„შესწავლის ეტაპზე ვართ“ - სახალხო დამცველი პარტიების აკრძალვის სარჩელზე

პუბლიკა

„შესწავლის ეტაპზე ვართ“ – ასე პასუხობენ სახალხო დამცველის აპარატში შეკითხვას, წარადგენს თუ არა სახალხო დამცველი მოსაზრებას პარტიების აკრძალვის სარჩელზე.

წარდგენილი ხომ არ ჰქონდა ომბუდსმენს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება – ამ საკითხით სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე დაინტერესდა. 19 ოქტომბერს მან მიმართა ლევან იოსელიანს, გამოიყენოს უფლებამოსილება და წარმოადგინოს სამართლებრივი პოზიცია.

საკონსტიტუციო სასამართლო მეორე დღეა განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნას, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს და აიკრძალოს 5 მსხვილი ოპოზიციური პარტია.

ამ სარჩელზე სასამართლოში ორი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაა (ამიკუსი) წარდგენილი, ერთის ავტორია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ხოლო მეორის – იურისტი, GIPA-ს პროფესორი თინათინ ერქვანია.

საიას ამიკუსი

საია მიიჩნევს, რომ პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვისას სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს, დემოკრატიული პლურალიზმის მდგომარეობასა და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.

ორგანიზაციის შეფასებით, „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის“ კონცეფცია, რომელსაც მოსარჩელე დეპუტატები სარჩელში იშველიებენ, შესაძლოა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიის იურიდიულ ინსტრუმენტად იქცეს, თუ მას არადემოკრატიული პოლიტიკური სისტემა გამოიყენებს.

საია მიიჩნევს, რომ პარტიის აკრძალვისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, სხვა პარტიებთან თანამშრომლობა ან საერთო პოლიტიკურ დოკუმენტთან მიერთება — სასამართლომ უნდა შეაფასოს, დასაბუთებულია თუ არა კონსტიტუციით გათვალისწინებული აკრძალვის კონკრეტული საფუძველი.

ორგანიზაცია ცალკე გამოყოფს პარტიას „გახარია საქართველოსთვის“. საიას შეფასებით, ამ პარტიის მიმართ სარჩელის არგუმენტაცია არათანმიმდევრულია, რადგან პარტიას საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამს და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობს. საია აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დეპუტატების ლოგიკით, მანდატებზე უარის თქმა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მიზნის არსებობას უკავშირდება.

საია ასევე მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის საკითხები განსაკუთრებულ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. ორგანიზაციის მოსაზრებით, კანონმდებლობით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გაფართოება კონსტიტუციასთან შესაბამისობის პრობლემას ქმნის.

თინათინ ერქვანიას ამიკუსი

თინათინ ერქვანია მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და პროცესი ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას უკავშირდება.

მოსაზრების ავტორი წერს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დემოკრატიის დაცვის მექანიზმია, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ მკაცრი სამართლებრივი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაშია შესაძლებელი.

ერქვანიას მაგალითად მოჰყავს გერმანიის გამოცდილება და აღნიშნავს, რომ პარტიის აკრძალვისთვის მხოლოდ ანტიკონსტიტუციური განცხადებები საკმარისი არ არის — უნდა დასტურდებოდეს როგორც ანტიკონსტიტუციური მიზნები, ისე მათი განხორციელების რეალური შესაძლებლობა.

ერქვანია მიიჩნევს, რომ ხუთი ოპოზიციური პარტიის შემთხვევაში ეს წინაპირობები არ დასტურდება. მისი შეფასებით, სარჩელში არასწორად არის განმარტებული ევროპული სასამართლოების პრაქტიკა, მათ შორის ესპანეთში ბასკური პარტია „ბატასუნასა“ და თურქეთში „კეთილდღეობის პარტიის“ აკრძალვის საქმეები, რომელთა გარემოებებსაც ავტორი საქართველოში მიმდინარე პროცესისგან განსხვავებულად მიიჩნევს.

მოსაზრების ავტორი ასევე აკრიტიკებს 2025 წელს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც, მისი შეფასებით, პარტიის აკრძალვის შემდეგ მასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს. ერქვანიას აზრით, ასეთი შეზღუდვები პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლებაში არათანაზომიერი ჩარევაა და შესაძლოა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოლიტიკური სივრციდან გამოთიშვას ემსახურებოდეს.

ცალკე საკითხია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადა, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვას ეხება. ერქვანიას შეფასებით, ეს ვადა საკმარისი არ არის საქმის მასალების სრულყოფილად შესასწავლად და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის პრობლემას ქმნის.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ სპექტრს, მისი შეფასებით, ამომრჩეველთა სულ მცირე 35% უჭერდა მხარს. ერქვანიას აზრით, ამ პარტიების აკრძალვის მოთხოვნა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის პოლიტიკური წარმომადგენლობის შეზღუდვის საფრთხეს ქმნის.

მოსაზრებაში ერქვანია აკრიტიკებს ხელისუფლების სამივე შტოს შორის ძალაუფლების ბალანსის მდგომარეობასაც და წერს, რომ საქართველოში ძალაუფლება მმართველი პარტიის ინტერესების გარშემო არის კონცენტრირებული. მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი ამ ტენდენციის ნაწილია.