2025 წელს დაწყებული უმაღლესი განათლების რეფორმის ოფიციალური მიზანი რეგიონებიდან სტუდენტების გადინების შემცირება და რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებაა, მაგრამ რა ხდება, როცა რეგიონულ უნივერსიტეტებში სწორედ ის პროგრამები აღარ რჩება, რომლებზეც სტუდენტებს ყველაზე მეტად სურთ სწავლა? შეიძლება თუ არა უნივერსიტეტების „პროფილიზაციამ“ საბოლოოდ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა გადაიყვანოს თბილისში ან სხვა დიდ ქალაქში და ამან კიდევ უფრო მეტი სოციალური პრობლემები გამოიწვიოს? და რამდენად შეესაბამება მიღებული შედეგი რეფორმის მიზანს – ქვეყნის საუნივერსიტეტო სისტემის დეკონცენტრაციას?
…
კესა ზუგდიდში უკვე ექვსი წელია ცხოვრობს. ის აფხაზეთიდან არის. სკოლა იქ დაამთავრა და 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, სწავლის გასაგრძელებლად ზუგდიდში გადავიდა.
თბილისში გადასვლა არ სურდა. ზუგდიდი მისთვის ახლოს იყო სახლთან. ქირაც უფრო ხელმისაწვდომი და ოჯახთან კავშირის შენარჩუნებაც უფრო მარტივი იქნებოდა.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირება ისწავლა, შემდეგ კი, მცირე ბიზნესის მართვის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა სწავლა. დღეს დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერია. აქ დასაქმების ბევრი შესაძლებლობა არაა, თუმცა კესა ამ ეტაპზე ზუგდიდში განაგრძობს ცხოვრებას: „თბილისში რომ წავსულიყავი, ბევრად მეტი ხარჯი მექნებოდა. აქ ქირაც შედარებით იაფია და სახლთანაც ახლოს ვარ“.
მისი მშობლები აფხაზეთში ცხოვრობენ. კესა მათთან პერიოდულად ჩადის. მისი თქმით, სასწავლებლად ზუგდიდში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილი ყოველდღიურად კვეთს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარს.
ზუგდიდში უნივერსიტეტის მნიშვნელობა მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, რამდენ სტუდენტს იღებს ის ყოველწლიურად. ეს ქალაქი აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარეობს და აქაურ უნივერსიტეტში წლების განმავლობაში სწავლობდნენ აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან გადაადგილებული ახალგაზრდებიც.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისა და მოქმედი პროფესორის, ბელა მოსიას თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტების დაახლოებით 70 პროცენტს დევნილის სტატუსი აქვს, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ზუგდიდში მუდმივად ცხოვრება რთულია და ისინი აფხაზეთიდან, მათ შორის გალის რაიონიდან გადაადგილდებიან.
ბელა მოსიას თქმით, აფხაზეთში ქართველი ახალგაზრდები არცთუ სახარბიელო პირობებში არიან: „მახსოვს, პანდემიის დროს, როდესაც ლექციებს ონლაინ ვატარებდით, ზოგიერთ სტუდენტს ინტერნეტთან წვდომისთვის მეზობელ სოფლებში გადასვლაც კი უწევდა, დავალებები რომ ჩაებარებინა“.
ამ ადამიანებისთვის უნივერსიტეტი მხოლოდ განათლების მიღების ადგილი არ არის. ეს არის შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება მიიღონ ოჯახთან შედარებით ახლოს, საკუთარ რეგიონთან კავშირის შენარჩუნებით.
2026 წლიდან კი ზუგდიდის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო არჩევანი შეიცვალა.
რა იყო რეფორმის მიზანი?
2025 წელს დაწყებული უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი საქართველოში სტუდენტების გეოგრაფიული კონცენტრაციის შემცირება იყო.
მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი თბილისში სწავლობდა და ეს რეგიონების განვითარებას აფერხებდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისი კვლავ ქვეყნის მთავარ საუნივერსიტეტო ცენტრად უნდა დარჩენილიყო, ქუთაისი კი მეორე საუნივერსიტეტო ცენტრად ჩამოყალიბებულიყო და რეგიონული უნივერსიტეტების როლი გაძლიერებულიყო.
ამავე დროს, რეფორმის კონცეფცია ითვალისწინებდა რეგიონული უნივერსიტეტების უფრო მკაფიო პროფილიზაციას. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს აღარ უნდა ჰქონოდა ყველა მიმართულება. სახელმწიფო კვოტების ახალი სისტემა უნივერსიტეტების სპეციალიზაციას, რეგიონულ საჭიროებებს, უნივერსიტეტების ტრადიციულ პროფილებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს უნდა დაკავშირებოდა. 2026 წლის სამინისტროს განმარტებაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი აგრარულ მიმართულებებზე, ტურიზმსა და პედაგოგიკაზე იქნებოდა. ასეთი მიდგომა კი, სახელწიფოს წარმომადგენლების თქმით, რესურსების კონცენტრაციასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ფუნქციების გადანაწილებას ისახავდა მიზნად.
თუმცა სწორედ აქ ჩნდება რეფორმის მთავარი პარადოქსი – თუ მიზანი რეგიონში სტუდენტის შენარჩუნებაა, რა ხდება მაშინ, როცა ამ უნივერსიტეტიდან სწორედ მისთვის სასურველი პროფესია ქრება?
რა შეიცვალა რეგიონულ უნივერსიტეტებში?
2026 წლის სახელმწიფო კვოტების მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის, თელავის, გორისა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტებში აღარ გამოცხადდა ახალი მიღება რამდენიმე ისეთ პროგრამაზე, რომლებზეც ერთი წლით ადრე სტუდენტები ყველაზე მეტად ირიცხებოდნენ.
ეს ცვლილება განსაკუთრებით თვალშისაცემია მაშინ, როდესაც 2025 წლის მიღების მაჩვენებლებს 2026 წლის კვოტებს ვადარებთ.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წელს საჯარო მმართველობის პროგრამაზე 35 ადგილიდან 30 სტუდენტი ჩაირიცხა, ანუ ადგილების 86 % შეივსო. სამართალზე 37 ადგილიდან 22 სტუდენტი ჩაირიცხა, ბიზნესის ადმინისტრირებაზე კი – 30 ადგილიდან 15.
2026 წლის ამ პროგრამებზე სტუდენტების მიღება შეჩერდა.
თელავის უნივერსიტეტში სურათი კიდევ უფრო მკაფიოა. 2025 წელს ბიზნესის ადმინისტრირებაზე 20 ადგილიდან 19 სტუდენტი ჩაირიცხა (95%). სამართალზე – 50 ადგილიდან 45; ეკონომიკაზე – 30-დან 21, საჯარო მმართველობაზე კი – 20-დან 13 სტუდენტი.
2026 წლისთვის ოთხივე მიმართულებაზე ახალი მიღება აღარ გამოცხადებულა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც აღარ არის მიღება იმ რამდენიმე პროგრამაზე, რომლებზეც 2025 წელს სტუდენტთა ჩარიცხვის მაჩვენებელი ასეთი იყო: ფსიქოლოგიაზე 30 ადგილიდან 23 სტუდენტი ჩაირიცხა, სამართალზე – 110-დან 84, საჯარო მმართველობაზე – 90-დან 63, ბიზნესის ორგანიზაციასა და მართვაზე კი – 70-დან 47.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წელს საჯარო მმართველობის პროგრამაზე 100 ადგილიდან 87 სტუდენტი ჩაირიცხა. სამართალზე – 50-დან 20, ეკონომიკაზე – 50-დან 5, ბიზნესის ადმინისტრირებაზე კი – 40-დან 3. 2026 წლის მიღების ჩამონათვალში ამ პროგრამების ნაწილზე ახალი მიღება აღარ არის.
ეს მონაცემები თავისთავად არ ნიშნავს, რომ ყველა ეს პროგრამა სრულად გაუქმდა, ან რომ მათი მოთხოვნა ერთბაშად გაქრა. საუბარია იმაზე, რომ 2026 წელს მათზე სტუდენტების მიღება აღარ გამოცხადებულა.
განათლების მკვლევარი ლელა ჩახაია სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, რეგიონული უნივერსიტეტები წლების განმავლობაში მულტიპროფილური იყო და ბიზნესი, სამართალი და საჯარო ადმინისტრირება მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები იყო.
„ზუგდიდისხელა ქალაქს, რომელსაც ბევრი სოფელი აქვს და დიდი ადმინისტრაცია, რატომ ითვლება, რომ არ სჭირდება იურიდიული ან საჯარო მმართველობის მიმართულება?“ – კითხულობს ჩახაია.
მისი შეფასებით, რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ახალი პროფილების განსაზღვრა მხოლოდ არსებული მოთხოვნის მიხედვით არ აიხსნება. ეს სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტებისთვის ახალი, სპეციალიზებული ფუნქციის მინიჭების ნაწილია.
ამავე დროს, 2026 წლის კვოტებში რეგიონულ უნივერსიტეტებში გაძლიერდა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა აგრონომია, ვეტერინარია, პედაგოგიკა, ტურიზმი და ფილოლოგია.
მთავრობის პოზიციით, ეს უნივერსიტეტების სპეციალიზაციისა და რეგიონების საჭიროებებთან მათი დაკავშირების მცდელობაა.
შრომის ბაზრის არგუმენტი
რეფორმის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნაა.
განათლების სამინისტრო მიუთითებს, რომ სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებებზე სტუდენტების რაოდენობა შრომის ბაზრის მოთხოვნას მნიშვნელოვნად აღემატება. სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ხუთ წელიწადში სამართლის მიმართულებაზე, საშუალოდ, 3 598 სტუდენტი ირიცხებოდა წელიწადში მაშინ, როცა იურისტებზე წლიური მოთხოვნა 700-ზე ნაკლები იყო.
ამ ლოგიკით, უნივერსიტეტებში მიღების კვოტები უნდა დაემთხვეს არა მხოლოდ აბიტურიენტების სურვილს, არამედ ქვეყანაში არსებულ მოთხოვნას სპეციალისტებზე.
მაგრამ აქაც ჩნდება განსხვავებული პრობლემა: თუ სახელმწიფოს მიერ მოთხოვნად და ნაკლებად მოთხოვნად პროფესიებად დაყოფილი მიმართულებები რეგიონული უნივერსიტეტებიდან ქრება, სად მიდის სტუდენტი, რომელსაც მაინც კონკრეტული პროფესიის სწავლა უნდა?
განათლების მკვლევარ შალვა ტაბატაძის მიერ 2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების ანალიზით, 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა მხოლოდ 565 სტუდენტით შემცირდა. თუმცა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა რაოდენობა 2 017-ით შემცირდა, კერძო უნივერსიტეტებში კი 1452-ით გაიზარდა.
სამართლის მიმართულებაზე განსხვავება კიდევ უფრო კონკრეტულია: სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წელს 652-ით ნაკლები სტუდენტი ჩაირიცხა, კერძო უნივერსიტეტებში კი – 332-ით მეტი.
ეს მონაცემები არ ნიშნავს, რომ ყველა სტუდენტი, რომელმაც სახელმწიფო უნივერსიტეტში სასურველ პროგრამაზე ადგილი ვერ მიიღო, კერძო უნივერსიტეტში გადავიდა, მაგრამ აჩვენებს, რომ საჯარო სექტორში შემცირებული მიღება მთლიანად არ ნიშნავს ამ პროფესიებზე მოთხოვნის გაქრობას.
„პროგრამების შემცირება განსაკუთრებით დააზარალებს დაბალი სოციალური შესაძლებლობების მქონე, რეგიონებში მცხოვრებ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს, ასევე მათ, ვინც სასურველ პროგრამებს საჯარო უნივერსიტეტებში ვეღარ იპოვის და კერძო უნივერსიტეტში ან სხვა ქალაქში მოუწევს სწავლის გაგრძელება, რაც მათ საცხოვრებელ და სხვა ხარჯსაც გაუზრდის“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
როცა „უფასო“ განათლებას სხვა ფასი აქვს
ამ რეფორმის სოციალური მხარე განსაკუთრებით კარგად ჩანს, როცა ვსაუბრობთ იმ სტუდენტებზე, ვინც წელს სასურველი პროგრამა თავის რეგიონში ვეღარ იპოვა და სხვაგან გადაწყვიტა წასვლა.
2026 წელს სახელმწიფო დაფინანსებით პირველ კურსზე 17 862 სტუდენტი ისწავლის – დაახლოებით 2000-ით მეტი, ვიდრე 2025 წელს.
2026–2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სტუდენტი ნებისმიერ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლის. კერძო უნივერსიტეტებში ძველი სახელმწიფო გრანტის სისტემა გაუქმდა. ახალი მოდელით, სტუდენტს სწავლა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუფინსდება – პირველი ორი სემესტრი სრულად, მესამე სემესტრიდან კი დაფინანსების ნახევარი სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე იქნება დამოკიდებული. ხელისუფლების განმარტებით, ეს ნიშავს, რომ სტუდენტმა წინა სემესტრის დატვირთვის მინიმუმ 80% უნდა დააგროვოს – ჩვეულებრივი 30 ECTS-იანი სემესტრის შემთხვევაში ეს, მინიმუმ, 24 კრედიტია.
მაგრამ სახელმწიფოს მიერ სწავლის საფასურის თუნდაც ამ მოდელით დაფარვა არ ნიშნავს, რომ სტუდენტის განათლება ოჯახისთვის მთლიანად უფასოა.
თუ სტუდენტი სამართლის, ბიზნესის, ჟურნალისტიკის ან სხვა სასურველი მიმართულების გამო თბილისში ან სხვა ქალაქში გადადის, ოჯახს ემატება ქირა, საკვები, ტრანსპორტი და ყოველდღიური ცხოვრების სხვა ხარჯიც.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის, რადგან განათლება ფორმალურად შეიძლება, უფასო იყოს, მაგრამ სტუდენტის თბილისში ცხოვრება ოჯახის ფინანსურ ტვირთსაც საგრძნობლად ზრდის.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით, 2026 წლის ამავე პერიოდში თბილისში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ყოველდღიური ხარჯი. მაგალითად: სურსათი 36-მდე პროცენტით, საცხოვრებლის მოვლა და შეკეთება 75%-ით; საზოგადოებრივი კვება თითქმის, 70%-ით; ტრანსპორტი 33%-ით; ხოლო პირადი ჰიგიენის ხარჯები 42%-ით. გაზრდილია ჯანმრთელობის დაცვის ხარჯიც, დაახლოებით, 15%-ით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცხოვრებლის საკითხი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2026 წლის ანალიზით (საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით), 2020 წლის დასაწყისიდან 2026 წლის აპრილამდე თბილისში ბინის ქირა 38 პროცენტამდე გაიზარდა. 2012 წლის დასაწყისიდან 2026 წლის აპრილამდე კი, დაახლოებით, თითქმის 74%-ითაა მომატებული.
ამავე პერიოდისთვის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 68%-ით იყო გაზრდილი, ხოლო ბინების ფასი – 65%-ით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, საცხოვრებლის ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯი ადამიანს სხვა საჭიროებების, მათ შორის განათლების დაფინანსების შესაძლებლობასაც უზღუდავს.
ამ ფონზე, რეგიონული უნივერსიტეტების პროგრამების შემცირების შემთხვევაში სტუდენტისთვის არჩევანი შეიძლება მხოლოდ სასურველი პროგრამის შეცვლას არ ნიშნავდეს. თუ სტუდენტს მისთვის სასურველი მიმართულების შესასწავლად თბილისში გადასვლა უწევს, მას სწავლის საფასურის გარდა ემატება ქირის, კვების, ტრანსპორტისა და სხვა ყოველდღიური ხარჯი. შესაბამისად, ერთსა და იმავე საგანმანათლებლო შესაძლებლობაზე წვდომის ფასი სხვადასხვა სოციალური და გეოგრაფიული ჯგუფისთვის განსხვავებული ხდება.
გორიდან თბილისში
ბარბარე ვანიშვილი გორიდან არის. დღეს ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მესამე კურსზე სწავლობს.
სამი წლის წინ, როცა უნივერსიტეტი უნდა აერჩია, გორში დარჩენა სურდა, თუმცა ურჩიეს, რომ ჟურნალისტიკის პროგრამაზე თბილისში უფრო ხარისხიან განათლებას მიიღებდა.
„ჟურნალისტიკის სწავლა მინდოდა და იქ ისეთი განვითარებული არ იყო, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, – ამბობს ბარბარე.
თბილისში ჩააბარა, მაგრამ პირველ წელს გორიდან დადიოდა.
ამას მუშაობაც დაემატა.
თავდაპირველად ბავშვების ღონისძიებებზე ანიმატორად მუშაობდა, თუმცა მისი საქმე მხოლოდ ეს არ ყოფილა – ბარისტობა, რეკვიზიტორობა და სხვა სამუშაოებიც უწევდა. დაახლოებით სამსაათიან ღონისძიებაში შვიდ ლარს იღებდა.
„სწავლა რომ დაიწყო, მივხვდი, რომ ეს თანხა აღარ მყოფნიდა და მეორე სამსახური დავიწყე. მიმტანი-ბარისტა ვიყავი და იქაც სასაცილო ანაზღაურება მქონდა“, – იხსენებს ის.
პირველი კურსის დასრულების შემდეგ მიხვდა, რომ იმავე რეჟიმში გაგრძელება რთული იქნებოდა. მეორე კურსზე თბილისში გადავიდა.
თუმცა ქალაქის შეცვლა პრობლემის დასრულებას არ ნიშნავდა.
ბარბარემ ორი მეგობარი იპოვა, რომლებთან ერთადაც ბინა იქირავა. სამ ადამიანზე გადანაწილებულ ქირაში მისი წილი 400 ლარია. ქირის გადახდაში ოჯახი ეხმარება, დანარჩენ ხარჯებს – საკვებს, საყოფაცხოვრებო საჭიროებებსა და მგზავრობას თავად ფარავს.
„გორში რომ ყოფილიყო ხარისხიანი სწავლის შესაძლებლობა, ცხადია, დავრჩებოდი და ჩემი ცხოვრებაც სულ სხვანაირი იქნებოდა. სტიპენდიის აღების შესაძლებლობაც მექნებოდა, გზაში და ბინაში არაფერი დამეხარჯებოდა და, შესაბამისად, სწავლის პარალელურად მუშაობაც არ მომიწევდა“.
ბარბარეს ისტორია კარგად აჩვენებს იმას, რასაც უნივერსიტეტის მიღების სტატისტიკა ვერ ზომავს: რეგიონიდან სხვა ქალაქში გადასვლა მხოლოდ ადგილის შეცვლა არ არის. ეს შეიძლება ნიშნავდეს ყოველდღიურ ხარჯს და დამატებით სტრესს სტუდენტებისთვის:
„ჩემი თანატოლების ნახევარზე მეტი მუშაობს და ნახევარზე მეტი – არა თავისი სურვილით. მუშაობს იმიტომ, რომ ვალდებულია“, – ამბობს ბარბარე.
მისი გამოცდილება მნიშვნელოვანია სწორედ იმ კონტექსტში, რომელშიც ახლა რეგიონული უნივერსიტეტების პროფილები იცვლება: თუ სტუდენტს კონკრეტული პროფესიის სწავლა რეგიონში აღარ შეუძლია, მისთვის არჩევანი ხდება სხვა ქალაქში გადასვლა, კერძო უნივერსიტეტის არჩევა ან სასურველ პროფესიაზე უარის თქმა.
კერძო უნივერსიტეტები და ახალი ხარჯი
ამავე სურათის კიდევ ერთი ნაწილი კერძო უნივერსიტეტების მონაცემებში ჩანს.
შალვა ტაბატაძის ანალიზით, 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე გამოყოფილი ადგილებიდან 3847 შეუვსებელი დარჩა. 2025 წელს ასეთი ადგილი 4483 იყო. ამასთან, კერძო უნივერსიტეტებში შეუვსებელი ადგილების რაოდენობა 7749-დან 3540-მდე შემცირდა. ტაბატაძის შეფასებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოთხოვნად მიმართულებებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტების მისაზიდად მეტი შესაძლებლობა მისცა.
ეს მნიშვნელოვანია სწორედ ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით: თუ სტუდენტისთვის კონკრეტული პროფესიის არჩევანი მნიშვნელოვანია, ის შეიძლება, დარჩეს იმავე პროფესიაზე და კერძო უნივერსიტეტი აირჩიოს, თუმცა ამ შემთხვევაში სწავლისა და ცხოვრების სრული ღირებულება იზრდება.
ცხადია, ამ მონაცემებიდან ვერ დავასკვნით, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კერძოში გადასული ყველა სტუდენტი რეგიონული პროგრამების შემცირების გამო წავიდა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების შემცირება ავტომატურად, კერძო სექტორში მოთხოვნის გაქრობას არ ნიშნავს.
ამიტომ რეფორმის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის,რამდენი ადგილი დარჩა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არამედ ისიც, ვინ შეავსო ეს მოთხოვნა და რა ფასად.
სად წავიდნენ სტუდენტები?
ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, სრული პასუხი არ გვაქვს.
2025-დან 2026 წლამდე ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტად ჩარიცხული იმავე ქალაქის მცხოვრებთა წილი ოთხივე ქალაქში შემცირდა. ზუგდიდში ეს მაჩვენებელი 12 პროცენტიდან 6% -მდე დაეცა; თელავში – 33-დან დაახლოებით, 28 პროცენტამდე; გორში – 24-დან 10 პროცენტამდე; ახალციხეში კი – 24-დან 21 პროცენტამდე.
გორში კლება განსაკუთრებით მკვეთრია.
თუმცა ამ მონაცემებით ვერ ვიტყვით, რომ შემცირების მიზეზი პროგრამების გაუქმებაა.
ამის დასადგენად უნდა ვიცოდეთ, რა გააკეთეს იმ აბიტურიენტებმა, რომლებსაც ადგილობრივ უნივერსიტეტში აღარ გაუგრძელებიათ სწავლა.
მეორე მხრივ, ლელა ჩახაიას მიერ 2026 წლის მიღების მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ თბილისის უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების წილი 2025 და 2026 წლებში დაახლოებით 80 პროცენტზე დარჩა. ქუთაისში ეს მაჩვენებელი 7,8-დან 7,5 პროცენტამდე შემცირდა, ბათუმში კი დაახლოებით ორი პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ამით შეიძლება დავასკვნათ, რომ რეფორმის პირველივე წელს თბილისის დომინირების შემცირება ასე მკაფიოდ არ ჩანს.
მაგრამ მონაცემები ჯერ არ გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, სად წავიდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც რეგიონულ უნივერსიტეტებში ვეღარ მოხვდნენ.
შესაძლოა, ნაწილი თბილისში, ნაწილი კერძო უნივერსიტეტებში გადავიდა; ნაწილმა სხვა მიმართულება აირჩია, ნაწილი კი საერთოდ არ გამხდარა სტუდენტი. ამის დასადგენად საჭიროა აბიტურიენტებისა და სტუდენტების გადაწყვეტილებების შესახებ უფრო დეტალური მონაცემები.
გორი და ზუგდიდი – უნივერსიტეტი კონფლიქტის ზონასთან ახლოს
გორისა და ზუგდიდის უნივერსიტეტების შემთხვევაში რეგიონული ფუნქციის საკითხს კიდევ ერთი განზომილება აქვს – ორივე ქალაქი კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს.
ზუგდიდის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა აფხაზეთიდან და გალის რაიონიდან სტუდენტების გადაადგილების გამო.
ბელა მოსია, რომელიც უნივერსიტეტში დაარსების დღიდან მუშაობს, იხსენებს სტუდენტების განსხვავებულ გამოცდილებას აფხაზეთში მიღებულ განათლებასთან დაკავშირებით.
„კარგად მახსოვს, როგორ გვეუბნებოდნენ ხოლმე სტუდენტები ისტორიის სწავლებისას: ჩვენ სულ სხვა ისტორია გვასწავლესო“, – ამბობს ის.
ამ კონტექსტში უნივერსიტეტის ფუნქცია მხოლოდ პროფესიის სწავლება აღარ არის. ის შეიძლება იყოს ქართული განათლების სისტემასთან კავშირის, სოციალური ურთიერთობებისა და ყოველდღიური კომუნიკაციის სივრცე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოდიან.
ზუგდიდის ყოფილი მოწვეული ლექტორი არჩილ თოდუა ამბობს, რომ „ზუგდიდის უნივერსიტეტი არ არის ჩვეულებრივი უნივერსიტეტი“.
მისი შეფასებით, უნივერსიტეტის მდებარეობისა და აფხაზეთთან კავშირის გამო, ამ უნივერსიტეტში უფრო ფართო პროფესიული არჩევანი უნდა ყოფილიყო.
თუმცა ეს არის უნივერსიტეტთან დაკავშირებული ადამიანების შეფასება და არა დადასტურებული მონაცემი იმის შესახებ, რომ პროგრამების ცვლილებამ უკვე შეამცირა აფხაზეთიდან სტუდენტების რაოდენობა.
ბელა მოსიას თქმით, უფრო მკაფიო სურათი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ გამოჩნდება.
სამცხე-ჯავახეთი მხოლოდ სპეციალიზაციის საკითხი არ არის.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში რეგიონული უნივერსიტეტის ფუნქციაზე საუბარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტექსტი ემატება – რეგიონში ეთნიკური უმცირესობების არსებობა და მათთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა.
„სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში კვოტების შემცირება და პროგრამების შეზღუდვა პირდაპირ დარტყმას აყენებს ინტეგრაციის პოლიტიკას”, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
2026 წლის კვოტებში აქაც აღარ გამოცხადებულა ახალი მიღება რამდენიმე პროგრამაზე, მათ შორის საჯარო მმართველობის, სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებებზე მაშინ, როცა 2025 წელს ამ პროგრამებზე სტუდენტები ირიცხებოდნენ.
განათლების ექსპერტის განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში განაცხადების რაოდენობა ყოველთვის აღემატებოდა გამოცხადებული ადგილების რაოდენობას. სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებსა და თბილისში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებში კი, ხშირ შემთხვევაში, სომხურენოვანთათვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა შეუვსებელი რჩებოდა, რაც, ძირითადად, თბილისში ან სხვა რეგიონში გადაცხოვრებასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული. ფინანსური ბარიერების გამო, ადგილობრივი ახალგაზრდები ხშირად სწავლის სომხეთში გაგრძელებას ამჯობინებენ.
ტაბატაძის თქმით, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდება, რადგან სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს კვოტირების შედეგად 60%-ზე მეტით უმცირდება კვოტების რაოდენობა, ხოლო პროგრამებზე არჩევანი მთლიანად შეიზღუდა და მხოლოდ პედაგოგიური და აგრარული მიმართულებები დარჩა: „ეს კი პრობლემურია როგორც დემოგრაფიული, ასევე ინტეგრაციული თუ საგანმანათლებლო პოლიტიკის თვალსაზრისით“.
ამ ცვლილების გავლენა სხვადასხვა ჯგუფზე ცალკე მონაცემებით უნდა შეფასდეს. არსებული მასალა არ გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ პროგრამების ცვლილებამ უკვე კონკრეტულად ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების რაოდენობაზე იმოქმედა.
მაგრამ სწორედ ასეთი რეგიონებისთვის ჩნდება დამატებითი კითხვა: თუ უნივერსიტეტის არჩევანი ვიწროვდება, რამდენად მარტივია სხვა ქალაქში გადასვლა იმ ახალგაზრდისთვის, რომლისთვისაც რეგიონული უნივერსიტეტი გეოგრაფიულად, ფინანსურად ან სოციალური გარემოს თვალსაზრისით უფრო ხელმისაწვდომი იყო?
რეგიონული უნივერსიტეტების პრობლემა მხოლოდ სტუდენტების რაოდენობა არ არის
რეფორმის კიდევ ერთი შესაძლო შედეგი უნივერსიტეტში დასაქმებულ ადამიანებსაც ეხება.
თუ კონკრეტულ პროგრამებზე ახალი მიღება აღარ ცხადდება, მცირდება სტუდენტების რაოდენობა და შესაბამისად, შეიძლება, შემცირდეს ამ პროგრამებზე აკადემიური პერსონალის დატვირთვაც.
რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტი მხოლოდ განათლების მიმწოდებელი არ არის. ის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტია, რომელიც ქალაქში პროფესიულ და აკადემიურ ადამიანებს აჩერებს.
ლელა ჩახაიას შეფასებით, რეგიონული უნივერსიტეტების როლი მხოლოდ სტუდენტების მიღებით არ უნდა გაიზომოს. მნიშვნელოვანია მათი ფუნქცია ადგილობრივ ეკონომიკაში, აკადემიურ ცხოვრებასა და რეგიონული განვითარების პროცესში.
ამიტომ, თუ მულტიპროფილური უნივერსიტეტი რამდენიმე მიმართულებამდე მცირდება, შედეგი მხოლოდ ის არ არის, რომ აბიტურიენტს ნაკლები არჩევანი აქვს. იცვლება თვითონ უნივერსიტეტის ფუნქციაც.
რეფორმის პირველი წლის მთავარი კითხვა
რეფორმის ოფიციალური მიზანი გასაგებია: თბილისი კვლავ ქვეყნის მთავარ საუნივერსიტეტო ცენტრად უნდა დარჩეს, მაგრამ რეგიონული უნივერსიტეტები გაძლიერდეს და სტუდენტების გეოგრაფიული კონცენტრაცია შემცირდეს.
ამისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფილიზაცია და კვოტების გადანაწილება ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.
მაგრამ 2026 წლის პირველი მონაცემები რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას აჩენს.
რეგიონულ უნივერსიტეტებში ახალი მიღება აღარ გამოცხადებულა რამდენიმე ისეთ პროგრამაზე, რომლებზეც ერთი წლით ადრე სტუდენტები ყველაზე მეტად ირიცხებოდნენ. ამავე დროს, ადგილობრივი სტუდენტების წილი ოთხივე რეგიონულ უნივერსიტეტში შემცირდა. თბილისის უნივერსიტეტებში მიღებული სტუდენტების წილი კი დაახლოებით 80 პროცენტზე დარჩა.
ამ მონაცემებით ჯერ ვერ ვიტყვით, რომ რეგიონული პროგრამების შემცირებამ სტუდენტები თბილისში გადაიყვანა.
მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ამ ცვლილებებმა რეგიონებში სტუდენტების შენარჩუნების მიზანს უკვე მიაღწია.
საჭიროა ვიცოდეთ, სად წავიდნენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც ადგილობრივ უნივერსიტეტში სასურველი პროგრამა ვეღარ იპოვეს: სხვა ქალაქში, კერძო უნივერსიტეტში, სხვა პროფესიაზე თუ საერთოდ აღარ გააგრძელეს სწავლა.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი გადაადგილების მიმართულება, არამედ ამ ყველაფრის ფასი.
კესასთვის ზუგდიდში სწავლა ნიშნავდა შესაძლებლობას, განათლება ოჯახთან ახლოს მიეღო და თბილისში ცხოვრების დამატებითი ხარჯი აერიდებინა. ბარბარესთვის კი სასურველი პროფესიის არჩევა და ხარისხიანი განათლება ნიშნავდა ჯერ ყოველდღიურ მგზავრობას, შემდეგ თბილისში გადასვლას, ქირას და სწავლის პარალელურად მუშაობას.
ორივე ისტორია ერთსა და იმავე საკითხზე გვაფიქრებს: უნივერსიტეტის რეგიონში არსებობა საკმარისია იმისთვის, რომ განათლება იქ მცხოვრები ახალგაზრდისთვის რეალურად ხელმისაწვდომი იყოს?
რეგიონული უნივერსიტეტის გაძლიერება მხოლოდ ახალი პროფილის მინიჭებით ან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობით ვერ გაიზომება. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ინარჩუნებს უნივერსიტეტი ახალგაზრდისთვის არჩევანის შესაძლებლობას – შეუძლია თუ არა მას მშობლიურ ქალაქში დარჩენა და იმ პროფესიის შესწავლა, რომლის არჩევაც თავად სურს.
რეფორმის შედეგი სწორედ აქ გამოჩნდება: არა მხოლოდ იმაში, რამდენი სტუდენტი ისწავლის რეგიონულ უნივერსიტეტებში, არამედ იმაშიც, რამდენ ახალგაზრდას აღარ მოუწევს საკუთარი ქალაქიდან წასვლა იმისათვის, რომ სასურველი განათლება მიიღოს.