ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” თანამედროვე ცეკვისა და საშემსრულებლო ხელოვნების კომპანია Dewey Dell-ის გამორჩეული სპექტაკლით – “კურთხეული გაზაფხულით” გაიხსნა, რომელიც მაყურებელმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში იხილა.
ეს თეატრალური კომპანია საქართველოში პირველად ჩამოვიდა. ის 2006 წელს დააარსეს თანამედროვე და გამორჩეული იტალიელი თეატრალური რეჟისორის, რომეო კასტელუჩის შვილებმა: თეოდორა კასტელუჩიმ (ქორეოგრაფი), აგატა კასტელუჩიმ (ქორეოგრაფიის ასისტენტი, პროდიუსერი) და დემეტრიო კასტელუჩიმ (კომპოზიტორი, რომელმაც ამ დადგმისთვის სპეციალური შესავალი მუსიკაც შექმნა). მათთან მუდმივად თანამშრომლობს ასევე, ვიზუალური არტისტი და განათების დიზაინერი, ვიტო მატერა.
სახელოვანი მამისგან განსხვავებით, რომლის დრამატული, საოპერო თუ მუსიკალური პერფორმანსები წამყვანი ევროპული ფესტივალებისა და სცენების ლამის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია, შვილებმა თავისი კომპანიით სრულიად სხვა მიმართულება, გზა და გამომსახველობითი საშუალებები აირჩიეს.

მაშ ასე, „კურთხეული გაზაფხული“, ნაწარმოები, რომელიც კომპოზიტორმა იგორ სტრავინსკიმ 1913 წელს შექმნა და რომელიც პირველად სახელოვანმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა, ვაცლავ ნიჟინსკიმ „რუსულ ბალეტთან“ (Ballets Russes) ერთად პარიზში, „შანზ–ელიზეს თეატრში” წარმოადგინა. ნიჟინსკის ქორეოგრაფიამ და სტრავინსკის მუსიკამ მაშინ ნამდვილი აურზაური და ფიზიკური დაპირისპირებაც კი გამოიწვია. დადგმა იმდენად სკანდალური იყო, რომ უკვე რამდენიმე საპრემიერო წარმოდგენის შემდეგ, სტრავინსკის “კურთხეული გაზაფხულის” შესახებ ლამის მთელი მუსიკალური და თეატრალური ევროპა საუბრობდა.
პარიზის მსოფლიო პრემიერიდან მოყოლებული, ცნობილი თუ უცნობი ქორეოგრაფები ძალიან ხშირად უბრუნდებიან „კუთხეულ გაზაფხულს“. დღეს უკვე ლამის ორასამდე ექორეოგრაფიული ვერსია არსებობს – ნიჟინსკით, მიასინით და მარტა გრეჰემით დაწყებული, მორის ბეჟარით, პინა ბაუშით, ანჟელინ პრელოკაჟით, საშა ვალცით და აკრამ ხანით დამთავრებული.
კლასიკური სიუჟეტი წარმართულ რიტუალს, ანუ გაზაფხულის მოსვლის ნიშნად ახალგაზრდა ქალწულის მსხვერპლად შეწირვას ეფუძნება. კასტელუჩის შვილების „კურთხეული გაზაფხული“ კი რადიკალურად განსხვავდება ამ ნაწარმოების ტრადიციული ინტერპრეტაციებისგან. თუ ქორეოგრაფთა უიდესი ნაწილი აქცენტს წარმართულ საზოგადოებასა და მსხვერპლშეწირვის სოციალურ ასპექტზე და გენდერულ დაპირისპირებაზე აკეთებს (მაგალითად, პინა ბაუში ან საშა ვალცი), კასტელუჩის შვილებმა შეთხზეს 50 წუთიანი დაუვიწყარი პერფორმანსი მწერების დრამაზე, ბუნების უხეშ, არამიწიერ მეტამორფოზასა და ცხოველური ინსტინქტების გამარჯვება–გადარჩენაზე.

სტრავინსკის გენიალურ მუსიკას (წარმოდგენაში გამოყენებულია ჩანაწერი დირიჟორ თეოდორ კურენტისის შესრულებით) შესავლისა და ფინალის სახით ერთვის დემეტრიო კასტელუჩის მიერ შექმნილი ელექტრონული ხმოვანი პეიზაჟი (Soundscape). ეს მაყურებელს უქმნის განცდას, თითქოს სადღაც პირველყოფილ, საშიშ გამოქვაბულსა თუ მღვიმეში იმყოფება. სწორედ, პირველქმნილ ბუნებაში იქმნება მწერების სექსისა და სიკვდილის განუწყვეტელი ციკლი, სადაც სილამაზე სინამდვილეში თანატოსის ნიღაბია.
საინტერესოა, რომ ქორეოგრაფი თეოდორა კასტელუჩი ერთმანეთს უთავსებს თანამედროვე ცეკვისა და ქუჩის ცეკვის ელემენტებს. მაგალითად, სცენაზე ხოჭოების გამოჩენასა, მათ ორთაბრძოლას და შეჯვარებას, მოცეკვავეები ბრეიქდანსის რთული ილეთებით (ტრიალებითა და ფლერებით) ასრულებენ.
მწერებისა და არამიწიერი არსებების ანატომიური იმიტაცია თითქოს ჩვენს თვალწინ იქმნება, ხოლო ბრეიქდანსის ცეკვის სტრუქტურა საკამათოდ, მაგრამ მაინც დინამიურად პასუხობს სტრავინსკის რთულ, ასიმეტრიულ და აგრესიულ მუსიკალურ რიტმებს. ფაქტობრივად, პერფორმანსის მთავარი იდეა ევოლუციის გზის, ანუ ძლიერის გადარჩენის ჩვენებაა, რომელშიც სილამაზე (მაგალითად, მწერების წითელი სამოსი განაყოფიერებისას) ბრეიქდანსის კულტურის ფუნდამენტურ ნაწილს – ორთაბრძოლას (Battle) ეყრდნობა.

სცენაზე მწერების შეჯვარების, ტერიტორიისთვის ბრძოლისა და კოლექტიური აგრესიის სცენები სწორედ „ბრეიქ–ბეთლის“ პრინციპითაა აგებული. მოცეკვავეები ერთმანეთს უპირისპირდებიან არა რბილი და ნელი მოძრაობებით, არამედ აგრესიულ, მკვეთრ და გეომეტრიულ ფორმებზე აგებული დინამიკით, რაც მაყურებელში პირველყოფილი, ცხოველური დაძაბულობის განცდას აძლიერებს.
ამგვარად, ბრეიქდანსი „კურთხეულ გაზაფხულში“ ერთგვარი ხიდია მეოცე საუკუნის ავანგარდულ მუსიკასა და 21-ე საუკუნის ქუჩის კულტურას შორის, სადაც ერთმანეთს ავსებენ მუსიკალური ჰარმონიის რღვევა, პირველყოფილი ენერგია და ქუჩის ცეკვის ელემენტები.
საინტერესოა, რომ „კურთხეული გაზაფხული“ თავად რომეო კასტელუჩისაც აქვს დადგმული 2014 წელს, თუმცა მის ქორეოვერსიაში სცენაზე ადამიანების ნაცვლად, მანქანები დადიან, რომლებიც სასუქად ქცეული ცხოველების ძვლების მტვერს მუსიკის რიტმში აცოცხლებდნენ. კასტელუჩის შვილების, ანუ Dewey Dell-ის ვერსია კი როგორც უკვე აღვნიშნეთ, მწერების ბრძოლა–შეჯვარებასა და ევოლუციის გზის ასოციაციებს გულისხმობს.