კალაძის მტკიცებით, მარჯანიშვილზე გარემოვაჭრეებს ალტერნატიული სივრცე უპოვეს

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარჯანიშვილის მეტროსთან მოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიული სივრცე შეურჩიეს.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გარევაჭრობა აკრძალულია და მოვაჭრეებს არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება, თუმცა ამ გაფრთხილებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო.

კალაძის თქმით, ხელისუფლებისთვის „ამ ადამიანების ბედი არ არის სულერთი“ და მათი მიზანი მოვაჭრეების შემოსავლის გარეშე დარჩენა არაა.

„ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ასევე მესმის იმ ადამიანების, ვინც მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ დაკავებულები იყვნენ თავიანთი საქმიანობით. და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების შემოსავლის გარეშე დარჩენა არაა ჩვენი მიზანი, პირიქით, გვინდა, ყველანაირად დავეხმაროთ, გვერდით დავუდგეთ და ასევე ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცე და ადგილი იყოს ყველანაირად მოწესრიგებული…

აღმკვეთი ღონისძიების პარალელურად დაწყებული გვქონდა სავაჭრო სივრცეების მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ ამ ადამიანებს გაეგრძელებინათ სამუშაო. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ უბრალოდ ისე ვტოვებთ ამ ადამიანებს, უბრალოდ მოვასუფთავეთ არსებული ტერიტორია და ამ ადამიანების ბედი არ გვაღელვებს, როგორ გააგრძელებენ ისინი თავიანთ საქმიანობას – ეს ასე არ არის.

არის კონკრეტული სივრცეები, რომლებიც მოძიებულია, მაგალითად „ქალაქის გული“ და „თერგი“, სადაც მარჯანიშვილის მეტროსთან მოვაჭრეებს შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება“, – განაცხადა კალაძემ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელს მოვაჭრეებთან შეხვედრა სთხოვა. აქვე კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

27 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეების დახლები აიღო.

ერთ-ერთი გარემოვაჭრის თქმით, მუნიციპალური ინსპექცია აქამდეც იყო მისული, მაგრამ დახლების აღება გადაიდო, და ბოლო 2 დღის განმავლობაში მათ ამ თემაზე აღარავინ დაჰკავშირებია.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათთვის ალტერნატიული ადგილი არ გამოუყვიათ. მათი თქმით, შემოსავლის სხვა წყარო არ აქვთ.