უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და სწორედ ამ ხალხს აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებაც.
„პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს ჩვენს ერს ომის დროს – ომს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის. მას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და სწორედ ამ ხალხს აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებაც.
საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს“, – წერს სიბიჰა.
10 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, „დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს“.
BBC-ის ცნობით, მან ეს განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის საპასუხოდ, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმებას შეეხებოდა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს“, რადგან ის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ნებართვას კვლავ გასცემს.
„ჯანდაბას, უნდა შეწყვიტოს“, – თქვა ტრამპმა, შემდეგ კი მიანიშნა, რომ უკრაინამ „ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია“.
„ჩვენ ვუთხარით: რუსეთს რაც გინდათ, ის უქენით, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყათ, რადგან ეს მსოფლიო პრობლემას ქმნის“, – განაცხადა მან.
„მას შეეძლო ბევრი შეთანხმების მიღწევა, მაგრამ რატომღაც ამას არასდროს აკეთებს“ – თქვა ტრამპმა.
ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა პუტინის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი. მან აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებს „სიმბოლური და ისტორიული“ უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება ლიდერობა, რომელიც „რეალურად მშვიდობაზე იქნება ორიენტირებული“.
მედიის ცნობით, 10 ოქტომბერს მაიამიში აშშ-ს, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ვადაზე ადრე დასრულდა. მოლაპარაკებები 9 და 10 ოქტომბერს იგეგმებოდა, თუმცა 10 ოქტომბერს აღარ ჩატარდა.
9 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს უახლოეს თვეებში ასობით ათას ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
„შევთანხმდით, რომ რუსეთი მიაწვდის დიზელის საწვავის 300,000-ზე მეტ ტონას ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ, კიდევ 500,000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, და 1,000,000 ტონას მას შემდეგ დაუყოვნებლივ. დამატებით, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროის განმავლობაში, დიზელის საწვავის 3,000,000 ტონას მიაწვდის.
ჰორმუზის სრუტის ჩვენი სრული კონტროლისა და რუსეთის ენერგეტიკაზე ამ შესანიშნავი განცხადების გათვალისწინებით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, რეალურად, მსოფლიოსთვის, დაიწევა, რეკორდულად, და სწრაფად!…“, – დაწერა ტრამპმა.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ მისი რამდენიმე თხოვნა უგულებელყო, შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი ტრამპს და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, ეუბნებოდა, რომ მზად არის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ უკრაინულ ელექტროსადგურებზე. თუმცა, ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპს სურდა, რომ უკრაინას ცალმხრივად შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, ვინაიდან მათ წვლილი შეჰქონდათ ამერიკაში საწვავზე მაღალ ფასებში და ტრამპს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის დარტყმების ტოლფასად არ მიაჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება, თუ ამას წინ არ უძღვის დეესკალაციის მკაფიო და ხანგრძლივი შეთანხმება, აშკარა სისუსტეა.
„რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობის მიცემა იმ ომში ინვესტირებაა, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გახანგრძლივდეს. საჭიროა რუსეთთან რეალური დეესკალაცია, ურთიერთსაპასუხო პრინციპის საფუძველზე“, – დაწერა ზელენსკიმ.