პაპუაშვილი: ქალბატონ კოსს შეუძლია ეს ხატოვანი გამოთქმები, რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ გაიმეოროს

პუბლიკა

„ქალბატონ კოსს შეუძლია ეს ხატოვანი გამოთქმები, რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ გაიმეოროს… ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო“,- ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებას.

„ჩვენ რომ მოგვესმინა და დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო – პირველი, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო ეკონომიკურად იქნებოდა ისეთი დაზიანებული, როგორც მოლდოვა არის დაზიანებული.

ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო, დიდი ალბათობით, სამხედრო კონფლიქტში, ახალ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ომისგან ისეთივე დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორიც არის უკრაინა. ასე რომ „მთავარი ცოდვა“, რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მარტა კოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა.“

„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა”, – განაცხადა მარტა კოსმა.