სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ადასტურებს პენიტენციური სამსახური.
ის აქამდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.
იქამდე საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაცია დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას მოჰყვა.
„[დავით ფეიქრიშვილის საქმე] საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს“, – განაცხადეს უწყებაში.