ლემონჯავა განმარტავს, რატომ არ არის პარტიის აკრძალვის საფუძველი არჩევნების არაღიარება

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „ქართული ოცნების“ სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განიხილავენ, განმარტა, რატომ არ შეიძლება არჩევნების შედეგების არაღიარება, მმართველი ძალის არალეგიტიმურად გამოცხადება, ახალი არჩევნების მოთხოვნა და საპარლამენტო ბოიკოტი კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მიმართულ საქმიანობად შეფასდეს.

მისი განცხადებით, ეს ოთხი განსხვავებული საკითხია და პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა არ შეიძლება გაუთანაბრდეს ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობას. ლემონჯავამ საკუთარ არგუმენტებში საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა.

გიგა ლემონჯავამ თქვა:

„სასამართლომ მკაფიოდ უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან 4 კატეგორია:

  • არჩევნების შედეგებისა და მმართველი ძალის ლეგიტიმურობის პოლიტიკური არაღიარება;
  • საარჩევნო შედეგების სამართლებრივი გასაჩივრება და ახალი არჩევნების მოთხოვნა;
  • საპარლამენტო მანდატებზე უარი და საპარლამენტო ბოიკოტი;
  • კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მოწოდება ან ამისკენ მიმართული ქმედება.

ეს არის ოთხი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული კატეგორია, რომელიც ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ.

1. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი მხოლოდ მეოთხე კატეგორიას ეხება, პირველი სამი არის დაცული პოლიტიკური საქმიანობა. 

დემოკრატიულ საზოგადოებაში ოპოზიციის კრიტიკა განხილულ იქნას დესტრუქციულ ელემენტად და ოპოზიციის ხმა არ არის ხმა ქვეყნის წინააღმდეგ. მმართველი ძალის არალეგიტიმურად შეფასება ამ კრიტიკის უკიდურესი, მაგრამ მაინც კრიტიკის ფორმაა. ის არის აზრი ხელისუფლების წარმოშობაზე და არა ქმედება ამ ხელისუფლების წინააღმდეგ.

ხელისუფლებს კრიტიკის არაკონსტიტუციურად ან ანტიდემოკრატიულად შეფასება არ უდრის ძალადობის მხარდაჭერას. განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ უდრის კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდებას. მთავრობის დემოკრატიული მანდატის სადავოდ ცნობა ნამდვილად არ უდრის სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმებას.

2. პარტიას შეუძლია მოითხოვოს კანონის, სახელმწიფო სამართლებრივი და კონსტიტუციური სტრუქტურების შეცვლაც კი ორ პირობით: პირველი, გამოყენებული საშუალებები კანონიერი და დემოკრატიული უნდა იყოს, მეორე, შემოთავაზებული ცვლილება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებთან თავსებადი. აღნიშნული მსჯელობა არის გამყარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით.

მოპასუხეები, ანუ ჩვენ, კონსტიტუციური წყობილების შეცვლას საერთოდ არ მოვითხოვთ. ახალი არჩევნების მოთხოვნა არის არსებული იმავე წყობილების მექანიზმის ამოქმედების მოთხოვნა. ეს მოთხოვნა იმავე სიტყვებით ჩამოაყალიბა ევროპარლამენტმა 2024 წლის 28 ნოემბრის რეზოლუციაში, რომელიც მიიღო 444 ხმით 72-ის წინააღმდეგ.

რაც შეეხება კანონიერი საშუალებების პირობას, ეს ჩვენს შემთხვევაში არის დოკუმენტურად დადასტურებული და შესრულებული იმიტომ რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო შედეგი ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციაში, შემდეგ საერთო სასამართლოებში გავასაჩივრეთ, ხოლო პრეზიდენტმა და ოპოზიციის 30-მა დეპუტატმა სხვა საფუძვლებთან ერთად ხმის ფარულობის დარღვევის გამო საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, რომელმაც 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სარჩელები არსებითად განსახილველად არ მიიღო.

შეუძლებელია, რომ მოსარჩელემ ერთდროულად დააყენოს ორი საკითხი. ისინი ვერ იტყვიან, რომ ოპოზიციამ სამართლებრივ გზას გვერდი აუარა და იმავე დროს ვერ იტყვიან, რომ ამ სამართლებრივ გზაზე, რომელსაც მიმართა ოპოზიციამ, მას უარი ეთქვა.

ამ ორის ერთობლივად მტკიცება არის შეუძლებელი.

3.  მანდატებზე უარი და ბოიკოტი.

კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეხუთე პუნქტის ა ქვეპუნქტით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე წყდება, თუ იგი პირადი განცხადებით უარს განაცხადებს უფლებამოსილებაზე.

კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების გამოყენება კონსტიტუციური წყობილების დამხობა ვერ იქნება. ის, რომ მანდატზე უარის თქმა იყოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, მაშინ გამოდის, რომ კონსტიტუცია თავად შეიცავს თავისივე დამხობის მექანიზმს, რაც ნონსენსია, აბსურდია, სამართლებრივ და საღ აზრს სცდება. ის, რომ ახლა მე რაც ვთქვი, სინამდვილეში მოსარჩელესაც ზუსტად ასე ესმის. ეს პარლამენტმა საკუთარი ქმედებით დაადასტურა.

2025 წლის 5 თებერვალს პარლამენტმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნის საფუძველზე მოპასუხე პარტიების 49 დეპუტატის განცხადება დააკმაყოფილა და მათ მანდატები შეუწყვიტა, ხოლო 2025 წლის 2 ივლისს განცხადების გარეშე საერთოდ გახარია საქართველოსთვის პარტიის 12 დეპუტატის მანდატის მიაყოლა ისიც შეწყვიტა.

თუ მანდატზე უარი ანტიკონსტიტუციური მიზნის გამოვლინებაა, როგორც მოსარჩელე ამბობს, მაშინ პარლამენტმა ამ მიზნის რეალიზაცია კონსტიტუციის 39-ე მუხლით რატომ გააფორმა? ხელი შეუწყო მოპასუხეს ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში? სინამდვილეში ამაში ანტიკონსტიტუციური არის არაფერი და ეს ჩანაწერი სარჩელში არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობა და მეტი არაფერი.

სხვათა შორის, ვენეციის კომისია საპარლამენტო ბოიკოტზე ამბობს, რომ ორგანიზებული და ხანგრძლივი ბოიკოტი არ შეიძლება, მთლიანად გამოირიცხოს როგორც პოლიტიკური ქცევის ლეგიტიმური ფორმა და დასაშვებია იშვიათ და უკიდურეს ვითარებებში, როდესაც პარლამენტის ლეგიტიმურობა უმრავლესობის ქმედების გამოა ეჭვქვეშ, რაც ზუსტად ის არის, რაც ჩვენ შემთხვევაში ხდება. ვენეციის კომისია წერს, რომ უმრავლესობამ არ უნდა გამოიყენოს ბოროტად თავისი უფლებამოსილება, რათა უმცირესობისთვის უმრავლესობად გახდომა შეუძლებელი ან ძალზედ რთული გახადოს.

ბოიკოტის გამო პარტიის აკრძალვის მცდელობა არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ქართული ოცნება“ ზუსტად ამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში აკრძალული გზით მოქმედებს და ის ცდილობს, რომ უმცირესობისთვის უმრავლესობად გახდომა შეუძლებელი ან ძალზედ რთული გახადოს.

4. ძალადობრივი დამხობა – ამ საფუძვლის ფარგლებში მხოლოდ ეს მეოთხე კატეგორია შედის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში და მასზე სტანდარტი ნათელია.

კონვენციით დაცული ვერ იქნება პარტია, რომლის ლიდერები ძალადობისკენ მოუწოდებენ ან დემოკრატიის განადურებისკენ მიმართულ პოლიტიკას ატარებენ.

ძალადობის ან მისკენ მოწოდების ნებისმიერი მტკიცება უნდა იყოს ცალკე ფაქტი, რომელიც უნდა დასტურდებოდეს პირველწყაროებით და კონკრეტული პარტიის საწესდებო, ანუ სტატუტურ ორგანოებზე მიკუთვნებულობით და უნდა დამტკიცდეს არა არაღიარებიდან გამომდინარე, არამედ პირველწყაროებზე დაყრდნობით.

ამდენად, სარჩელის მთავარი პრობლემა და ხარვეზი არის ის, მასში რომ პირველი, მეორე და მესამე კატეგორიები მეოთხე კატეგორიაში სიტყვა ლეგიტიმურობის გამოყენებით გადაჰყავს, ერთგვარი ხიდია.

სასარჩელო კონსტრუქცია დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • თითქოს არაღიარება არის ლეგიტიმურობის უარყოფა; 
  • ლეგიტიმურობის უარყოფა არის კონსტიტუციური წყობილების უარყოფა;
  • კონსტიტუციური წყობილების უარყოფა მისი [კონსტიტუციური წყობილების] დამხობის მიზანია.

აი ამ ჯაჭვის, აი ამ აზრობრივი კონსტრუქციის თითოეული რგოლი სინამდვილეში არის სიტყვების თამაში და არც ერთი მათგანი არ არის სამართლებრივი დასკვნა.

ევროპული სასამართლო სწორედ ამ გაიგივებას გამორიცხავს თავისი პრაქტიკით, როდესაც ხელისუფლების კრიტიკას და ძალადობრივი დამხობის მიზნებს ძალიან მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისგან.

რატომ არ ეხება არაღიარება კონსტიტუციურ წყობილებას – მარტივია – იმიტომ რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება და სახელმწიფო უნდა იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული. დემოკრატიაში, ტოტალიტარული, ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმებისგან განსხვავებით, მართავს არა პარტია, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტებს დემოკრატიული ლეგიტიმაცია ნამდვილად სჭირდებათ.

კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი და ხალხი ძალაუფლებას თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ახორციელებს.

ხელისუფლება დროებითი პოლიტიკური მმართველობაა, დროებითი, რომლის მანდატი დემოკრატიული პროცესიდან გამომდინარეობს და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ შეფასებას ნამდვილად ექვემდებარება.

კონკრეტული მთავრობის მანდატის, არჩევნების შედეგების ან პოლიტიკის ლეგიტიმურობის სადავოდ ქცევა სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის ან კონსტიტუციური წყობილების უარყოფა ნამდვილად არ არის.

პირიქით, ხელისუფლების კრიტიკა, მისი შეცვლის მოთხოვნა, ასევე ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა არის დემოკრატიული პროცესის არსებითი და ინტეგრალური ნაწილი, არ არსებობს დემოკრატიული წყობილება ამის გარეშე.

ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობა თავად დემოკრატიული წესრიგის ფუნდამენტური პრინციპი და ნიშანია.

კონსტიტუციური წესრიგი, რაზეც მოსარჩელე უთითებს, მმართველი ძალის ინტერესებთან ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიგივდება. სახელმწიფო ინსტიტუტები საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიული ორგანიზებისთვის არსებობს და არა იმისთვის რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნა შეუქცევადად უზრუნველყოს და შეუქცევად მდგომარეობად აქციოს.

ვენეციის კომისია ამას უწოდებს პოლიტიკური ცვლილების არხების ღიად დატოვების მოთხოვნას – ასეთ ტერმინს იყენებს – პოლიტიკური ცვლილების არხების ღიად დატოვება – და იმპერატიულ მოთხოვნად აყალიბებს, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ხელისუფლების მონაცვლეობის შესაძლებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით.

სინამდვილეში არჩევნების შედეგების სამართლებრივი ძალა არც ერთი პოლიტიკური პარტიის აღიარებაზე, პოლიტიკურ პოზიციაზე არ არის დამოკიდებული.

შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმით და პარლამენტის მიერ წევრთა უფლებამოსილების ცნობით დგინდება.

კონსტიტუცია და კანონმდებლობა არავის აკისრებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს – ასეთი ვალდებულება ბუნებაში არ არსებობს. და ამიტომ არაღიარება არც სამართლებრივ ვალდებულებას არღვევს და არც სამართლებრივ შედეგს იწვევს.

რაც სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ქმედება ვერ იქნება.

დამხობის მიზნით მტკიცებულებად ასეთი განცხადება მხოლოდ შინაარსით შეიძლება შეფასდეს და მის შინაარსში ძალადობის ან კონსტიტუციის გვერდის ავლის არც ერთი ელემენტი არ არის. და ამას სხვათა შორის თავად „ქართული ოცნება“ მოსარჩელე მხარე ადასტურებს – ამას „ქართული ოცნება“ იმითაც ადასტურებს, რომ ამ დარბაზში არიან.

იმიტომ, რომ პარლამენტი ორი წელია, ფუნქციონირებს, ფაქტი სახეზეა. კანონებს იღებს – ჩემი აზრით საშინელ კანონებს, მაგრამ მაინც იღებს კანონებს – ფაქტია. თანამდებობის პირებს ირჩევს – ნუ ჩემი აზრით ცუდ თანამდებობის პირებს, მაგრამ მაინც ირჩევს და თავად ეს სარჩელი ამ პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის შეტანილი. და თუ არაღიარება კონსტიტუციური წყობილების დამხობა იყო, მოსარჩელე ამ წყობილების სრულად მოქმედი ინსტიტუტის სახელით როგორ არის წარმოდგენილი?

ანუ, თუ მოსარჩელე ამბობს, რომ მათი არაღიარება – ჩვენი პოლიტიკური პოზიცია – არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, მაშინ ამ წყობილების სრულად მოქმედი ინსტიტუტის სახელით ვერ გამოვიდოდა ამ პროცესზე დღეს.

კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის ტექსტი ქმედებებს აღწერს – დამხობა და ძალადობით შეცვლა. ორივე სიტყვა აღნიშნავს მოქმედებას. მეორე, ანუ ძალადობით შეცვლა ძალადობის ნიშნითაც შემოიფარგლება, ანუ თავის თავში ძალადობის ნიშანსაც მოიაზრებს.

არაღიარება მოქმედება არ არის, არაღიარება არის შეფასება. ახალი არჩევნების მოთხოვნა ნამდვილად მოქმედებაა, მაგრამ კონსტიტუციით გათვალისწინებული მექანიზმის ამოქმედების მოთხოვნაა და არა მისი შეცვლისა.

„ქართული ოცნების“ წაკითხვით, როგორც მოსარჩელე მხარე კითხულობს, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ყოველ იმ პარტიას დაემუქრებოდა, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არჩევნების შედეგებს გახდის სადავოდ. ანუ ამ ლოგიკით, იმ სტანდარტით, რითიც მოსარჩელე მხარე უდგება ამ პროცესს, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც საარჩევნო შედეგს არ გაიზიარებს და სადავოდ გახდის, უნდა აიკრძალოს, რაც აბსურდამდე მიდის.

ასეთი განმარტება შეუთავსებელია როგორც ნორმის ამომწურავ და ვიწრო ხასიათთან, ისე საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ პარტიათა თანასწორობის პრინციპთან. იგი ასევე ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის მიერ განმტკიცებულ პრინციპს, რომლის თანახმადაც უმრავლესობამ არ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომლებიც უმცირესობისთვის უმრავლესობად ქცევას შეუძლებელს ან უკიდურესად რთულს გახდის.

ზუსტად იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ევროპული კურსის საკითხზეც. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური ორგანოები ვალდებულნი არიან, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ოპოზიციის შეფასება, რომ მმართველმა ძალამ აღნიშნული კურსიდან გადაუხვია, ისევე როგორც მისი მოწოდებები ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი სახელმწიფოებისადმი, თავისი არსით წარმოადგენს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულების მოთხოვნას და არა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას, როგორც ამას მოსარჩელე წარმოაჩენს.

ოპოზიციის პოზიციით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის საარჩევნო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნა დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის პოლიტიკური საშუალებაა. სამართლებრივი თვალსაზრისით, აღნიშნული წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ პოლიტიკურ განცხადებას, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტებისა და პრაქტიკის საფუძველზე. ამასთან, სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი ადრესატების კომპეტენციას განეკუთვნება.

აქვე აღსანიშნავია, რომ კონკრეტული პირების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა ასახულია ევროპარლამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის რეზოლუციაშიც. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი ევროპარლამენტის მიერ გამოხატულ პოზიციას იზიარებს, დაუშვებელია.

ცალკე ყურადღებას იმსახურებს ე.წ. „არგამიჯვნის“ თეორიის გამოყენების საკითხი, რომლის საფუძველზეც სარჩელი ერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებებსა და ქმედებებზე პასუხისმგებლობას სხვა პარტიებსაც აკისრებს. ევროპული სტანდარტების თანახმად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, თუ იგი მხოლოდ მისი ცალკეული წევრების ინდივიდუალურ ქმედებებს ეფუძნება და არ არსებობს პარტიისთვის ამ ქმედებების მიკუთვნების სათანადო საფუძველი, შეუთავსებელია გაერთიანების თავისუფლებასთან. ამდენად, დაუშვებელია ერთი პარტიის განცხადებებისა თუ ცალკეული პირების ქმედებების სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის ავტომატურად მიწერა და ამგვარი საფუძვლით მათი აკრძალვის მოთხოვნა“.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელს უკვე მე-5 დღეა, განიხილავენ. პროცესი ახსნა-განმარტების ეტაპზეა, რის შემდეგაც იქნება კითხვა-პასუხის ეტაპი.

სარჩელით პარლამენტის 88 წევრი მოითხოვს: ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას; ამ პარტიების აკრძალვას; მათი რეგისტრაციის გაუქმებას. მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

სარჩელი მიემართება შემდეგ ოპოზიციურ კოალიციებსა და პარტიებს:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო-ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, „ფედერალისტები“.