ქარტია: სანაიას მეორედ დაკავება კრიტიკული ხმის ჩასახშობად კანონის ინსტრუმენტალიზაციაა

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდებას კრიტიკული ხმის ჩასახშობად კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციად აფასებს.

19 ოქტომბერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს ბრალად შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფა ედება. საქმეს საფუძვლად სანაიას ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ორი სტატუსი და ერთი ვიდეო დაედო.

ვახო სანაიას გამოხატვის თავისუფლება, როგორც მოქალაქეს, უკვე მესამედ შეეზღუდა. 22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მას მსგავსი „სამართალდარღვევისთვის“ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 10 ივლისს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 6000 ლარით დააჯარიმა.

ქარტია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობაში შეტანილი რეპრესიული ხასიათის ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების, წინააღმდეგ არაპროპორციული ზომების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

„ქარტია ვახო სანაიას შემთხვევას სადამსჯელო მიზნებისთვის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევს, მოქალაქისა და ჟურნალისტის კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის საქმიანობის შესაზღუდად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქარტიის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებებითა და მათი აღსრულების პრაქტიკით „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა თმენის ვალდებულებაზე.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტსა და მოქალაქეს უცხადებს სოლიდარობას, რომელთა გამოხატვის თავისუფლებაც, ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ სამართლებრივი თუ ძალისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით იზღუდება.