პენიტენციური სამსახურის დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა.

პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას შესაბამისი განცხადებით მიმართა.

მინისტრმა გიორგი პატარიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაცია დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას მოჰყვა.

„[დავით ფეიქრიშვილის საქმე] საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს“, – განაცხადეს უწყებაში.


ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ასევე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) და კიდევ ორი პირი.

ადვოკატის თქმით, „აღნიშნული პატიმრები, ვინც შესახლებულია მასთან საკანში სარგებლობენ მობილური ტელეფონით, პირდაპირ კავშირზე არიან დეპარტამენტის დირექტორთან, დარეკვის შემდეგ მას მოიხსენიებენ, როგორც „ზაუტა“.

ფეიქრიშვილის ცემაზე ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა.

20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი დაზიანებით იყო გადაყვანილი „ვივამედში“, რაც კლინიკის დირექტორმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ პაციენტს მრავლობით დაზიანებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, თუმცა იმავე დღეს გაწერეს და დააბრუნეს პენიტენციურში.

მოგვიანებით დავით ფეიქრიშვილი ისევ „ვივამედში“ დააბრუნეს.

20 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ გიორგი ფეიქრიშვილის ძმის, დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.