გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლების, „გამარჯვება 1-ის“ მცხოვრები ამბობს, რომ მათი სოფელი ჩაკეტილია და ადგილობრივ მოსახლეობას საჭირო პროდუქტის შეძენისა და აფთიაქით სარგებლობის საშუალება არ აქვს. „პუბლიკას“ ნინო ტუაევა თავად დაუკავშირდა.
„კი, ჩაკეტილები ვართ. რუსთავის გზაზე მიმავალიც გადაკეტილია ჯარის მიერ და პოლიცია დგას და სოფელი გამარჯვების მხარესაც, თბილისისკენ მიმავალი“, – ამბობს ის.
მისი თქმით, დასახლებაში 2 მაღაზიაა, მაგრამ იქ მხოლოდ მინიმალური საჭიროების პროდუქტია. ასევე, არ აქვთ აფთიაქი.
„აქ კი გვაქვს 2 პატარა მაღაზია, მხოლოდ პურია, მაკარონი და ასეთი რაღაცები. ბოსტნეული, ხილი, საერთოდ არ გვაქვს. ხორცი რომ ვიყიდო და ბავშვებს ვაჭამოთ, არ ის გვაქვს. ეს მაღაზიებიც 5 საათამდეა. არც გვიშვებენ, რომ გავიდეთ და სადაც შესაძლებელია, იქ შევიძინოთ. ახლა ხახვიც კი არ მაქვს სახლში. ვერ მივდივართ შესაძენად. მთელი მოსახლეობა ამ დღეში ვართ.
აქ ხალხი სოფლის საქმეს ეწევა, ძროხები ჰყავთ, მაწონს აკეთებდნენ. ახლა იმის უფლებასაც არ გვაძლევენ, რომ ყველი გავყიდოთ და საკვები შევიძინოთ.
აფთიაქიც არაა. გუშინ დედაჩემს ფეხი სტკიოდა და წამალიც ვერ ვიყიდეთ, რომ ელემენტარულად გაეყუჩებინა. სახსრების პრობლემა აქვს. ვერსად ვერ გავედით“, – ამბობს ნინო ტუაევა.
„პუბლიკას“ გარდაბნის მერიაში განუცხადეს, რომ თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, მათ უნდა დაუკავშირდნენ და შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.
„სოციალურად დაუცველებს დავეხმარეთ, პროდუქტები გადავეცით. მაღაზია მუშაობს, პური და პროდუქტები შემოაქვს. ვის რა გაჭირვება აქვს – დაგვიკავშირდნენ და, შეძლებისდაგვარად, დავეხმარებით. ჩემი ტელეფონი ყველას აქვს და დავეხმარები, შეძლებისდაგვარად. დისტრიბუციაზე ვინც მიდის, იმას სთხოვონ და ამოუტანენ მაგათაც. არ აქვთ პრობლემა. ეს უფრო პროვოკაციის მიზნით არის. მე ასე მგონია. არ დაურეკია არავის მაგასთან დაკავშირებით“, – ამბობს მერის წარმომადგენელი გიორგი მახათაძე.