11 საერთაშორისო უფლებადამცველი და მედიის თავისუფლების ორგანიზაცია PACE-ის წევრებს მოუწოდებს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანონ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და რეპრესიული კანონების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დევნის გამო.
ერთობლივი წერილი ორგანიზაციებმა PACE-ის წევრებს 21 სექტემბერს გაუგზავნეს. წერილის მიზანია PACE-ის მიერ 2026 წლის 24 ივნისს მიღებული 2664-ე რეზოლუციის: „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება“ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციის შემდგომი განხორციელება. აღნიშნულ რეზოლუციაში სწორედ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შეტანისკენ მოწოდებაა გაკეთებული.
ორგანიზაციების განცხადებით, 2026 წლის თებერვალში ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშშიც რეკომენდებული იყო, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს საქართველოსთან დაკავშირებით სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შეტანის საკითხი განეხილათ. OSCE/ODIHR-ის მონაცემებით, მოსკოვის მექანიზმი საქართველოსთან დაკავშირებით 2026 წლის 29 იანვარს 23 მონაწილე სახელმწიფომ აამოქმედა, ხოლო შესაბამისი ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა.
წერილის თანახმად, ევროპის პარლამენტმაც 2026 წლის ივნისში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში PACE-ის რეკომენდაციის შემდგომი განხორციელებისკენ მოუწოდა. PACE-ის თანარაპორტიორმა საქართველოს საკითხზე, საბინა ჩუდიჩმა 24 ივნისს ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპის პარლამენტმა 17 ივნისს სრულად დაუჭირა მხარი PACE-ის 2025 წლის მოწოდებას და ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს მისი განხორციელებისკენ მოუწოდა.
ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული მოწოდებების განმეორებადობა საქართველოში არსებული ვითარების სიმძიმეზე მიუთითებს. მათი თქმით, საკითხი უკვე აღარ ეხება მხოლოდ იმას, მოხდა თუ არა საქართველოში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები და დემოკრატიული უკუსვლა, არამედ ის, თუ როგორ უნდა უპასუხონ ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა ფუნდამენტური უფლებების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შეზღუდვის სულ უფრო სისტემურ პრაქტიკას.
2664-ე რეზოლუცია PACE-ის მიერ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე 2024 წლიდან გამოჩენილი ყურადღების გაგრძელებაა. რეზოლუციაში ასამბლეა მიუთითებს, რომ 2624-ე რეზოლუციის მიღების შემდეგ დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზომები. PACE-ის განცხადებით, ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ შესრულებულა.
2664-ე რეზოლუციაში PACE ასევე აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული სისტემის რღვევა და ასამბლეის რეკომენდაციებზე ხელისუფლების მხრიდან რეაგირების არარსებობა სერიოზულ კითხვებს აჩენს ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა და გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების მზადყოფნასთან დაკავშირებით.
ამასთან, ასამბლეა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან, ისევე როგორც ქვეყანაში არსებულ სხვა პოლიტიკურ და სოციალურ ძალებთან, ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის ერთგული რჩება.
2025 წლის განმავლობაში PACE-მ საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე რეზოლუცია მიიღო. 2624-ე რეზოლუცია 2025 წლის 2 ოქტომბერს მიიღეს. მასში ასამბლეამ ევროპის საბჭოს ორგანოებს მოუწოდა, გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი საშუალება, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმები, ხოლო წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, გამოიყენონ ECtHR-ში სახელმწიფოთაშორისი სარჩელი 33-ე მუხლის საფუძველზე, რათა საქართველომ სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობით გათვალისწინებული სტანდარტები და ვალდებულებები.
რაც შეეხება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, PACE-მ 2025 წლის ზამთრის სესიაზე მისი უფლებამოსილება პირობებით დაამტკიცა. მოგვიანებით საქართველოს დელეგაციამ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა შეაჩერა. 2664-ე რეზოლუციის მიღების შემდეგ PACE-ის თანარაპორტიორმა საბინა ჩუდიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა ასამბლეას, რომ ამ ეტაპზე PACE-ში დაბრუნებას არ აპირებდა.
ერთობლივ წერილში ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ 2024 წლიდან მიღებული კანონებისა და ზომების მასშტაბსა და კუმულაციურ ხასიათზე.
მათ შორის ჩამოთვლილია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, შეკრებებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული უფრო მკაცრი წესები, ანტი-LGBTQI კანონმდებლობა, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ დაწესებული სხვა შეზღუდვები.
ორგანიზაციების შეფასებით, ეს ზომები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ მოქმედებს. მათი თქმით, კანონების აღსრულება დამოუკიდებელ ორგანიზაციებს საქმიანობის შეჩერებას ან შემცირებას აიძულებს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების, აღსრულების ღონისძიებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელება მიუთითებს, რომ ეს პრაქტიკა ფართოვდება.
„ერთობლიობაში, ეს ზომები ცალკეულ რეპრესიებს სულ უფრო გამყარებულ კონტროლის სისტემად გარდაქმნის“, – აცხადებენ ორგანიზაციები.
წერილში ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შეტანა ინდივიდუალურ საჩივრებს არ ჩაანაცვლებს.
ორგანიზაციების განცხადებით, ინდივიდუალურ დაზარალებულებს კვლავ შეეძლებათ საკუთარი საქმეების ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენა. ამ საქმეებმა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეგროვებულ დოკუმენტაციასთან ერთად, შესაძლოა მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეიძინოს ფართო მასშტაბის პრაქტიკასთან დაკავშირებული შესაძლო დარღვევების შეფასებისას.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 33-ე მუხლის საფუძველზე შეტანილ საქმეებს შესაძლოა სასამართლოში პრიორიტეტული განხილვა მიენიჭოს. ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს დემოკრატიული სისტემის სწრაფი გაუარესების პირობებში ეს სამართლებრივი მექანიზმის გამოყენების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით მოქმედებისთვის ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. მათი თქმით, ქვეყანაში კვლავ არსებობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და მოსახლეობა, რომელმაც არაერთხელ გამოხატა ერთგულება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოქმედება მანამდე, ვიდრე ავტორიტარული კონსოლიდაცია კიდევ უფრო გაღრმავდება და ვითარების შეცვლა უფრო რთული გახდება, ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების დამცველებს და აჩვენებს ევროპის საბჭოს შესაძლებლობას, დაიცვას კონვენციის სისტემა, როდესაც მისი ფუნდამენტური პრინციპები ხანგრძლივი ზეწოლის ქვეშაა.
ორგანიზაციები PACE-ის იმ წევრებს, რომლებმაც 2664-ე რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, მოუწოდებენ, საკუთარ მთავრობებთან იმუშაონ, რათა 33-ე მუხლთან დაკავშირებული რეკომენდაცია ეროვნულ დონეზე სერიოზულად განიხილონ.
მათი მოთხოვნაა, მთავრობებმა, დამოუკიდებლად ან ევროპის საბჭოს სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეაფასონ საქართველოსთან დაკავშირებით სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შეტანის სამართლებრივი და მტკიცებულებითი საფუძვლები.
წერილის თანახმად, ნებისმიერი ასეთი შეფასებისას აუცილებელი იქნება კონკრეტულად განისაზღვროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ის დებულებები, რომელთა დარღვევასაც სავარაუდო სისტემური დარღვევები უკავშირდება.
ორგანიზაციები PACE-ის წევრებს რამდენიმე შესაძლო ნაბიჯსაც სთავაზობენ. მათ შორისაა შესაბამისი მინისტრისთვის წერილობითი ან ზეპირი საპარლამენტო კითხვების დასმა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ 2664-ე რეზოლუციის შესრულების საკითხზე განხილვის ან მოსმენის გამართვის მოთხოვნა.
ორგანიზაციები ასევე საუბრობენ დამოუკიდებელ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და სამართლის ექსპერტებთან კონსულტაციების ხელშეწყობაზე, რათა შეფასდეს სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შესაძლო წარდგენის მტკიცებულებითი და პროცედურული საფუძვლები.
ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ PACE-ის წევრებს, საკუთარ მთავრობებს ევროპის საბჭოს სხვა წევრ სახელმწიფოებთან შესაძლო ერთობლივი მოქმედების საკითხზე კოორდინაციისკენ უბიძგონ.
„ჩვენი უშუალო მოთხოვნაა, რომ ასამბლეის მიერ 33-ე მუხლთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაცია თქვენმა მთავრობამ განიხილოს, როგორც კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც საჭიროებს სერიოზულ შეფასებასა და შემდგომ ნაბიჯებს“, – ნათქვამია წერილში.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მზად არიან, შესაბამის მხარეებს მიაწოდონ დამატებითი ინფორმაცია, სამართლებრივი ანალიზი და დოკუმენტაცია, რომელიც სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შესაძლო წარდგენის შეფასებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ)
- Human Rights House Foundation (HRHF)
- Human Rights Watch (HRW)
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH)
- Index on Censorship
- საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI)
- წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT)
- ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი
- ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
- PEN International
- წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT)