ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დავიწყეთ – ეკონომიკის სამინისტრო

პუბლიკა

ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყეს.

ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრომ იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც  საქმიანობას ონლაინ რეჟიმში განაგრძობენ და გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე.

„უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მომართეს საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებისა და მომხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით. მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიით და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინ ვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, შემოწმების ფარგლებში კომპანიები ვალდებულნი არიან, დააკმაყოფილონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინის მიხედვით მოთხოვნილი რეკომენდაციები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოესი დღეების განმავლობაში ყოველდღიურად შემოწმდება ათობით კომპანია, რომლებიც ონლაინ ვაჭრობას ეწევიან ან აქვთ სურვილი, გადაეწყონ და  ონლაინ განაგრძონ საქმიანობა.