გიორგი დავითაძის ოჯახი პატიმრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც ის დავითაძისთვის გამოცხადებული სოლიდარობის გამო ციხის თანამშრომლების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.
აუდიოჩანაწერი „ტვ პირველმა“ გაავრცელა. გიორგი დავითაძის ოჯახის ადვოკატმა სალომე ჯანუაშვილმა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ პატიმარი ციხედან გიორგი დავითაძის დედას დაუკავშირდა და საუბრის აუდიო ჩანაწერი მისივე თანხმობით გაკეთდა.
„ზუსტად ვიცი და მჯერა გიორგისი, რატო იცი? ზუსტად მაგ დღისით, 2 რიცხვში ყველა თანამშრომლები დადიოდნენ და გიორგის აგინებდნენ, ხო მაინც გაგაუპატიურეთ, შენი ასე და ისეო, ოჯახის მიმართულებით. მე მაგის გამო, გამოვუცხადე სოლიდარობა, თავის დაზიანების ფორმით, და თანამშრომლები ჩემთან რომ შემოვიდნენ, გიორგიმ დაიმსახურაო და მაგიტომ გავაუპატიურეთო, რეზინიანი თითითო, მაგის გამო თვალებში ვაფურთხე…
დამესივნენ აქეთ-იქიდან, შემაგდეს მანქანაში, ჩემთან ერთად ბიჭები ვინც წამოიყვანეს, 6 კაცი წამოგვიყვანეს ლაითურში, სპეცრაზმი აბსოლუტურად ყველას აგინებდა, მარიამობის დღესასწაული, აგვისტოში, მივულოცე პატიმრებს და მაგის გამო შემომიცვივდნენ, აქეთ-იქედან თავზე დამახტნენ, მერე ერთმანეთს გადაეფარნენ, მუხლებს მირტყამდნენ, დეესკალაციაში ჩამიყვანეს, მთელი დღის განმავლობაში ბორკილი ბოლომდე მქონდა გაჭერილი, სისხლები მდიოდა, ჩალურჯებული მქონდა, მერე ტემპერატურით მაწამეს. რაც მოვიდა გიორგი მე-6 ში, მაგის შემდეგ, აგინებენ, ეუბნებიან, გარედან შემოგითვალესო“, – ამბობს პატიმარი გელა ისაშვილი აუდიოჩანაწერში.
პენიტენციური სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გელა ისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი ფაქტი დაწესებულებაში არ მომხდარა.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ გელა ისაშვილი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში რამდენიმე წელია, იმყოფება და სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) იხდის, სისტემატურად არღვევს დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს და არ ემორჩილება დადგენილ წესებს, რის გამოც მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული დისციპლინური სახდელი.
აქვე განვმარტავთ, რომ 2023 წელს, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, გელა ისაშვილს აღმოაჩნდა აკრძალული ნივთი – კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი, ე.წ. ბრაგა, რის გამოც მას სასჯელი დაემატა. იმავე წლის ივნისში სასამართლო სხდომაზე მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდების მხარის პროკურორს, რის გამოც მას დამატებითი სასჯელი კვლავ დაეკისრა. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი არაერთი მსგავსი საქციელის გათვალისწინებით, 2025 წლის 8 აგვისტოს იგი მაღალი რისკის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი“,- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
7 ოქტომბერს გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ბადრაგებისა და სპეცრაზმელის მხრიდან ძალადობაზე პატიმარი დავით მინასოვი საუბრობდა.
ციხეში ძალადობის საკითხზე პროკურატურამ უკვე გამოჰკითხა ლაშა ჩაჩანიძე. მინასოვის მსგავსად, ისიც აცხადებს, რომ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო სცემეს.
როგორც ადვოკატი ანა აკოფოვა ამბობს, ლაშა ჩაჩანიძემ ჩვენებაში თქვა, რომ მასზე ბადრაგების გარდა სპეციალური დანიშნულების რაზმმაც იძალადა. ადვოკატის თქმით, ჩაჩანიძეს ბადრაგების ამოცნობა შეუძლია, თუმცა სპეცრაზმის წევრების – არა.
N6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა. მისი განცხადების მიხედვით, „საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება.“ ელისაშვილი წერს, რომ პროტესტის გამო „ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.“
პენიტენციურმა სამსახურმა პროტესტის გამო პატიმრების დეესკალაციის ოთახებში გადაყვანის და ძალადობის ბრალდებები რამდენჯერმე უარყო.