ევროპარლამენტმა 445 ხმით მიიღო რეზოლუცია პარტიების აკრძალვის მცდელობაზე

პუბლიკა

ევროპარლამენტმა 445 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილია „ოცნების“ ლიდერების სანქცირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაგმობილია პარტიების აკრძალვის სარჩელი.

რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა 37 ევროპარლამენტარი, 97-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია შეიმუშავა ევროპალამენტის ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა: ევროპის სახალხო პარტია (EPP), სოციალისტები და დემოკრატები“ (S&D), „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტები“ (ECR), „განაახლე ევროპა“ (Renew) და „მწვანეების/ევროპული თავისუფალი ალიანსი“ (Greens/EFA) წარმომადგენლები.

საქართველოს საკითხი ევროპარლამენტმა ირანსა და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებთან ერთად განიხილა.

რეზოლუციით ევროპარლამენტარები:

  • მკაცრად გმობენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას ითხოვენ;
  • აცხადებენ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი ნაწილია და მისი სასამართლოს გზით აღმოფხვრა დემოკრატიასთან შეუთავსებელია;
  • მოითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიას;
  • ითხოვენ მშვიდობიანი პროტესტის გამო დაკავებული პირების გათავისუფლებას და პოლიტიკურად მოტივირებული „საბოტაჟის“ საქმეების შეწყვეტას;
  • მოითხოვენ იმ ნორმების გაუქმებას, რომლებიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიმართ არაპროპორციული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლევა;
  • გმობენ კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად;
  • ითხოვენ ევროპული პოლიტიკური ფონდების საქმიანობისთვის ხელის შეშლის შეწყვეტას.

ევროპარლამენტარები ასევე აკრიტიკებენ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების რეაგირებას და კვლავ ითხოვენ მიზანმიმართული სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც, მათი შეფასებით, პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე. დოკუმენტში კონკრეტულად დასახელებული არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე.

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინსვლის შესაძლებლობას გამორიცხავს.