საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს
სამი დღის განმავლობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარლამენტის 88 წევრის სარჩელს განიხილავდა, რომელიც მიემართება შემდეგ 5 ოპოზიციური კოალიციისა და პარტიის აკრძალვას. ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო–ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.
სასამართლო განხილვებში მხოლოდ „ფედერალისტები“ არ მონაწილეობენ.
23 ოქტომბრის სხდომაზე სასამართლომ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრების შუამდგომლობები მოისმინა. პლენუმმა არ დააკმაყოფილა პარტიის მოთხოვნა სხდომის გადადებისა და შესაგებლის მოსამზადებლად დამატებითი დროის გამოყოფის შესახებ, ასევე უარი თქვა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილებაზე. პარტიის სხვა მოთხოვნებზე, ჩორჩანის საგუშაგოსა და 20 ივნისის მოვლენებზე ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და სხვა მაღალჩინოსნების მოწმედ გამოძახებასა და საპასუხო მტკიცებულებების წარდგენაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.
აღსანიშნავია, რომ წინა განხილვებზე პლენუმმა მხარეების არაერთი შუამდგომლობა მოისმინა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლების არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შვიდივე მოსამართლის აცილება მოითხოვა, ხოლო „ლელომ“ სამი მოსამართლის. პლენუმმა მიიჩნია, რომ მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა; სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობაც მათი საქმის ცალკე განხილვასთან დაკავშირებით და უარყო მიხეილ სააკაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მოწმეებად დაბარების მოთხოვნები; ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს 2025 წელს შექმნილი წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნისა და მასთან დაკავშირებული მასალების მტკიცებულებათა სიიდან ამოღება, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.
რუსეთთან ურთიერთობაში სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველე დაინიშნა – დილომატთა საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა. კობახიძის განცხადებით, რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და ჰუმანიტარული დიალოგი ხელისუფლების პრიორიტეტია, ხოლო ზურაბაშვილს ამ ამოცანების შესრულებაში, ჟენევის ფორმატთან ერთად, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. კობახიძის თქმით, გიორგი ზურაბაშვილი ამავდროულად განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“ გამოეხმაურა და იგი სახიფათო ნაბიჯად შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, მოქმედი მაღალი რანგის დიპლომატისთვის ამ სტატუსის მინიჭება შესაძლოა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საფუძვლად ან ერთ–ერთ ფორმად ჩაითვალოს, რაც საქართველოს აქამდე დეკლარირებულ მიდგომას ეწინააღმდეგება.
„დიპლომატთა საზოგადოება“ განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს მანდატისთვის „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების“ საკითხის დამატებას. მათი შეფასებით, ეს აღქმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, სადაც მედიატორები ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ არიან, პირდაპირ ალტერნატივად, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და საქართველოს რუსეთთან პირისპირ მარტო დატოვების რისკებს ზრდის.
„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს
სასამართლომ ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი, რომლებმაც 2025 წლის 8 სექტემბერს კახა კალაძის შტაბთან „პუბლიკის“ ჟურნალისტებს ქეთევან მიქაძესა და ალექსანდრე ქეშელაშვილს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ტელეფონები წაართვეს, დამნაშავედ ცნო.
ბრალის აღიარების შემდეგ საბა მინდიაშვილს 3 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა, ხოლო ლევან ზარდიაშვილს, რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, 4 000 ლარის ჯარიმა და 5 წლით პირობითი მსჯავრი. ლევან ზარდიაშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობდა.
განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლომ მხარეთა დასკვნითი სიტყვები მოისმინა. ლევან ზარდიაშვილის ადვოკატმა, თამთა ჯანიაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უსაფუძვლო ბრალდების მსხვერპლი და რეალურად დაზარალებულია. დაცვის მხარის პოზიციით, ზარდიაშვილს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი არ შეუშლია, მან ჯიბიდან ამოვარდნილი საკუთარი მობილური ტელეფონი დაიბრუნა უკან, რომელიც „პუბლიკის“ ჟურნალისტს ჰქონდა აღებული.
სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტი, თითქოს ზარდიაშვილი მხოლოდ საკუთარ ტელეფონს იბრუნებდა და ბრალდების პოზიცია ცნო, რომლის მიხედვითაც მიზანი ჟურნალისტური საქმიანობისა და ვიდეოგადაღების აღკვეთა იყო.
განმარტება რედაქციისგან
2025 წლის 8 სექტემბერს „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, ქეთევან მიქაძეზე „ოცნების“ შტაბთან მყოფმა პირმა იძალადა და ტელეფონი წაართვა, ამის ამსახველი ვიდეოკადრები „პუბლიკამ” იმ დღესვე გაავრცელა. ამასთან, „პუბლიკა“ დღემდე მოითხოვს აღნიშნული ტელეფონის დაბრუნებას, რომელიც რედაქციის საკუთრება იყო და იმ დღეს ჟურნალისტი მას პროფესიული მოვალოების შესრულებისთვის იყენებდა.
პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დააკავა. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს
პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ–დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავა.
პროკურატურის განმარტებით, ჩუბინიძე 2026 წლის თებერვლიდან სისტემატურად ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს პრემიერ–მინისტრმა საიდუმლო შეთანხმებით აზერბაიჯანს დავით გარეჯის ნაწილი გადასცა, ხოლო ამ ამბის რეალურობის შესაქმნელად თავისი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება „არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ–მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით“.
პორკურატურის განცხადებით, ამ ქმედებით მან ხელი შეუშალა დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ადვოკატი ნონა ფილაური „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და მომხდარით „გაოცებულია“.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კი პროკურატურას მტკიცებულებების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ჟურნალისტის სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლება მაღალ სტანდარტს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროფესიული საქმიანობის გამო ჟურნალისტის დევნა საშიშ პრეცედენტს შექმნის.
გლდანის ციხეში პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება დაიწყო
19 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმარ დავით ფეიქრიშვილს საკანში ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, მეტსახელად „კაწრომ“ და სხვა პირებმა სასტიკად სცემეს.
ფეიქრიშვილის დედა და ადვოკატი აცხადებს, რომ თავდამსხმელებს დავით ფეიქრიშვილისგან მობილურ ტელეფონში შესაღწევად გარკვეული „კოდის“ გაგება სურდათ.
ადვოკატის ცნობით, ფეიქრიშვილს მოტეხილი აქვს ნეკნები, ჩამტვრეული აქვს სახის ძვლები, იგი გადაიყვანეს „ვივამედში“, სადაც პატიმარს ოპერაცია ჩაუტარდა. ფეიქრიშვილი თავდასხმაში ციხის თანამშრომლებსაც ადანაშაულებს და ამბობს, რომ თავდამსხმელები ციხის თამშრომლებთან იყვნენ კონტაქტზე.
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ თავად ვატო ყიფიანი და პენიტენციური სამსახური, თუმცა იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.
ობუდსმენის განცხადებით, 22 ოქტომბერს „ვივამედში“ ფეიქრიშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულსა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო ჩართულობაზე.
აღსანიშნავია, რომ ფეიქრიშვილებსა და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებულ ვატო ყიფიანს მრავალწლიანი დაპირისპირება აქვთ. 2021 წელს ყიფიანს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობასაც ედავებოდნენ, რაც პროკურატურის ცნობით, სუს–მა აღკვეთა.
უცხოეთი
ნიუ–იორკისკენ რუსული დიზელის პირველი ტანკერი დაიძრა – უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსული თავდასხმები გრძელდება
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმებისა და სანქციების დროებითი შეჩერების შედეგად, რუსეთმა აშშ-ის მიმართულებით დიზელის საწვავით დატვირთული პირველი ტანკერი გაგზავნა.
Reuters-ის ცნობით, მალტის დროშით მცურავმა ტანკერმა რომელიც, დაახლოებით, 35–40 ათას ტონა დიზელითაა დატვირთული, ბალტიის ზღვის პრიმორსკის პორტიდან 22 ოქტომბრის ღამით გავიდა და გეზი ნიუ–იორკისკენ აიღო. ტანკერი დანიშნულების ადგილზე 7 ნოემბერს ჩავა.
ტრამპისა და პუტინი 9 ოქტომბრის სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ აშშ რუსეთისგან დიზელს შეისყიდიდა, რის შემდეგაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის აპრილამდე შეაჩერა რუსულ დიზელზე დაწესებული სანქციები, ხოლო მოსკოვმა საწვავის ექსპორტზე შეზღუდვები მოხსნა.
რუსეთისგან დიზელის შესყიდვას კრიტიკა მოჰყვა უკრაინის მხრიდან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ის გადაწყვეტილებას „ომში ინვესტირება“ და „პუტინისთვის გაკეთებული საჩუქარი“ უწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ–ის ეს გადაწყვეტილება მისთვის „მტკივნეულია“, აშშ–მ აირჩია მხარე და ეს მხარე უკარინა არ არის. დიზელის შესყიდვაზე შეთანხმება გააკრიტიკეს ამერიკელმა კანონმდებლებმაც, მათ შორის ტრამპის თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა და მისი გაუქმება მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირებში დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში დიზელის საწვავის ფასების ზრდაში დაადანაშაულა და მოუწოდა, შეეწყვიტა იერიშები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა მზად იყო შეეწყვიტა დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე იმ პირობით, თუ რუსეთიც შეწყვეტდა უკრაინულ ელექტროსადგურებსა და ენერგოსისტემაზე თავდასხმებს. თუმცა მოსკოვს უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვა არ შეუჩერებია. ზელენსკის განმარტებით, ამ ფონზე უკრაინას აქვს სრული უფლება თავი დაიცვას და საპასუხო დარტყმები მიაყენოს მტრის ინფრასტრუქტურას.
ამავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა უარყოფითად გამოეხმაურა პუტინის ინიციატივას უკრაინის თემაზე აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შესაძლო სამმხრივ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა და მსგავსი ფორმატების ღირსი არ არის.
ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა 20-21 ოქტომბერს ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში გამართული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა. ამ მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი.
რუსეთი კი აგრძელებს უკრაინაზე მასიურ საჰაერო თავდასხმებს. 22-23 ოქტომბრის ღამით თავდასხმის მთავარი სამიზნე კვლავ ენერგოინფრასტრუქტურა გახდა. 21-22 ოქტომბერს კიევზე განხორციელებული ბალისტიკური და დრონებით შეტევების შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 22 ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ცენტრი.
Starlink- ის შეზღუდვის ფონზე, უკრაინამ სუვერენული თანამგზავრული კავშირის სისტემას შექმნის გადაწყევტილება მიიღო
უკრაინამ თანამგზავრული კავშირის საკუთარი, სუვერენული სისტემა შექმნას გადაწყვიტა. ამ მიზნით უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შეთანხმება გააფორმა ფინურ ტექნოლოგიურკომპანიებთან ICEYE-სა და Nokia-სთან. დოკუმენტს ხელი 22 ოქტომბერს კიევში, ფინეთის პრემიერ–მინისტრ პეტერი ორპოს ვიზიტისას მოეწერა. შეთანხმება ითვალისწინებს დაბალ ორბიტაზე დამოუკიდებელი და საიმედო კოსმოსური საკომუნიკაციო ქსელის შექმნას, პირველი თანამგზავრების გაშვება კი 2028 წლისთვის იგეგმება. კომერციული ალტერნატივებისგან მაგალითად, Starlink/Starshield განსხვავებით, ეს სისტემა უკრაინას საშუალებას მისცემს, სრულად ფლობდეს და აკონტროლებდეს ქსელს.
ოქტომბრის მეორე ნახევარში უკრაინა Starlink-ის სამხედრო ვერსიის Starshield სარგებლობის შეზღუდვის წინაშე აღმოჩნდა, რაც უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფრონტზე კომუნიკაციისა და დრონების მართვისთვის.
22 ოქტომბერს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კომპანია SpaceX-მა უკრაინას სრულფასოვანი წვდომა აღუდგინა. Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპმა 21 ოქტომბერს ილონ მასკს პირადად დაურეკა და შეზღუდვის მოხსნა სთხოვა.
23 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში გავრცელებული ცნობებით, უკრაინული მხარე უარყოფს კავშირის აღდგენას. The Kyiv Independent–ის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Starlink-ის სამხედრო სერვისზე კვლავ მოქმედებს სიჩქარის შეზღუდვა და წვდომა აღდგენილი არ არის.
სერბეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
22 ოქტომბერს ბელგრადის ცენტრში 150 000 ადამიანი შეიკრიბა. მასშტაბური დემონსტრაციის მონაწილეები ქვეყნის მმართველის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და მისი მემარჯვენე–პოპულისტური „სერბეთის პროგრესული პარტიის“ 14-წლიანი მმართველობის დასრულებისთვის იბრძვიან.
სერბეთში საპორტესტო აქციები ორი წლის წინ დაიწყო, რაც 2024 წელს ნოვი–სადის რკინიგზის სადგურზე ახლად განახლებული კონსტრუქციის ჩამონგრევამ გამოიწვია, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ, თუმცა შემდეგ მათ ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს.
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური „სტუდენტური სია“ ლიდერის გარეშეა, ხოლო 250-კაციანი საარჩევნო სია ძირითადად აკადემიური წრეებისა და პოლიტიკისგან დისტანცირებული პირებისგან შედგება. მოძრაობის მთავარ საარჩევნო პირობას კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენს. თავის მხრივ, ვუჩიჩი სტუდენტურ მოძრაობას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან.
საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე, ვუჩიჩმა ვადამდელი არჩევნები გასულ თვეში ჩანიშნა. სერბეთში არჩევნები კვირას, 25 ოქტომბერს გაიმართება.