მედიაკოალიცია: სანაიას 30-დღიანი პატიმრობა ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლის მორიგი მაგალითია

პუბლიკა

მედიაკოალიციის შეფასებით, ჟურნალისტ ვახო სანაიას 30 დღით დაპატიმრება ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლის მორიგი საგანგაშო მაგალითია.

„მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად ლახავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, „ფორმულას“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც მზარდი ზეწოლისა და რეპრესიული მეთოდების მიუხედავად, საზოგადოების ერთგულად მსახურებას აგრძელებს“, – აცხადებს მედიაკოალიცია.

19 ოქტომბერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფა ედება ბრალად. საქმეს საფუძვლად სანაიას ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ორი სტატუსი და ერთი ვიდეო დაედო.