ავტორი: ნეიტ ოსტილერი
გასულ კვირას ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა თურქეთის აკრძალვას გვერდი აუარა და ბაქოში კომერციული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავით გაემგზავრა. ამან ანკარაში აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით თურქმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ, რომ კომერციული რეისის მგზავრებს შორის ჰერცოგიც იმყოფებოდა.
2 წლის წინ, 2024 წელს თურქეთმა იცხაკ ჰერცოგს აზერბაიჯანში ვიზიტისას საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა. შედეგად, ჰერცოგი აღარ გაემგზავრა ბაქოში, სადაც ის COP29-ზე დასწრებას გეგმავდა.
ეს ინფორმაცია აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე გავრცელდა. დაპირისპირების მიზეზი აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვის საკამათო გადაწყვეტილება გახდა. ამავდროულად, ანკარა დიდი ხანია უკმაყოფილოა აზერბაიჯანის ისრაელთან მჭიდრო კავშირებით. თურქი კომენტატორების ნაწილმა ეს ორი საკითხი ერთმანეთს დაუკავშირა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ბაქოს მხრიდან ისლამისადმი გამოხატული სავარაუდო უპატივცემულობა ნაწილობრივ სწორედ ისრაელთან მეგობრობით შეიძლება აიხსნას.
პარასკევს გავლენიანმა პროსამთავრობო აზერბაიჯანულმა მედია APA-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლითაც თურქეთში ამ ფრენის გამო ატეხილი „აურზაური“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „საკითხი საკმაოდ მარტივია“.
„ისრაელის პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტისთვის არც სპეციალური თვითმფრინავი გამოუყენებიათ და არც რაიმე უჩვეულო რეისი დაუგეგმავთ. ის აზერბაიჯანში კომერციული რეისის მგზავრის სტატუსით ჩამოვიდა. თუმცა თურქეთში ისინი, ვინც ყოველ ჯერზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ საბაბს ეძებენ და „ამას ჩხრეკენ“, ამ საკითხსაც მანიპულაციის საგნად აქცევენ“, – წერს APA.
ეს ფრენა სხვა აზერბაიჯანულმა მედიებმაც გააშუქეს. მათი მტკიცებით, თურქეთისთვის იცხაკ ჰერცოგის საჰაერო სივრცით სარგებლობის შესახებ შეტყობინების გაგზავნა საჭირო არ იყო, რადგან ის კომერციული თვითმფრინავით მგზავრობდა.
ჰერცოგი აზერბაიჯანში აზიის ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციაზე (CICA) დასასწრებად იმყოფებოდა. ქვეყანაში ყოფნისას მან ასევე პირისპირ შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
სამიტის მსვლელობისას ჰერცოგის სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და სხვებმა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.