გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი აქვს და ამ გეგმის ნაწილი საქართველოც არის.
მინისტრის თქმით, პუტინს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მისთვის XX საუკუნის ყველაზე დიდი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო.
„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინმა ერთხელ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ მისთვის XX საუკუნის ყველაზე დიდი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო.
თუ ამას ასე მივუდგებით, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ თუ ეს მისთვის ყველაზე დიდი კატასტროფა იყო, მას ალბათ ამის გამოსწორება სურს. ეს ნიშნავს, რომ არსებობს სურვილი, იდეა და წარმოდგენა, აღადგინოს ის, რაც საბჭოთა კავშირი იყო“, – ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი თქმით, ამ გეგმაში უკრაინაც შედის, ასევე საქართველოც, სადაც, მისივე შეფასებით, რუსეთის აქტიურობა განსაკუთრებით შესამჩნევია.
„ამაში შედის უკრაინა, ასევე ახლა საქართველოც, სადაც ძალიან ბევრ აქტივობას ვხედავთ. ეს მოიცავს მოლდოვაში პროცესების შეფერხების მცდელობებსაც და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში კვლავ შედიოდა ბალტიისპირეთიც, თუმცა დღეს ისინი ევროკავშირისა და NATO-ს წევრები არიან“, – თქვა იოჰან ვადეფულმა.