საფრანგეთში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას შეტაკებები იყო, დააკავეს 1200 ადამიანი

პუბლიკა

საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს შეტაკებები მოხდა.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, მათ შორის ლიმოჟში, სადაც მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.

ადგილობრივმა პრეფექტმა, მორის ბარატმა განაცხადა, რომ შენობისთვის მიყენებული ზიანი კულტურული მემკვიდრეობისთვის კატასტროფაა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს 1200 ადამიანი დააკავეს, 150 პოლიციელი კი დაშავდა.

საფრანგეტის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა ვანდალიზმსა და სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებში, პასუხს აგებს და დაისჯება.

„ჩვენს ქვეყანაში ძალადობის ადგილი არ არის. ისინი, ვინც მონაწილეობდნენ ვანდალიზმში, თავს დაესხნენ სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ, მათ შორის, მერიის შენობებსაც, მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან და დაისჯებიან”, – დაწერა მაკრონმა X-ზე.

როგორც BBC საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს,  საპროტესტო აქციები მოიცავდა „მიზანმიმართულ ძალადობრივ ქმედებებს” „კაპიუშონიანი პირების” მხრიდან მათ შორის დედაქალაქში, ასევე მარსელში, რენში, ტულუზასა და ანჟეში.

საფრანგეთში ბოლო კვირების განმავლობაში ასობით ათასი მოსწავლე აპროტესტებდა კადრების დეფიციტსა და მოძველებულ ინფრასტრუქტურას ქვეყნის საშუალო სკოლებში. შაბათს, მათ რიგებს პროფკავშირების წევრები და სხვა საპროტესტო ჯგუფები შეუერთდნენ.