ვენეციის კომისიამ შეაფასა საქართველოში გრანტების შესახებ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები.
დასკვნა ეხება საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მიღებულ ცვლილებებს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომლითაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა, ბიზნესსუბიექტის პოლიტიკური აქტივობა, პარტიების მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა და ა.შ.
ვენეციის კომისია წერს, რომ მიღებული კანონები „ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური სისტემისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვის ნაცვლად, მიღებული კანონმდებლობა მათთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის“.
ვენეციის კომისიის განცხადებით, 2026 წლის მარტში მიღებული ცვლილებები 2023 წლიდან განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გაგრძელებაა. შესაბამისად, მათი გავლენის შესაფასებლად აუცილებელია არა მხოლოდ ცალკეული ცვლილებების, არამედ მთლიანად საკანონმდებლო ჩარჩოს კუმულაციური და სისტემური შედეგების გათვალისწინება.
კომისია აღნიშნავს, რომ ამ მიზნით, საჭიროებისამებრ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს „გრანტების შესახებ“ კანონში 2026 წლის 15 აპრილსა და 25 ივნისს მიღებულ ცვლილებებსაც.
ამასთან, ვენეციის კომისია განმარტავს, რომ დასკვნა არ მოიცავს საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და არჩევნების მარეგულირებელი მთელი კანონმდებლობის სრულყოფილ შეფასებას. დოკუმენტი ძირითად საკითხებსა და პრობლემურ მიმართულებებზეა კონცენტრირებული.
ვენეციის კომისია ასევე ხაზს უსვამს, რომ დასკვნაში 2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ცვლილებების ცალკეული დებულებების განხილვის არარსებობა არ ნიშნავს, რომ ვენეციის კომისია მათ ეთანხმება ან იწონებს.
ვენეციის კომისიის 2025 წლის დასკვნის თანახმად, მანამდე არსებული საკანონმდებლო ჩარჩო საფრთხეს უქმნიდა კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცესა და დემოკრატიულ თავისუფლებებს. კომისიამ მაშინ შემზღუდველი საკანონმდებლო აქტების გაუქმება და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება რეკომენდაციად გასცა.
კომისიის შეფასებით, 2026 წლის 4 მარტს მიღებული ცვლილებები წინა დასკვნებში გამოთქმულ შეშფოთებას არ პასუხობს. პირიქით – ისინი კიდევ უფრო აძლიერებს მთავრობის კონტროლს, აფართოებს შეზღუდვების მოქმედების სფეროს და ზრდის მონიტორინგის უფლებამოსილებებსა და სისხლისსამართლებრივ სანქციებს.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ წინასწარი სახელმწიფო კონტროლის, ფართო მონიტორინგის უფლებამოსილებებისა და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის საფრთხის პირობებში ფიზიკურმა პირებმა და ორგანიზაციებმა შესაძლოა თავი შეიკავონ კანონითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული კანონიერი საქმიანობისგან.
კომისიის შეფასებით, ამგვარი სამართლებრივი გარემო საფრთხეს უქმნის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, ასევე პოლიტიკური მონაწილეობის უფლებას. შეზღუდვები მოქმედებს არა მხოლოდ პირდაპირი აკრძალვებით, არამედ ისეთი გარემოს შექმნითაც, რომელშიც სამოქალაქო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ადამიანებს აქტიურობისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.
ვენეციის კომისიის შეფასებით, ფიზიკური პირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
კომისია მკაცრ რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, გადაიხედოს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებების დარღვევისთვის.
ეს ეხება აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფართოდ განსაზღვრულ ცნებასთან – „საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები“, უცხოური იურიდიული პირების საქმიანობასთან ან ისეთ გარიგებებთან, რომლებიც გრანტების მარეგულირებელი რეჟიმის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებულად მიიჩნევა.
კომისიის რეკომენდაციით, ასეთ შემთხვევებზე რეაგირება მხოლოდ ადმინისტრაციული საშუალებებით უნდა ხდებოდეს, სათანადო საპროცესო გარანტიების უზრუნველყოფით.
თუ ხელისუფლება სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების შენარჩუნებას გადაწყვეტს, კომისია მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ მკაცრად აუცილებელ და პროპორციულ შემთხვევებზე უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან, ზუსტად უნდა განისაზღვროს როგორც სანქციის გამომწვევი ქმედებები, ისე თავად სანქციები.
ასევე, ვენეციის კომისიის შეფასებით, მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოს აკლია სიცხადე და წინასწარ განჭვრეტადობა. ისეთი ცნებები, როგორიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული“ საქმიანობა, „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, „პარტიული პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის შექმნა“ და „სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება“ ზედმეტად ფართოდ და არაზუსტად არის განსაზღვრული.
ვენეციის კომისიის განცხადებით, ეს ქმნის გაურკვევლობას იმ პირთა წრის შესახებ, რომლებზეც შეზღუდვები ვრცელდება, და ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს. კომისია აღნიშნული ცნებების დაზუსტებასა და ვიწრო, მკაფიო განსაზღვრებას მოითხოვს.
ამასთან, კომისია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში კანონმდებლობის მიღების პროცესი მომავალში სათანადოდ ინკლუზიური უნდა იყოს, რათა იყოს ლეგიტიმური და საზოგადოებისთვის მისაღები.
მისი რეკომენდაციით, კანონშემოქმედებითი პროცესი განხილვისა და მსჯელობის საფუძველზე უნდა წარიმართოს, ხოლო დაჩქარებული პროცედურები გამონაკლისს უნდა წარმოადგენდეს. ყველა შესაბამის აქტორს უნდა ჰქონდეს პროცესში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.
ასევე, ვენეციის კომისიის შეფასებით, განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და გაძლიერების მიზანს. პირიქით, ის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს.
კომისია განსაკუთრებით გამოყოფს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.
ამ დასკვნის გამოტანისას კომისია ითვალისწინებს 2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ჩარჩოს კუმულაციურ და სისტემურ გავლენას მთლიანობაში, მათ შორის იმ ცვლილებებსაც, რომლებიც 2025 წლის 16 ოქტომბერს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში და მასთან დაკავშირებულ კანონებში შევიდა და ვენეციის კომისიის ცალკე დასკვნაში შეფასდა.
კომისიის საბოლოო შეფასებით, ეს კანონმდებლობა პლურალიზმისა და დემოკრატიის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება და საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური სისტემისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისგან დაცვის ნაცვლად, მათთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის.
ვენეციის კომისია ასევე წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასკვნის მომზადების პროცესში მასთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოუხატავს. მიუხედავად ამისა, კომისია დიალოგისთვის ღია რჩება.