ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა — პენიტენციური სამსახურის ცნობით, ის საკანში საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა.
უწყების ცნობით, შუახნის მამაკაცი 6-კაციან საკანში 5 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა, როცა საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და სახით დაეცა.
პენიტენციურ სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ თანამესაკნეებმა მაშინვე დაუძახეს ციხის თანამშრომლებს, რომლებიც საკანში 1 წუთში მივიდნენ, გაუწიეს სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უწყების განცხადებით, პროცედურების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მიმართა პროკურატურას. დაწყებულია გამოძიება.
განახლება:
მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებაც გაავრცელა და მიუთითა, რომ გარდაცვლილია ბრალდებული გ.გ, რომელიც ციხეში 2 კვირის წინ – 2026 წლის 2 ოქტომბერს განთავსდა, ხოლო 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.
უწყება წერს:
„ბრალდებული გ.გ №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2026 წლის 2 ოქტომბერს (ბრალდებული სსსკ-ის 276-ე მუხლის I-V-ნაწილით – მანქანის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ). 2026 წლის 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, ბრალდებულ გ.გ.-ს თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. ამ დროს საკანში მისი ხუთი თანამესაკნე იმყოფებოდა.
ამასთან, დერეფანში, საკნის კართან იდგა დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელიც საკნის კარის სარკმლიდან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ მსჯავრდებულს ეკონტაქტებოდა. სოციალურმა მუშაკმაც გაიგო საკანში დაცემის ხმა, რაც ნათლად ჩანს დაწესებულების დერეფანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერში ასახულ მის რეაქციაში.
შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე გამოცხადდა დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, რომელმაც ბრალდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. 14:36 საათზე დაწესებულებაში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე 14:50 საათზე გამოცხადდა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა, 15:15 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალება.
მომხდარის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა იმერეთის საოლქო პროკურატურას, რის შემდეგაც ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და გამოძიებას უკვე მიეწოდა საქმესთან დაკავშირებული მასალები სრულყოფილად“.