საიას განცხადებით, ადვოკატს, რომელმაც გიორგი დავითაძე მოინახულა, საქმიანობაში ხელი შეუშალეს

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ორგანიზაციის ადვოკატს, რომელიც ციხეში გიორგი დავითაძეს შეხვდა, საქმიანობაში ხელი შეუშალეს, კერძოდ, დავითაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება.

საიას შეფასებით, ეს ქმედება საადვოკატო საქმიანობაში ჩარევა, ორგანიზაციის უფლებადაცვითი საქმიანობის ხელშეშლა და პატიმრისთვის ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების გაწევის დაბრკოლებაა.

„ადვოკატის საქმიანობის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მასში ჩაურევლობა საქართველოს კანონმდებლობით დაცული პრინციპებია. პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით. იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება.

შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს. მომხდარი განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის შეხვედრა უკავშირდებოდა პატიმრის განცხადებებს შესაძლო მძიმე სექსუალური ძალადობის შესახებ. ასეთ გარემოებებში სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება და არ შექმნას დაბრკოლებები ინფორმაციის დოკუმენტირებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებისთვის.

საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაყოვნებული პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დაეხია საკუთარი ჩანაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა დაწესებულება.

საია მოითხოვს:

საქართველოს სახალხო დამცველისგან – დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების, ისე პატიმრის სამართლებრივი დახმარებისა და კონფიდენციალური კომუნიკაციის გარანტიების დაცვის კუთხით და ყურადღება მიაქციოს პატიმრის უსაფრთხოებასა და შესაძლო ზეწოლის რისკებს;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისგან – მოახდინოს დროული და ქმედითი რეაგირება ადვოკატის პროფესიული უფლებების დასაცავად და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მსგავსი შეზღუდვების აღკვეთის საკითხი;

პროკურატურისგან – დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის გარემოებები“, – აცხადებს საია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გიორგი დავითაძის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ციხეში მომხდარი გაიხსენა ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ:

„შევხვდი გიორგი დავითაძეს, რომელმაც მომაწოდა დეტალური ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული გაუპატიურებისა და შესაბამისად წამების შესახებ, ასევე ზოგადად ციხეში, მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ეს დეტალური ინფორმაცია ჩავინიშნე სუფთა თაბახის ფურცელზე, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, კალმით და როდესაც გამოდიოდი დაწესებულებიდან, როდესაც მომქონდა აღნიშნული ინფორმაცია, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა განაცხადა, რომ ხელნაწერს ვერ გამოვიტანდი.

და როდესაც ვუთხარი, ამის მიზეზი აეხსნათ, ვერ ამიხსნეს, მან განაცხადა, რომ სულ რომ ცა ჩამოიქცეს, როგორც იგი ამბობდა, ამ დოკუმენტებს, ამ ჩანაწერებს ვერ გავიტანდი პენიტენციური დაწესებულებიდან.

ეს ადამიანები თავიანთ სახელებს არ ამბობდნენ, არც თანამდებობას მიუთითებდნენ, თუ რა პოზიცია ეკავათ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ერთი, რაც დანამდვილებით იცოდნენ, იყო ის, რომ ამ ჩანაწერებს ვერ გამოვიტანდი“, – თქვა მან.


2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ, ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

ტელეკომპანია „პირველმა“ სააპელაციო სასამართლოდან გაავრცელა დავითაძის აუდიოჩანაწერი, რომელშიც პატიმარი ამბობს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ ის „ბადრაგმა გააუპატიურა“. დავითაძის თქმით, ამ დროს ბადრაგები მას ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი 4.5-წუთიანი ვიდეოკადრები, თუმცა ვიდეოს ხმა არ ახლავს.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებულს შემოწმება-დათვალიერება უტარდება, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების ვერსიით, ამის შემდეგ „დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს“, რაც სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით განხორციელდა.

პენიტენციურმა სამსახურმა დავითაძის განცხადებებს სიცრუე უწოდა, ხოლო პენიტენციურისამსახურის დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, მე-6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, დავითაძის დაწესებულებაში შესახლების ვიდეოში „არათუ ღირსების შემლახავ ფაქტებს – ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი“.

დავითაძის დედის განცხადებით კი, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მომხდარს სრულად არ ასახავს. მისი თქმით, მასალა, რომელიც პროკურორმა ოჯახს აჩვენა, დაახლოებით 20 წუთის ხანგრძლივობისაა.

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობა 2025 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც იყო ინფორმირებული.

სახალხო დამცველის აპარატმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა პროკურატურას, რომელმაც აპარატის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

მოქმედმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, გავრცელებული ვიდეოკადრების შეფასებისას განაცხადა, რომ მასში „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რამე ტიპის ამსახველი მტკიცებულება“ ვერ ნახა.

ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო „უფრო მეტად ადასტურებს იმას, რასაც გიორგი დავითაძე ყვება, ვიდრე გამორიცხავს“.