2025 წლის შედეგებმა პრემიუმ ავტომობილების ბაზარზე საინტერესო ცვლილებები აჩვენა. ზოგი ცნობილი ევროპული და ამერიკული ბრენდი აშკარა სტაგნაციას განიცდის, მაშინ როცა ჩინური ბრენდების გაყიდვები სტაბილურად იზრდება. ჩინური ავტომობილების წილის ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია ელექტრო და დამუხტვადი ჰიბრიდული მოდელების სეგმენტებში.
მაგალითისთვის, ჩინურმა პრემიუმ ბრენდმა Voyah-მა 2025 წელს მომხმარებლებს 150,169 ავტომობილი მიაწოდა – 87%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს. Seres-ის ანგარიშით, AITO-ს მიწოდებამ 420 ათასს გადააჭარბა. აქედან 110 ათასზე მეტი ფლაგმანური M9 იყო, რომელიც მწარმოებლის ინფორმაციით დაახლოებით $75 000 ღირს. Reuters-ის მონაცემებით, AITO-ს წლიურმა ზრდამ თითქმის 8% შეადგინა. ეს ბრენდების მთლიანი წლიური შედეგებია და არა მხოლოდ ევროპის ბაზრის მაჩვენებლები.
იმავე პერიოდში Porsche-ის გლობალური გაყიდვები 10.0%-ით შემცირდა, რაც შეეხება კონკრეტულად ელექტრო და ჰიბრიდულ კატეგორიებს: Porsche-ის სრულად ელექტრო მოდელების გაყიდვები 9.0%-ით შემცირდა, ქსელიდან დასამუხტი ჰიბრიდების გაყიდვები კი 5.0%-ით გაიზარდა. დაახლოებით იგივე მაჩვენებელი ჰქონდა Land Rover-საც: სრულად ელექტრო მოდელების გაყიდვები 8.0%-ით შემცირდა. თუმცა ყველაზე თვალსაჩინო ალბათ მაინც Tesla-ს სურათია: ბრენდი, რომელიც ელექტრო ავტომობილების სინონიმად ითვლება, ასევე კლებას განიცდის – 2025 წელს მისი გაყიდვები 8.6%-ით შემცირდა.
ამასთან, ვერ ვიტყვით, რომ ინტერესი ელექტრომანქანების მიმართ მცირდება. ბლუმბერგის მიხედვით, 2021 წელს ჩინელ ავტომწარმოებლებს ევროპული ბაზრის 1%-იც კი არ ეჭირათ, მაშინ როცა 2026 წლის მაისში გაყიდული ყოველი მე-10 ავტომობილი ჩინური ბრენდის იყო. ზრდა განსაკუთრებით სწრაფი სწორედ ელექტრო სექტორში იყო: ამჟამად ჩინურ ავტომობილებს ამ სეგმენტის 15% უჭირავს. მაშინ, როცა ანალოგიურ 5-წლიან პერიოდში შემცირდა ინტერესი ამერიკული და კორეული მანქანების მიმართ.
ევროპული გაყიდვების დინამიკა აჩვენებს, რომ დღეს ახალი ჩინური ბრენდების მიმართ ინტერესი სტაბილურად მზარდია. და ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ ფასის დამსახურებაა, რადგან პრემიუმ სეგმენტის ჩინური ავტომობილები, როგორც წესი, დიდად არ ჩამოუვარდება ისტორიულ ევროპულ, ამერიკულ და აზიურ ბრენდებს. კვლევები აჩვენებს, რომ საკმაოდ დიდ როლს ევროპული ბაზრის ინტერესის ზრდაში ტექნოლოგიები თამაშობს. J.D. Power-ის ჩინეთის 2025 წლის კვლევამ პრემიუმ ელექტრო და დამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილების ახალი ფუნქციების გავრცელება და მფლობელების გამოცდილება შეაფასა. შემოწმდა, რამდენად მოსწონთ მომხმარებლებს ტექნოლოგიები და რა პრობლემებს აწყდებიან მათი გამოყენებისას. მკვლევრების დაკვირვებით, ჩინური ბრენდები ახალ ფუნქციებს უფრო სწრაფად ნერგავენ, ვიდრე ევროპულ-ამერიკული მწარმოებლები, რომლებსაც ინოვაციების ინტეგრაციისთვის მეტი დრო სჭირდებათ (ხშირად, ბიუროკრატიის გამო).
ბოლო წლებში ახალი ჩინური ავტომობილები საქართველოშიც სტაბილურად იკავებს მოწინავე პოზიციებს გაყიდვებში. თუმცა ბრენდების რიცხვის ზრდასთან ერთად, თითოეულის წარმატება ადგილობრივ ავტობაზარზე სულ უფრო მეტადაა ადგილობრივ პარტნიორებზე დამოკიდებული. ამგვარი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია DMG Group და Li Auto.
DMG Group ქართული მრავალპროფილური ბიზნესჯგუფია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ავითარებს. მედიასფეროში ამჟამად ყველაზე ცნობილია მისი დეველოპერული პროექტი, პრემიუმ მულტიფუნქციური კომპლექსი პენტჰაუსით, იმობილიარეს ბრენდის ქვეშ. Li Auto-სთან თანამშრომლობა კომპანიამ 2025 წელს დაიწყო. ამჟამად, Li Auto-ს ქართული შოურუმის სამოდელო ხაზში წარმოდგენელია L სერიის ჰიბრიდები და i სერიის სრულად ელექტრო ავტომობილები.
ევროპულ ბაზარზე პრემიუმ ავტომობილების სეგმენტის ცვლილებას ორი ძლიერი დრაივერი აქვს: ფასების დინამიკა და ტექნოლოგიების შეფასება. მარტივად რომ ვთქვათ, ევროპელი მყიდველი სულ უფრო ხშირად გრძნობს, რომ საფასურის სანაცვლოდ ჩინური ავტომობილის ყიდვისას უფრო მეტს იღებს. ამის პარალელურად სუსტდება კლასიკური ბრენდებისადმი ლოიალურობა – ლოგოზე წინ თანამედროვე მყიდველი პრაქტიკულ მახასიათებლებს აყენებს. ქართველი მყიდველი გამონაკლისი არაა – ბრენდის ისტორიასა და ინოვაციურ ფუნქციებს შორის კონკურენციაში, სულ უფრო ხშირად ეს უკანასკნელი იგებს.