რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას.

როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, მეორე პაციენტზეც პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. მას დღეს განმეორებითი ტესტი გაუკეთდება.

„თუ აქაც უარყოფითი პასუხი იქნება, მაშინ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას. ნელ-ნელა დავიწყეთ პაციენტების გაჯანმრთელება. ჩვენთან პირველი პაციენტია, ვინც გამოჯანმრთელდა. კარგი დასაწყისია”, – ამბობს ის.

მისი თქმით, რესპუბლიკურში დაკვირვების ქვეშ 67 ადამიანია. მთგან 40-ს აქვს დადასტურებული კორონავირუსი.

გოფოძის თქმით, მართვით სუნთქვაზე არცერთი covid-პაციენტი არ გვყავს, თუმცა ორ პაციენტს სერიოზულად მიმდინარე პნევმონია აქვს. მათგან ერთი ჟანგბადდამოკიდებულია, რიგი თანმხლები დაავადებებით. მისივე თქმით, ამ დროისთვის მათი მდგომარება შეიძლება შეფასდეს მძიმედ, მაგრამ არა კრიტიკულად.