„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, 24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია, რაც კანონის დარღვევაა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კანონი მკაფიოა: თუ თანამდებობის პირი დანიშვნიდან 10 დღეში კერძო კომპანიის დირექტორობას არ დათმობს, ის საჯარო სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს. ორგანიზაციის ცნობით, დღეს ამ მოთხოვნას 24 მოქმედი მაღალჩინოსანი ღიად არღვევს და პარალელურად 30 კომპანიას მართავს.
აქვე ვკითხულობთ, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი საჯარო მოხელეს სამეწარმეო საქმიანობასა და კომპანიის ხელმძღვანელობას მკაცრად უკრძალავს, რადგან საჯარო და კერძო ინტერესების აღრევა პირდაპირ აჩენს ელიტური კორუფციის რისკს. თანამდებობის პირს მხოლოდ წილის ან აქციების ფლობის უფლება აქვს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოავლინა მოქმედი მაღალჩინოსნები, რომლებიც კანონის დარღვევით დღემდე ბიზნესის დირექტორებად რჩებიან:
გიორგი ნაჭყებია, მარტვილის მერი, ხელმძღვანელობს შპს „ბუდულს“.
ნინო ვაშაკიძე, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, ერთდროულად ორი კომპანიის („ბიდარა 2024“ და „ილ გუდაური“) დირექტორია.
შოთა ანდრიაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მართავს შპს „აიპისის“.
თამთა ყველაიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, პარალელურად ღვინის საკონსულტაციო კომპანია „ვაინ ივენთს ენდ ქონსალთინგს“ ხელმძღვანელობს.
მიხეილ ტარახჩევი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე, სამი კერძო კომპანიის დირექტორია.
არჩილ ჯაყელი, აფხაზეთის ა/რ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ორ კომპანიას მართავს, მათ შორის „სამშენებლო კომპანია ივერონს“.
„კანონდამრღვევთა სიაში ასევე არიან აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე თემურ გასვიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი გურამ საღარაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ისნის გამგებლის მოადგილე მერაბ ბექაია, ბოლნისის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების კიდევ 13 მაღალჩინოსანი, მათ შორის „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ფრაქციების ხელმძღვანელები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2026 წლის 2 მარტამდე თანამდებობის პირთა, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქცია იყო. მისი გაუქმების შემდგომ კი ეს ფუნქციები სრულად გადაეცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. შესაბამისად, თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობის შემოწმება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონიტორინგის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.