ნიდერლანდების პარლამენტმა მხარი დაუჭირა ECHR-ში საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საჩივარს

პუბლიკა

ნიდერლანდების პარლამენტმა მხარი დაუჭირა დეპუტატ ქუინი რაჯკოვსკის (VVD) ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი საჩივარი უნდა შეიტანოს.

ინიციატივა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლს ეფუძნება, რომელიც სახელმწიფოთაშორისი საჩივრის მექანიზმს ითვალისწინებს.

რაჯკოვსკის დასაბუთებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონმდებლობასა და პოლიციურ ძალადობას იყენებს. დოკუმენტის ავტორის შეფასებით, ეს მოვლენები იმ ტენდენციის ნაწილია, რომლის შედეგადაც საქართველო რუსული მოდელისკენ მიექანება.

რაჯკოვსკი ასევე ხაზს უსვამს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, მსგავსი ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფოთაშორისი საჩივრის მექანიზმი გამოიყენონ.

რაჯკოვსკი ნიდერლანდების მთავრობას მოუწოდებს, ამ საკითხზე თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად იმოქმედოს და საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანოს.

პარლამენტის მიერ მთავრობისთვის მოწოდება არ ნიშნავს, რომ მისი შესრულება სავალდებულოა.