ფეიქრიშვილის საქმეზე პროკურატურამ იუსტიციას მიმართა რეკომენდაციით, უფლებამოსილება შეუჩერდეს პატარიძეს

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, იუსტიციის სამინისტროს მიმართეს რეკომენდაციით, უფლებამოსილება შეუჩერდეს პენიტენციურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს. რეკომენდაცია დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას მოჰყვა.

„[დავით ფეიქრიშვილის საქმე] საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.

ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს“, – განაცხადეს უწყებაში.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს შეკითხვით, ხომ არ მიუღია უწყებას გადაწყვეტილება პატარიძის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციაზე. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინფორმაციას გაავრცელებენ.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ასევე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) და კიდევ ორი პირი.

ადვოკატის თქმით, „აღნიშნული პატიმრები, ვინც შესახლებულია მასთან საკანში სარგებლობენ მობილური ტელეფონით, პირდაპირ კავშირზე არიან დეპარტამენტის დირექტორთან, დარეკვის შემდეგ მას მოიხსენიებენ, როგორც „ზაუტა“.

ფეიქრიშვილის ცემაზე ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა.

20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი დაზიანებით იყო გადაყვანილი „ვივამედში“, რაც კლინიკის დირექტორმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ პაციენტს მრავლობით დაზიანებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, თუმცა იმავე დღეს გაწერეს და დააბრუნეს პენიტენციურში.

მოგვიანებით დავით ფეიქრიშვილი ისევ „ვივამედში“ დააბრუნეს.