ალან ბერსე: პარტიების აკრძალვას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს

პუბლიკა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, შემზღუდავი კანონმდებლობა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ოპოზიციაზე ზეწოლა შემაშფოთებელია და პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ბერსემ 27 ოქტომბერს, სტრასბურგში განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ შემზღუდავ კანონმდებლობას, სამოქალაქო სივრცის შევიწროებასა და ოპოზიციაზე ზეწოლას. ყველა ეს ფაქტორი ძირს უთხრის პოლიტიკურ პლურალიზმს და ასევე ქვეყნის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, მიერ აღებულ ვალდებულებებს“, – განაცხადა ბერსემ.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზეც, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება. მისი თქმით, გასულ კვირას ამ პროცესთან დაკავშირებით საჯაროდ გამოხატა შეშფოთება, თუმცა საქმის შედეგის წინასწარ შეფასებისგან თავი შეიკავა.

„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი საქმიანობა კანონის უზენაესობის პრინციპს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებათა კონვენციასა და სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, პრეცედენტულ სამართალს.

ვფიქრობ, ეს საკითხები საბოლოოდ შეიძლება ჩვენს სასამართლოებამდე მივიდეს“, – თქვა ალან ბერსემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკუთარ პოზიციას ისე გამოხატავს, რომ სასამართლოს პოზიცია არ შეარყიოს და საქმის შედეგი წინასწარ არ განსაჯოს. ამასთან, მან მმართველ უმრავლესობას პლურალიზმის დაცვისკენ მოუწოდა.

„როგორც ყველამ ვიცით, პოლიტიკური პარტიის დაშლას სჭირდება დამაჯერებელი დასაბუთება, ასევე აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების მკაცრი დაცვა.

პარტიების აკრძალვას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ადგილობრივ დემოკრატიაში მონაწილეობის თვალსაზრისით“, – თქვა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.

ბერსემ ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლებასთან ევროპის საბჭოს თანამშრომლობაზე. მისი განცხადებით, ის მუდმივად ცდილობს მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებას საქართველოში მომუშავე ორგანიზაციის თანამშრომლებთან, რომლებიც ქვეყანაში სამოქმედო გეგმის განხორციელებაში არიან ჩართულნი, ასევე საქართველოს ხელისუფლებასთან.

„საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საკითხი ბოლოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სექტემბერში, ნიუ-იორკში განვიხილე და ხაზი გავუსვი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას.

როგორც ყველამ ვიცით, ევროპის საბჭო კვლავ აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში – მათ შორის, თქვენი, კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობის მეშვეობით.

ასევე მინდა აღვნიშნო ვენეციის კომისია, რომელმაც სულ ახლახან გასცა რეკომენდაციები შემზღუდავ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ევროპის საბჭო კვლავ აგრძელებს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მხარდაჭერასაც.

ვფიქრობ, დიალოგმა ხელშესახებ პროგრესამდე უნდა მიგვიყვანოს“, – თქვა ალან ბერსემ.

მისივე განცხადებით, ევროპის საბჭო საქართველოსთან მუშაობას სხვადასხვა ფორმატით აგრძელებს, მათ შორის ორგანიზაციის კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის მეშვეობით. მან ასევე აღნიშნა ვენეციის კომისიის როლი, რომელმაც, მისი თქმით, სულ ახლახან გასცა რეკომენდაციები შემზღუდავ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ევროპის საბჭო ასევე აგრძელებს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მხარდაჭერას.

„ვფიქრობ, დიალოგმა ხელშესახებ პროგრესამდე უნდა მიგვიყვანოს“, – განაცხადა ბერსემ.

მისი შეფასებით, ამჟამად ვითარება ძალიან რთულია, თუმცა, ევროპის საბჭოს წევრობა მხოლოდ ქვეყნების ერთგვარი კლუბის წევრობას არ ნიშნავს და გაცილებით მაღალი დონის ვალდებულებებს გულისხმობს.

„ეს გულისხმობს მაღალი დონის ვალდებულებების აღებას, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეფუძნება, ასევე სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფაში მონაწილეობას. ეს საკვანძო საკითხია, თუმცა პროცესს დრო სჭირდება. მანამდე კი ქვეყანასთან დიალოგის საფუძველზე მუშაობა შეგვიძლია“, – თქვა მან.

ბერსემ ყურადღება გაამახვილა სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, საქართველო ევროპის საბჭოს 46 წევრ სახელმწიფოს შორის ერთ-ერთია, რაც მხარეებს დიალოგის გზით თანამშრომლობისა და პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.

„ეს შესაძლებლობას გვაძლევს, სწორედ დიალოგის გზით ვიმოქმედოთ, როგორც ამას ჩვენი მანდატი ითვალისწინებს, და ვეცადოთ, მივაღწიოთ პროგრესს და ხელი შევუწყოთ ვითარების სწორი მიმართულებით განვითარებას“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს სახელწოდებით: „ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ“.

88 დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს: ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას; ამ პარტიების აკრძალვას; მათი რეგისტრაციის გაუქმებას.

მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

სარჩელი მიემართება შემდეგ ოპოზიციურ კოალიციებსა და პარტიებს:„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,  „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო-ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, „ფედერალისტები“.

სარჩელის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი თეა წულუკიანის კომისიის დასკვნაა, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად წერია, რომ „2008-ში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალზე განახორციელეს შეტევა და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს”.

მაშინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მოიწონა წულუკიანის დასკვნა.

მიიჩნევა, რომ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის გაუქმებას და საარჩევნო პროცესიდან ჩამოშორებას ემსახურება, არამედ – რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას, რომ საქართველო მოქმედებდა როგორც აგრესორი და ოკუპანტი, არამედ – როგორც მშვიდობისმყოფელი.