ჩვენი საფეხბურთო კლუბი, რომელიც უფრო მეტი შემართებით უზრუნველყოფს საერთაშორისო მაშტაბით ქართული ფეხბურთის განვითარებასა და წარმატებას.
საფეხბურთო მოედანი არ არის ადგილი სადაც უნდა გადაწყდეს სამართლებრივი საკითხი. შესაბამისად საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის’’ მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებასთან და მასში მითითებულ განზრახ დამახინჯებულ ფაქტებთან დაკავშირებით მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს და სასამართლოში კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი კლუბისა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსებისშემლახავია.
ჩვენი გუნდი საფეხბურთო მოედანზე გპირდებათ მხოლოდ საფეხბურთო პერფომანსს, ლამაზ-სანახაობრივ ფეხბურთს და დიდ გამარჯვებებს, სხვა დანარჩენისთვის კი არსებობს სასამართლო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია“, – წერია განცხადებაში.
29 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ „ნიკე ლუსოსთან“ მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადა. გუნდმა გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მიიღო.
მატჩის დაწყებამდე „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვეს. მსაჯის მიერ თამაშის დასაწყებად სასტვენის შემდეგ „ლანჩხუთის“ კაპიტანმა ბურთი აიღო და თანაგუნდელებთან ერთად საპროტესტო ბანერი გაშალა წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.
ქსკ „ლანჩხუთმა“ მალევე გამოაქვეყნა პოსტი Facebook-ზე. პროტესტის მიზეზად „ნიკე ლუსოსთან“ დაკავშირებული ძალადობის შემთხვევები და კლუბის ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმე დაასახელა.
„ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა, ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, არ იქნება გამართლებული“, – წერს „ლანჩხუთი“ განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ ყოფილ მფლობელსა და პრეზიდენტს, თურქ ბიზნესმენ მეჰმეთ უიარს ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც უიარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, გონება დაკარგა. მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს.
20 წლის ფეხბურთელი სასამართლოში აცხადებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ უიარმა მასზე სექსუალურად იძალადა. მეჰმეთ უიარი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ფეხბურთელთან ძალადობრივი სექსუალური კავშირი არ ჰქონია.
უიარი საქმეზე დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
ფეხბურთელის მხარე აპირებს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივროს.
მეჰმეთ უიარმა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“, რომელიც მოგვიანებით „ნიკე ლუსო“ გახდა, 2024 წელს შეიძინა.
რაც შეეხება გასახდელში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს – აუდიტის სამსახურმა შპს „ნიკე“ 4 000 ლარით დააჯარიმა მას შემდეგ, რაც ქალ ფეხბურთელთა გასახდელებში ვიდეოკამერები აღმოაჩინეს.