საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ თქვა, რომ მოსამართლეთა კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე 88 დეპუტატის სარჩელს განიხილავენ, დღეს, 29 ოქტომბერს ახსნა-განმარტებას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წარმოადგენს.
გვარამიამ ახსენა „ქართული ქარტია“, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყოო 2024 წელს და რომელიც სარჩელში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად არის მოყვანილი – სარჩელის ავტორები ირწმუნებიან, რომ ოპოზიცია თანამშრომლობდა, რაც მათი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ნიკა გვარამიამ ახსენა მოსამართლეთა ვეტინგი, ანუ კეთილსინდისიერების შემოწმება, რომელიც ქარტიითაც იყო მოთხოვნილი – გვარამიას თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამასაც ასახელებს.
გვარამია განმარტავდა, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და წარმომავლობის შემოწმების შეთავაზება სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუქმებას არ ნიშნავს.
მისი განმარტებით, ქარტია სასამართლო რეფორმას პოლიტიკური თანამშრომლობის ფარგლებში ითვალისწინებდა და ეს საკითხი სარჩელში დამოუკიდებელ ბრალდებად არ ყოფილა ჩამოყალიბებული. ქარტიის ხელმომწერები ამომრჩეველს ცვლილებების პროგრამას სთავაზობდნენ, რომლის განხორციელებაც კონსტიტუციურ და საკანონმდებლო პროცედურებს მოითხოვდა.
გვარამიამ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიას ალბანეთისა და მოლდოვის შემთხვევებში მოსამართლეთა შემოწმების მსგავსი მექანიზმები შესაბამისი გარანტიებით აქვს განხილული. მან ასევე მიუთითა ევროკავშირის რეკომენდაციით შექმნილ ვეტინგის პროცედურებზე.
მისი თქმით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, ქარტიის რომელი კონკრეტული დებულება ითვალისწინებს სასამართლოს პოლიტიკურ დაკნინებას. ამასთან, მაშინაც კი, თუ სასამართლო შემოთავაზებულ მოდელს კონსტიტუციასთან შეუთავსებლად მიიჩნევს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს პარტიის აკრძალვის საფუძვლის არსებობას, რადგან პარტიას შეუძლია კანონიერ და დემოკრატიულ საშუალებებზე დაყრდნობით კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ცვლილებისკენ მოუწოდოს საზოგადოებას.
გვარამიამ ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის დაპირებაც გაიხსენა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც პარტიების აკრძალვას შეეხებოდა.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ გვარამიას შეაწყვეტინა და განუმარტა, რომ თუ მხარის პოზიცია იყო, თითქოს მოსამართლეთა ვეტინგის მოთხოვნა კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდა, საჭირო იყო ამის დასაბუთება. ნადარაიამ ასევე აღნიშნა, რომ საკითხის განხილვისას კონკრეტული მოსამართლეების შესახებ საუბარი დაიწყო.
გვარამიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ კონკრეტული მოსამართლეების სახელებს არ ასახელებდა და არც აპირებდა მათ დასახელებას. მისი თქმით, საუბარი ეხებოდა ვეტინგის მიზანს – დადგინდეს, არიან თუ არა სისტემაში ისეთი მოსამართლეები, რომელთა თანამდებობიდან გათავისუფლებაც შესაბამისი შემოწმების საფუძველზე იქნება საჭირო.
„ვეტინგის ამოცანა ის არის, რომ დაადგენს, თუ არიან ასეთი მოსამართლეები და თუ არიან, გაუშვას“, — თქვა გვარამიამ.
რევაზ ნადარაიამ გვარამიას მოუწოდა, სასამართლო სისტემას პატივი სცეს და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემა მოიცავს როგორც საკონსტიტუციო, ისე საერთო სასამართლოებს.
მოსამართლემ ასევე უთხრა გვარამიას, რომ მისი პოზიცია ვეტინგის მოთხოვნასთან დაკავშირებით გასაგებია, თუმცა სასამართლო სისტემის მოწყობაზე მისი მოსაზრებების განხილვა საქმის ფარგლებს სცდება.
„ნუ სცდებით იმას, რასაც ამბობთ. მე მოსამართლეთა კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს, საკითხს აყენებთ პროვოკაციულად და ნუ გასცდებით [თემას].
პირველ რიგში, სასამართლო სისტემას ეცით პატივი. სასამართლო სისტემა მოიცავს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე საერთო სასამართლოებს, ეცით ორივეს პატივი. გასაგებია თქვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვეტინგია თუ რაც არის, სასამართლო რეფორმის ის ფორმა, რაც ქარტიამ მოითხოვა, არ არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. თქვენ რა შეხედულებები გაქვთ სასამართლოს მოწყობაზე – ეს სხვაგან ილაპარაკეთ“, – თქვა რევაზ ნადარაიამ.
გვარამიამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ მოსამართლეთა შემოწმების მექანიზმი კონკრეტული გვარების მიზანში ამოღებას არ გულისხმობს. მისი თქმით, აღნიშნული პროცედურა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზეც არის შესაძლებელი, თუმცა მის განხორციელებას, სავარაუდოდ, კონსტიტუციური ცვლილებები დასჭირდება.
„კონსტიტუციური პროცედურების გარეშე, ან საპარლამენტო საკანონმდებლო პროცედურების გარეშე ამის გაკეთებას ვერც და არც აპირებს არავინ“, – განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება კანონითა და კონსტიტუციური პროცედურებით განსახორციელებელი სასამართლო რეფორმის შეთავაზება კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმად შეფასდეს.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავა ეხება მმართველი პარტიის მოთხოვნას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ.