ავტორი: ნეიტ ოსტილერი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ გააკრიტიკა „აზერბაიჯანული ჯგუფის“ „პროვოკაციული“ ქმედებები. მისი თქმით, ეს ჯგუფი კონფერენციებს მართავს [ახალი კალედონიის დედაქალაქ] ნუმეაში და „საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე აჯანყებისკენ მოუწოდებს“. მინისტრს ჯგუფის სახელი არ დაუსახელებია, თუმცა ის „ბაქოს ინიციატივების ჯგუფს“ (BIG) გულისხმობდა – ფორმალურად დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც ანტიკოლონიურ აქტივიზმზეა ორიენტირებული.
„ბაქოს ინიციატივების ჯგუფის“ განცხადებით, მისი საქმიანობა მიზნად ისახავს „კოლონიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმისგან დაზარალებული ხალხების ბრძოლის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და თანაბარი უფლებების მხარდაჭერას, მათ შორის იმ მკვიდრი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, რომელთა უფლებებსაც მმართველი ხელისუფლებები ზღუდავენ“.
„ბაქოს ინიციატივების ჯგუფის“ საქმიანობის ძირითადი ნაწილი საფრანგეთის წინააღმდეგ არის მიმართული, ხოლო მათი ყველა სხვა კონფერენცია სომხეთის სხვა მოკავშირე ქვეყნებს ეხება. ამის გამო ორგანიზაციას აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ იგი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია და არა ანტიკოლონიური უფლებადამცველი ჯგუფი, რომელიც საკუთარ საქმიანობას გულწრფელად ემსახურება.
13 ოქტომბერს ჟან ნოელ ბარომ თქვა, რომ ავტოკრატიული სახელმწიფოები და მათთან დაკავშირებული ავტორიტარული ძალები ცდილობენ, „საზოგადოებრივი დებატები პოლარიზაციისკენ მიმართონ“, რაც დემოკრატიის წინააღმდეგ მათი უფრო ფართო ბრძოლის ნაწილია.
„აზერბაიჯანულ ჯგუფთან“ ერთად ბარომ ახსენა „ისრაელის კომპანია, რომელიც ყალბ ფრანგულ ანგარიშებს ქმნის პალესტინის საკითხზე ხელოვნური დაპირისპირების გასაღვივებლად“ და „ილონ მასკის მიერ მასშტაბურად წარმოებული ონლაინშევიწროების კამპანიები“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საფრანგეთი აზერბაიჯანის მიერ საკუთარი ზღვისიქითა ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ, თვითგამოცხადებულ ანტიკოლონიურ საქმიანობას აპროტესტებს. 2024 წელს საფრანგეთმა აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში მომხდარი სასიკვდილო არეულობის გაღვივებაში დახმარებაში დაადანაშაულა, რასაც ბაქომ მოგვიანებით უარყო.
ბაროს ბოლო განცხადების საპასუხოდ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი რაიმე უკანონო ან შეუფერებელ ქმედებას არ ახორციელებდა.
„ბრალდებები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი ერევა ახალი კალედონიისა და საფრანგეთის სხვა ზღვისიქითა ტერიტორიების მოსახლეობის ბრძოლაში საკუთარი უფლებებისთვის, სრულიად უსაფუძვლოა“, – განაცხადა 14 ოქტომბერსაზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადემ.
„საფრანგეთის ოფიციალური პირებისთვის უფრო მართებული იქნებოდა, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება საფრანგეთის საკუთარ პოლიტიკაში ამ პრინციპების თანმიმდევრულად გამოყენებაზე გაემახვილებინათ“.
ჰაჯიზაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბაქო მოუწოდებდა „ფრანგულ მხარეს, შეწყვიტოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები და საერთაშორისო ურთიერთობებში დაიცვას ურთიერთპატივისცემის, სუვერენული თანასწორობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები“.
მოგვიანებით განცხადებას აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი სოფი ლაგუტიც გამოეხმაურა და საპასუხო პოზიცია დააფიქსირა.
როგორც ჩანს, ამან „ბაქოს ინიციატივების ჯგუფი“ ვერ შეაჩერა – ორგანიზაციამ მას შემდეგაც განაგრძო ახალი კალედონიისა და საფრანგეთის სხვა ზღვისიქითა ტერიტორიებზე დეკოლონიზაციის მოთხოვნა.
ორგანიზაციის განცხადებებს შორის იყო ახალი კალედონიის მკვიდრი კანაკი ხალხის აქტივისტების პირდაპირი მოწოდებაც: „ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ საფრანგეთმა ამ ტერიტორიაზე კოლონიური პოლიტიკის გატარება განაგრძოს“.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.