ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი თანამდებობიდან ოფიციალურად 2 თვეში გადადგება

პუბლიკა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი თანამდებობიდან ოფიციალურად 2 თვეში გადადგება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ნანა ყეინიშვილი სების საბჭოში პარლამენტმა აირჩია. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუ სების საბჭოს წევრს გადადგომა სურს, პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით უნდა მიმართოს გადადგომამდე, მინიმუმ, 2 თვით ადრე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ნანა ყეინიშვილის წერილი დღეს, 28 ოქტომბერს დარეგისტრირდა, შესაბამისად, ის თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება 29 დეკემბრიდან.

ნანა ყეინიშვილმა 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა. სების განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ყეინიშვილი საბჭოს სხდომებს აღარ დაესწრება.

გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკიდან გადაგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.