როგორ აფასებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პარტიების აკრძალვის სარჩელს

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი სამართლებრივად შეაფასა.

ორგანიზაციის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კონსტიტუციური მექანიზმი დემოკრატიის დაცვის უკიდურესი საშუალებაა და მისი გამოყენება მხოლოდ დემოკრატიული მმართველობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მკაფიო, კონკრეტული და მტკიცებულებებით გამყარებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამართლდეს.

ანალიზის მიხედვით, დასაბუთების მნიშვნელოვანი ნაწილი ეფუძნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შეფასებას და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის ერთმანეთთან თანამშრომლობის, ბოიკოტის, არჩევნების შედეგების არაღიარებისა და საერთაშორისო სანქციების მოთხოვნის ისეთ ქმედებებს, რომელთა კონსტიტუციით განსაზღვრულ აკრძალვის საფუძვლებთან დაკავშირება მნიშვნელოვნად პრობლემურია.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების ერთიან ანტიკონსტიტუციურ პროექტად წარმოდგენა მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ თითოეული მათგანის მიმართ კონკრეტული ქმედების, მიზნისა და რეალური საფრთხის არსებობა, ასევე ამ საფრთხეების საპირწონედ მათი აკრძალვის პროპორციულობა დამოუკიდებლად უნდა დადგინდეს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის შეფასებით, სარჩელებში ერთმანეთთან არის დაკავშირებული ისტორიული მოვლენები, ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობა, არჩევნების შედეგების არაღიარება, საპარლამენტო ბოიკოტი, ხელისუფლების კრიტიკა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიმართვა და ეს ყველაფერი ერთიანი ანტიკონსტიტუციური მიზნის გამოვლინებად არის წარმოდგენილი.

„კონსტიტუციური სარჩელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არა ცალკეული ფაქტების არსებობის მტკიცებაში, არამედ ამ ფაქტებიდან პარტიების აკრძალვის კონსტიტუციური საფუძვლის გამოყვანაში მდგომარეობს.

სარჩელები აერთიანებს ერთმანეთისგან სამართლებრივად განსხვავებულ საკითხებს – ისტორიულ მოვლენებს, ოპოზიციურ თანამშრომლობას, არჩევნების არაღიარებას, ბოიკოტს, საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერის მოთხოვნას და ცალკეულ კონფლიქტურ ეპიზოდებს – და მათ ერთიანი ანტიკონსტიტუციური მიზნის გამოვლინებად განიხილავს.

თუმცა პარტიის აკრძალვისთვის აუცილებელია გაცილებით მაღალი ხარისხის ინდივიდუალიზაცია: სასამართლომ თითოეული პარტიის მიმართ ცალკე უნდა დაადგინოს კონკრეტული არაკონსტიტუციური მიზანი, ამ მიზნის რეალური არსებობა, შესაბამისი ქმედებების უშუალო მიკუთვნება პარტიისთვის და საფრთხის საკმარისი სიმძიმე.

გარდა ამისა, უნდა დასაბუთდეს, რატომ არის სწორედ პარტიის სრული აკრძალვა აუცილებელი და რატომ ვერ იქნება საფრთხის აღმოფხვრა ნაკლებად შემზღუდველი საშუალებებით“, – წერს ორგანიზაცია.

SJC-ს მიხედვით, ერთ-ერთი პრობლემა ისიცაა, რომ სარჩელებში მკაფიოდ არ არის გამიჯნული პოლიტიკური საქმიანობის კანონიერად დაცული ფორმები იმ ქმედებებისგან, რომლებიც პარტიის აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ის მაგალითად ასახელებს არჩევნების შედეგების არაღიარებას, საპარლამენტო ბოიკოტს, ოპოზიციურ თანამშრომლობას, საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიმართვასა და ხელისუფლების კრიტიკას.

ორგანიზაციის შეფასებით, ამგვარი მოქმედებები შესაძლოა, მწვავე პოლიტიკური კონფლიქტის არსებობაზე მიუთითებდეს, თუმცა თავისთავად არ ადასტურებს კონსტიტუციით აკრძალული მიზნის არსებობას.

„მოსარჩელეებს უნდა ემტკიცებინათ არა მხოლოდ ის, რომ კონკრეტული მოქმედებები განხორციელდა, არამედ ისიც, ეს ქმედებები თავსდება თუ არა კონსტიტუციით აკრძალულ ჩამონათვალში და ემსახურება თუ არა აკრძალულ მიზნებს“, — აღნიშნავს SJC.

ამავე მიზეზით, ორგანიზაცია პრობლემურად მიიჩნევს ხელისუფლების შეცვლის მიზნის კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობასთან გაიგივებას.

SJC-ის განმარტებით, ხელისუფლების შეცვლის პოლიტიკური მიზანი თავისთავად დემოკრატიული პოლიტიკის ნაწილია. პრობლემა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, თუ ამ მიზნის მიღწევა ძალადობრივი ან სხვა არაკონსტიტუციური გზით არის დაგეგმილი.

ორგანიზაცია ასევე პრობლემურად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობის გამოყენებას საერთო „ანტიკონსტიტუციური პროექტის“ დასამტკიცებლად.

მათი პოზიციით, პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, საერთო კანდიდატების მხარდაჭერა, საარჩევნო კოალიციის შექმნა ან ხელისუფლების შეცვლის საერთო პოლიტიკური მიზნის დეკლარირება თავისთავად ლეგიტიმური პოლიტიკური საქმიანობაა.

„ამგვარი თანამშრომლობა კონსტიტუციურად პრობლემური მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საერთო პლატფორმა ემსახურება სწორედ კონსტიტუციით აკრძალული მიზნის განხორციელებას“, — აღნიშნავს ორგანიზაცია.

ანალიზის მიხედვით, ხელისუფლების საქმიანობის საერთაშორისო დონეზე კრიტიკა, ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებზე საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება ან უცხო სახელმწიფოებისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური ზომების მოთხოვნა შეიძლება იყოს მკვეთრი პოლიტიკური საქმიანობა, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას ან კონსტიტუციური წყობილების დამხობას.

„ამისთვის აუცილებელია კონკრეტული მტკიცებულება, რომ შესაბამისი მოქმედება სწორედ ამ კონსტიტუციურად აკრძალული მიზნის მიღწევას ემსახურებოდა“, – წერს SJC.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პერსპექტივა ვერ განიხილება იმ პოლიტიკური და ინსტიტუციური კონტექსტისგან განცალკევებით, რომელშიც მათი ინიცირება ხდება.

„როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის სივრცე მუდმივად ვიწროვდება, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია მზარდი ზეწოლის პირობებში მოქმედებენ, ხოლო ადამიანის უფლებებით დაცული სივრცე სწრაფად და დრამატულად მცირდება, ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციირება ქმნის რეალურ რისკს, რომ დემოკრატიის დაცვისთვის შექმნილი მექანიზმი „ქართული ოცნების“ ხელში სწორედ დემოკრატიის საწინააღმდეგოდ და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის საბოლოოდ გაქრობის დასკვნით ინსტრუმენტად იქცეს“, – წერს ორგანიზაცია.


პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი პირველმა კოლეგიამ განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადასცა. პლენუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე მოსამართლე შედის:

  • რევაზ ნადარია — საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
  • ვასილ როინიშვილი — თავმჯდომარის პირველი მოადგილე
  • ევა გოცირიძე
  • გიორგი თევდორაშვილი — სასამართლოს მდივანი
  • გიორგი კვენეტაძე
  • მანანა კობახიძე — თავმჯდომარის მოადგილე
  • სერგო მეთოფიშვილი
  • გიორგი მოდებაძე
  • გოგა კიკილაშვილი

სარჩელში მოთხოვნილია 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვა: „ერთიანობა — ნაციონალურ მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერ საქართველო — ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტურ პარტია“.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ეს პარტიები ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებენ და მათი საქმიანობა დაკავშირებულია ხელისუფლების ლეგიტიმაციის უარყოფასთან, კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ხელშეშლასთან.

ხუთივე პარტიის მიმართ სარჩელში სხვადასხვა კონკრეტული არგუმენტია მოყვანილი.

„ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა“ — სარჩელში პარტიას ცალკე ედავებიან 2004-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს. მოსარჩელეები საუბრობენ პატიმრების წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ძალადობასა და საკუთრებისა და სიცოცხლის უფლებების ხელყოფაზე. ამ ნაწილში ისინი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეყრდნობიან. ასევე, პარტიას სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირებულ მოქმედებასა და ხელისუფლების ლეგიტიმაციის უარყოფას უკავშირებენ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ — მის წინააღმდეგ მოყვანილი არგუმენტები ძირითადად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობასა და საერთო პოლიტიკური მოქმედების საკითხებს ეხება. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ კოალიცია სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად მოქმედებდა ხელისუფლების შეცვლისა და მისი ლეგიტიმაციის უარყოფის მიმართულებით.

„ძლიერი საქართველო — ლელო“ — სარჩელში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება „გახარია საქართველოსთვისთან“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე გაფორმებულ მემორანდუმზე. მოსარჩელეების მტკიცებით, პარტიები შეთანხმდნენ ერთმანეთთან საარჩევნო კონკურენციის შეზღუდვაზე, საერთო კანდიდატების წარდგენასა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთობლივ კამპანიაზე. ეს, მათი შეფასებით, ოპოზიციური ძალების კოორდინირებული მოქმედების ერთ-ერთი მაგალითია.

„გახარია საქართველოსთვის“ — პარტიის მიმართ სარჩელში რამდენიმე კონკრეტული ეპიზოდია მოყვანილი. მათ შორისაა 2021 წელს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა რამდენიმე საკრებულოში — ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, რუსთავში, ზუგდიდსა და სენაკში. ასევე, სარჩელი მიუთითებს 2024-2025 წლებში „ქართული ქარტიისა“ და სხვადასხვა ოპოზიციურ პლატფორმაში მონაწილეობაზე და 2025 წელს „ძლიერ საქართველოსთან“ საარჩევნო შეთანხმებაზე. ცალკე არის საუბარი გიორგი გახარიას 2021 წლის გადაწყვეტილებაზე ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით და 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

„ფედერალისტური პარტია“ — მის წინააღმდეგაც ძირითადი არგუმენტი სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირებულ პოლიტიკურ მოქმედებას უკავშირდება. მოსარჩელეები პარტიის მონაწილეობას ოპოზიციურ პლატფორმებსა და საერთო პოლიტიკურ ინიციატივებში იყენებენ იმის დასასაბუთებლად, რომ ის დანარჩენ პარტიებთან ერთად მოქმედებს.

მოსარჩელეების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ხუთივე პარტიის ცალკეული მოქმედებები საერთო კონტექსტში უნდა შეფასდეს. მათი მტკიცებით, პარტიები კოალიციების, საარჩევნო შეთანხმებების, ოპოზიციური პლატფორმებისა და ერთობლივი პოლიტიკური მოქმედებების გზით კოორდინირებულად მოქმედებენ.

სარჩელში ამ ქმედებებს მოსარჩელეები უკავშირებენ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობას, ხელისუფლების ლეგიტიმაციის უარყოფას და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ხელშეშლას.